აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ დამოუკიდებლობის დეკლარაციის იშვიათი ასლი წარმოადგინა.
ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი დეკლარაციის ასლი მისივე ავტორის, თომას ჯეფერსონის ხელნაწერია. დეკლარაციის ტექსტის შედგენა, 1776 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სამი დღით ადრე დასრულდა. თუმცა, მის რატიფიცირებამდე ტექსტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.
ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 4 ივლისს, ფილადელფიაში შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ჯეფერსონმა ორიგინალი ტექსტი რამდენიმე ასლად გადაწერა და თავის ხუთ ან ექვს მეგობარს გაუგზავნა. ბიბლიოთეკაში გამოფენილი დოკუმენტი, დღემდე შემორჩენილ ოთხ ხელნაწერს შორის ერთ-ერთია.
დოკუმენტი ბიბლიოთეკაში 1896 წლის შემდეგაა დაცული. ის აქამდე ხელნაწერებისა და არქივის განყოფილებაში ინახებოდა, 2020 წლის ნოემბრიდან კი მუდმივ ექსპოზიციაში იქნება წარმოდგენილი.
დამოუკიდებლობის დეკლრაციის ჯეფერსონის ხელნაწერს, ბიბლიოთეკა მუდმივ ექსპოზიციაში სხვა მნიშვნელოვან 100-მდე დოკუმენტთან ერთად წარმოადგენს. მათ შორის იქნება ჯორჯ ვაშინგტონის ხელნაწერები და ქრისტეფორე კოლუმბის მიერ მეფე ფერდინანდის გაგზავნილი წერილი, რომლითაც მეზღვაური მეფეს, ამერიკის აღმოჩენას უდასტურებს.
Facebook Forum