საქართველო ერთი წლით "ღია მმართველობის პარტნიორობის" ერთობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რომელიც უკვე 75 ქვეყანას აერთიანებს. გაეროს შტაბ-ბინაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით თავჯდმარეობის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო. გასულ წელს სწორედ საფრანგეთი თავმჯდომარეობდა ამ ორგანიზაციას. ღონისძიების დასაწყისში ცნობილი გახდა მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ, ამის გამო ცერემონიალი მიწისძვირის შედეგად დაღუპულთა საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებიც იმყოფებიან. რა შეფასებები გაკეთდა დონალდ ტრამპის პირველი გამოსვლის შემდეგ გაეროს ტრიბუნიდან და როგორი იქნება საქართველოს მნიშვნელობა გლობალურ სივრცეში ახალი გამოწვევების დროს, თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
გაეროს რეფორმირება იწყება. საქართველო იმ 130 ქვეყანას შორისაა, რომელიც გაეროს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის გეგმას იზიარებს, რომელიც გლობალურ საფრთხეებთან ეფექტური გამკლავების მიზნით 1945 წელს დაარსებული ორგანიზაციის მოდერნიზებას ითვალისწინებს. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს წელს, გაეროს ეგიდით 2011 წელს დაფუძნებული 75 ქვეყნის ერთობის "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა საფრანგეთმა გადამოაბარა. საქართველო ისტორიაში პირველად გახდა 75 წევრისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე. ორგანიზაციის მისიებს შორის სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიური თანამშრომლობა და საჯარო დაწესებულებების საჯაროობაა. ოფიციალურ ცერემონიალზე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წევრებს ერთწლიანი სამოქმედო ხედვა გააცნო:
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს, როდესაც ინოვაციები და ტექნოლოგიები იქცა გლობალურ ეკონომიკაში წარმატებისკენ მიმავალ გზად, თავად ღია მმართველობის განსაზღვრებაც გაფართოვდა. ჩვენი მიზანია, მივუძღვნათ ჩვენი თავმჯდომარეობა ღია მმართველობის საფუძვლების განმტკიცებას, ანუ მივცეთ ხალხს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ყოველდღურ ცხოვრებას ეხება.
თეა წულუკიანი: რათქმაუნდა ეს პატივი საქართველოსთვის არ იყო შემთხვევითი. ჩვენ ამისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ და ასევე დაფასდა ის მიღწევები, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს აქვს. ეს არის კორუფციასთან ბრძოლა და სხვადასხვა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა, როდესაც სამთავრობო რეფორმები ხორციელდება და ხალხი მონაწილეობს ამ პროცესში, არის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, სადაც საქართველო არ არის მარტო.
საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში წელს ყველაზე მცირერიცხოვანია. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და გამოწვევებზე შეხვედრებს პრემიერ-მინისტრი, საგარეო და იუსტიციის მინისტრები მართავენ. მთავარი დღე 21 სექტემბერია , როცა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე მთავარი მოხსენებით გიორგი კვირიკაშვილი გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსენების შესახებ საუბრობს.
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას აღქმული შედეგები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ასევე ის გამოწვევები რომლის წინაშეც ვდაგავართ. ეს არის გამოწვევები ოკუპაციის შედგეგად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების პრობლემები, იძულებით გადაადგილებული პირები. ასევე რათქმაუნდა ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც რეგიონშია. ეკონომიკურ განვითარებაზე, რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, რათა უფრო ინტეგრირებული იყოს რეგიონთან და მსოფლიოსთან და ასევე შესაბამისად უფრო ხელი შეუწყოს იმ განვითარებას, რომელიც საჭიროა რეგიონში სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს ფედერიკა მოგერინის ესაუბრა, რომელიც მანამდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე მოგერინმა განაცხადა, საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და მაიკ პენსის შეხვედრის დროს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლის დროს საერთაშორისო გამოწვებებზე და გლობალურ პრობლემებზე - ბირთვულ საფრთხეზე, ქიმიურ იარაღზე, ტერორიზმთან ბრძოლის ერთიანობაზე, დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვაზე, უსაფრთხო გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობდა. რა როლს თამაშობს საქართველო გლობალურ რუქაზე და რა ტიპის წინააღმდეგობას გაუწევს ის თანამედროვე საფრთხეებს.
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ყველა მიმართულებით განიხილებოდეს. აქტიურად იდგეს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. ყოველწლიურად ჩვენ გაგვქავს რეზოლუცია, რომელიც დევნილთა დაბრუნების უპირობო უფლებას იძლევა და ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ რეზოლუციით არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერითაც შევძლებთ ამ მწვავე პრობლემის გადაჭრას.
თეა წულუკიანი: ჩვენ ვმონაწილეობთ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, ამაში არაერთი ქართველი ჯარისკაცის სოცოცხლეც არის ჩადებული. რათქმაუნდა, ჩვენი წვლილი მსოფლიოს მიერ არის დანახული და სათანადოდ დაფასებული. საქართველო იმ მისიებში მონაწილოებას გააგრძელებს, სადაც არის ახლა ჩართული და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არ არსებობს უსაფრთხო საქართველო უსაფრთხო რეგიონის და უსაფრთხო მსოფლიოს გარეშე.
Facebook Forum