საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საიტი stopcov.ge აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება. საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინში 1 334 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 126, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.
გუშინ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალა ყვითელი სამარშუტო ტაქსები. ამ თემაზე შეკითხვა ჟურნალისტებმა პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, დაუსვეს. იმნაძემ თქვა, რომ მისი რეკომენდაციაა მოსახლეობა დარჩეს სახლში და მაქსიმალურად თავი აარიდოს გარეთ გამოსვლას.
მან ასევე ისაუბრა ბავშვებზე, როგორც დაბალი რისკის ჯგუფზე. ბავშვებს მარტივად გადააქვთ კორონავირუსი, თუმცა, ისინი ვირუსის გადამტანებად რჩებიან და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ოჯახის ხანდაზმულ წევრებს, თქვა დღეს პაატა იმნაძემ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ გამოცხადებულა.
Facebook Forum