ჩინეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი მზადაა მოლაპარაკება დაიწყოს სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან. პეკინში საიდუმლო ვიზიტის დროს, ჩინეთის განცხადებით, კიმმა მზაობა გამოთქვა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზეც.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის “სინხუას” ინფორმაციით, კიმი და მისი მეუღლე რი სოლ ჟუ პეკინს კვირიდან ოთხშაბათამდე სტუმრობდნენ. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტო მასალაში ჩანს, რომ კიმ ჩენ უნი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინ პინს ვახშამზე შეხვდა.
როგორც პეკინი იუწყება, შეხვედრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ახლო ურთერთობის გაგრძელების სურვილი დაუდასტურა. პეკინსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ჩრდილეოთ კორეის მიერ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების მრავალჯერადი ტესტირების ფონზე დაიძაბა.
ჩინეთმა არაერთგზის დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოეთ კორეაზე სანქციების გამკაცრებას, რომელთა მიზანიც ფხენიანზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდაა იმისთვის, რომ კიმ ჩენ უნმა ბირთვული პროგრამა შეწყვიტოს.
Facebook Forum