ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები რაკეტების მწარმოებელ რუსულ კომპანიაზე თვეების განმავლობაში ფარულად ჯაშუშობდნენ


ჩრდილოეთ კორეის ჰაკერების ჯგუფს რუსული რაკეტების მწარმოებელი მთავარი კომპანიის კომპიუტერული ქსელები, გასულ წელს მინიმუმ ხუთი თვის განმავლობაში, ფარულად ჰქონდა გატეხილი. ტექნიკური მტკიცებულებების განხილვისა და უსაფრთხოების მკვლევრების ანალიზის შემდეგ, ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერმა“, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კიბერჯაშუშობის ჯგუფები აღმოაჩინა, რომელსაც უსაფრთხოების მკვლევრები ScarCruft-ს და Lazarus-ს უწოდებენ. სააგენტოს ცნობით, ჯგუფებმა რუსულ რაკეტებზე მომუშავე დიზაინის ბიუროს სისტემაში, NPO Mashinostroyeniya-ში, რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქს რეუტოვში მდებარეობს, ციფრული „უკანა კარი“ გახსნეს.

„როიტერი“ ვერ ადასტურებს, შეძლეს თუ არა ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა რაიმე ინფორმაციის მიღება, ან რა ტიპის ინფორმაციის მოპოვება იყო შესაძლებელი. რუსულ საწარმოში ციფრული შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ფხენიანმა აკრძალული ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში, რამდენიმე სიახლის შესახებ განაცხადა. უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ჰაკერულ საქმიანობას.

ექსპერტები ამბობენ, რომ ინციდენტი აჩვენებს, კრიტიკული ტექნოლოგიების შესაძენად, როგორ იღებს იზოლირებული ქვეყანა სამიზნეში საკუთარ მოკავშირეებსაც კი, როგორიცაა რუსეთი.

რუსულმა მხარემ „როიტერის“ მიერ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. სააგენტოს მიერ, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვებს არც ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ და არც გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობამ უპასუხა.

რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის ჰაკერული ჯაშუშობის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი. სერგეი შოიგუ, ფხენიანს კორეის ომის 70 წლისთავთან დაკავშირებით ეწვია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ფხენიანში.

XS
SM
MD
LG