ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ოფიციალური ვიზიტით აზიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის ჩავა ფილიპინებში, ტაილანდსა და მალაიზიაში. შეხვედრების მთავარი მიზანი ამერიკისა და ამ ქვეყნების ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის განხილვაა.
ჩრდილო კორეის ბირთვული იარაღის პროგრამა კი მის დღის წესრიგში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. მან ამ თემაზე ჩინელ კოლეგასთან უკვე ისაუბრა.
კვირას ტილერსონი და მისი ჩრდილო კორეელი კოლეგა მანილაში „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ შეხვედრის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს ესწრებოდნენ.
მანილაში ამ შეხვედრამდე სულ რამდენიმე საათით ადრე კი გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უმკაცრესი სანქციები მიიღო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ქვეყანა აგრძელებს ბირთვული იარაღის გამოცდას.
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ჩინეთის მხარდაჭერას ახალი მკაცრ სანქციების მიმართ, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან ქვანახშირის, ლითონის, ტყვიისა და თევზის ექსპორტს კრძალავს. ამ დრომდე ჩინეთი განსაკუთრებით არ იყო მოწადინებული მისი კომუნისტი მეზობლის დასასჯელად, თუმცა კვირას მანილაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები მკაფიოდ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს მიდგომა შეიცვალა.
„ჩვენ, ცხადია, ვილაპარაკეთ კორეის ნახევარკუნძულის საკითზე და იმაზე, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ახლახან გამოსცა ახალი რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ორივე მხარე ვადასტურებთ, რომ ჩვენ სრულად და ყოვლისმომცველად უნდა შევასრულოთ ეს ახალი რეზოლუცია,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩინეთი აქამდე გამუდმებით საუბრობდა დიალოგის აუცილებლობაზე, რათა ნახევარკუნძულზე მშვიდობა შენარჩუნებულიყო. თუმცა რადგან აქამდე არსებულმა არც ერთმა მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, ჩრდილოეთ კორეას კი მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ბირთვული იარაღის განვითარებაში, როგორც ჩანს, მიდგომა შეიცვალა. გასულ თვეს ფხენიანმა ორჯერ წარმატებით მოახერხა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა. ფხენიანის მტკიცებით, ერთ რაკეტას შეერთებულ შტატებამდეც შეეძლო მიღწევა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს დახმარება სთხოვა ფხენიანთან გამკლავებაში, თუმცა იქვე იყო მინიშნება იმაზეც, რომ სამხედრო გზებიც განიხილება.
თავდაცვის საკითხების მკვლევარი ბრიუს ბენეტი ამბობს, რომ ჩინეთის მიზანი ნახევარკუნძულზე სერიოზული სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილებაა, რადგან სურვილის მიუხედავად, ჩინეთი შესაძლოა ომში აღმოჩნდეს ჩართული.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ამერიკისთვის საუკეთესო სტრატეგია ახლა ჩრდილოეთ კორეის მმართველი დინასტიისა და მისი ლიდერის იმიჯის შელახვაა თავად ქვეყანაშივე, იმის მითითებითა და ხაზგასმით, რომ კიმ ჩენ უნი სუსტი მმართველია.
ბენეტი ჩინეთის ლიდერის მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ მას სხვადასხვა სამიტის ფარგლებში 8 შეხვედრა ჰქონდა სამხრეთ კორეის მმართველთან, მაგრამ არც ერთი - ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მისტვის მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ფიგურა არ არის.
გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებული ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს ერთი მესამედით მაინც შეამცირებს, რაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი ამერიკული დოლარით კლებას ნიშნავს. თუკი ეს სანქციები რეალურად და მთლიანად შესრულდება, ამან შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ატომური ამბიციების მოთოკვაც შეძლოს.
Facebook Forum