ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-საქართველო - ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო


ვირჯინიიდან საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უკვე ჩავიდა, რამდენიმე საათის წინ კი ერთობლივი ყოველწლიური სამხედრო წვრთნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად გაიხსნა.

სახმედრო წვრთნა "ღირსეული პარტნიორი 2020"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

"ღირსეული პარნიორი 2020"-სთვის სამხედრო ტექნიკა ვირჯინიის შტატიდან საქართველოში გემმა "ოუშენ ფრიდომმა" ფოთის პორტში გადაიყვანა, საიდანაც 5 სამხედრო კონვოი შემდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩავიდა. გზად ამერიკელმა სახმედროებმა, მძიმე ტექნიკით ქალაქ გორში გაიარეს. სულ ერთობლივ სწავლებაში საქართველოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღებულობს მონაწილეობას. წვრთნები დღეს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

"ეს არის ნათელი მაგალითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფებების. ის ცოდნები რასაც ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, ჩვენ ერთობლივად გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ. ეს ჩვენი, თითოეული საქართველოს მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტია, ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული,"- თქვა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კელი დეგნანი - ამერიკის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი - ამერიკის ელჩი საქართველოში

ამერიკულ - ქართული სამხედრო სწავლების შესახებ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა თბილისში ამერიკის საელჩომ. განცხადებაში წერია: " სწავლება „ღირსეული პარტნიორი” ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას COVID პანდემიის რთულ პირობებშიც კი".

ღირსეული პარტნიორი 2020
ღირსეული პარტნიორი 2020

სამხედრო წვრთნის დაწყების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯეისონ ფრაიმენმა.

"მსგავსი წვრთნები ხელს უწყობს მოკავშირეებს შორის პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას,"- თქვა ამერიკელმა სამხედრომ.

ღირსეული "პარტნიორი 2020"-ის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

ამერიკელი სამხედროები გორში
ამერიკელი სამხედროები გორში

"ძალა პარტნიორობაშია. ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი. ძლიერი პარტნიორობისაკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც პანდემიის მიუხედავად 2 700 სამხედრო გააერთიანა. ეს არის ნათელი დასტური, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. ჩვენი მეგობარი ამერიკა წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში,"- თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

სამხედრო სწავლების შესახებ დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ღირსეული პარტნიორი 2020
ღირსეული პარტნიორი 2020

"მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები. უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება,"- წერია ზურაბიშვილის განცხადებაში.

დაწყებულ წვრთნებს "ღირსეული პარტნიორი 2020" გამოეხმაურნენ ოკუპირებული აფხაზეთში. ე.წ. მთავრობა წვრთნებს საფრთხედ აღიქვამს.

"სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების ინტენსივობისა და ზრდის მასშტაბები მსგავსი სახის ერთობლივი სწავლებების გზით, სადაც ქართველ სამხედროებს გააჩნიათ შესაძლებლობა გაზარდონ თავისი სამხედრო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების მართვის დამატებითი სიახლეები. აფხაზური მხარე აპირებს წავიდეს რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზით, აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად,"- წერია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოში ჩასვლა გასულ კვირას დაიწყეს. 200 ამერიკელ სამხედროს, რომლებიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პარაშუტებით დაეშვნენ, თბილისში ამერიკის ელჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდნენ.

დიპლომატმა კელი დეგნანმა ამერიკელ სამხედროებს მიმართა და უთხრა: "კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქართულ მიწაზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG