შეერთებული შტატების სამართალდამცავი, სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების უსაფრთხოება გარანტირებულია. იმის მიუხედავად, რომ ცალკეული ქვეყნები ცდილობენ ამერიკაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევას, სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება - თქვეს მათ ოთხშაბათს გამართულ ვირტუალურ სამიტზე.
ჩარევის და ზემოქმედების მცდელობები ბოლო 4 წელია, რაც ფიქსირდება. შეერთებული შტატების დაზვერვამ ჯერ კიდევ 2016 წელს დადო დასკვნა რუსეთის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობების თაობაზე.
თუმცა ამჯერად, საარჩევნო სისტემებზე ჰაკერების თავდასხმების მიმართულებით, აქტივობა არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ჯერჯერობით არ შეინიშნება. 3 ნოემბრის არჩევნებამდე კი სულ თვენახევარზე ოდნავ მეტი რჩება.
ონლაინ სამიტის მასპინძელი იყო შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო (CISA). სამიტზე ამერიკის დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორმაც აღნიშნა, რომ წელს უცხოელი ჰაკერების მხრიდან საარჩევნო სისტემების გატეხვის მცდელობები საერთოდ არ დაფიქსირებულა. ანალოგიური განცხადება გაკეთდა შეერთებული შტატების კიბერ-მართვის მეთაურის მხრიდანაც.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამუდმებით იმეორებს, რომ პანდემიის გამო ფოსტით არჩევნების ჩატარების პირობებში, საყოველთაო არჩევნები გაყალბდება. "ფოსტით ბიულეტენების გაგზავნის გამო, 2020 იქნება ყველაზე გაყალბებული არჩევნები ჩვენი ერის ისტორიაში" - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. თუმცა, მას ამ მოსაზრების დასაბუთებისთვის, დამადასტურებელი ფაქტები არასდროს წარმოუდგენია.
Facebook Forum