ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკა მელია პოლიტიკურ ავანგარდში


ნიკა მელია
ნიკა მელია

ოკუპაციის ასი წლის თავზე რუსული დამპყრობლური პოლიტიკის აჩრდილი საქართველოს არ ტოვებს. რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლის მანდატით მოიწვიეს საქართველოში 2019 წლის ივნისში, დღემდე განხეთქილების მთავარ ბურჯად რჩება ქართველი პოლიტიკოსებისთვის.

2019 წლის 20 ივნისს, რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა ფართომასშტაბიანი ქუჩის მღელვარების დასაწყისად იქცა. მისი კულმინაცია - „გავრილოვის ღამე“ დღემდე მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მადისკრედიტირებელ მოვლენადაა შეფასებული ოპოზიციის მიერ. საქმე ისაა, რომ ოპოზიციისთვის თუ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან გაძევება ღირსების საქმე გახლდათ, რაშიც უამრავმა მოქალაქემ დაუჭირა მათ მხარი, ხელისუფლებისთვის ეს ამგვარად სულაც არ ფასდება.

ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020
ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადაიხადა, რაც გავრილოვის ჩამოყვანისთვის 2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით გამოიხატა, ამბავმა რევერსული სახე მიიღო. მაგალითად, პარლამენტის დასჯილი და გადამდგარი თავმჯდომარე, ახლა უკვე „ქართული ოცნების“, მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერია. გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანისთვის ქუჩის პროტესტების ერთ-ერთი მონაწილე და „ქართული ოცნების“ მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის ლიდერი, ნიკა მელია კი ყოველდღიურ რეჟიმში და ერთსა და იმავე დროს (2019 წლის ივნისის შემდგომ) ბრალდებულიცაა, განსასჯელიც, დამნაშავეც, პარტიის თავმჯდომარეც, დეპუტატიც და კანონდამრღვევიც.

ნიკა მელიას 20 ივნისს განხორციელებულ „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობის მიღებას“ ედავებიან. საქმე თითქმის ორი წელია აღძრულია და სასამართლო პროცესებიც გაიმართა, ის კანონდამრღვევადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ნიკა მელიამ დამნაშავის ელექტროსამაჯური ხალხმრავალი მიტინგის დროს, 2020 წლის 1 ნოემბერს მოიხსნა, მან საარჩევნო კამპანია აწარმოა, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარედ იქცა. „დამნაშავე“ პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა და ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან (დამნაშავესთან) პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. მელიამ, პროტესტის ნიშნად, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა არჩევნების შემდგომ მოითხოვა, თუმცა მისი ეს მოთხოვნა ახალმა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. უფლებამოსილება მელიას მხოლოდ 16 თებერვლის სხდომაზე შეუწყვიტეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა (88 მომხრე, 2 წინააღმდეგი).

Georgian Parliament - protest over Gavrilov Speech
Georgian Parliament - protest over Gavrilov Speech

სახალხო დამცველმა ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით 16 თებერვალს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რითაც პარლამენტს მოუწოდა, უარი ეთქვა პროკურატურის შუამდგომლობაზე ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ პატიმრობის მიზნები და საფუძვლები არასათანადოდაა დასაბუთებული. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ხედავს შეუსაბამობას 20 ივნისს გამოვლენილ კანონდარღვევებთან ხელისუფლების დამოკიდებულების თვალსაზრისით: „იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს,“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიმართ პატიმრობის გამოყენება ქვეყნის იმიჯისთვის, დასავლური მისწრაფებებისთვის, შესაძლოა, საკმაოდ რთული გადასატანი ამოჩნდეს. „ამან, შეიძლება, დააზიანოს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები და დამოუკიდებელი ინსტიტუტები. შეიძლება, ამით საქართველო დაემსგავსოს არადემოკრატიულ ქვეყნებს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ პატიმრობა გამოიყენება,“- ამბობს გიორგი ბურჯანაძე და რთული მისახვედრი არაა, რომ ამგვარი ქვეყნების რიცხვს რუსეთის ფედერაციაც განეკუთვნება.

გიორგი ბურჯანაძე საუბრობს პარლამენტის მიმართ სახალხო დამცველის მიმართვის შესახებ და მიიჩევს, რომ უკეთესი იქნება, თუკი გენერალური პროკურატურა გადახედავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს. „აღკვეთის ღონისძიებისას პატიმრობის გამოყენება ცალკე აღებული მიზანი, არ შეიძლება იყოს. საქმე 18 თვეა იხილება, გამოძიება დასრულებულია და ამ დროს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოტივაცია უფრო და უფრო დაბალია. 20 ივნისის საქმეს ორი განზომილება აქვს. ერთი არის მასობრივი არეულობის მიმართულება, რომელსაც შსს იძიებს და მეორე გამოძიება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მეორე გამოძიებაში არაერთი პირი იყო დაზარალებული, ვინც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მხოლოდ და მხოლოდ სამ პირს აქვს ბრალი წარდგენილი და მათ მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებია გამოყენებული. ერთ მხარეს ნელი, მდორე გამოძიების პროცესი, მეორე მხარეს კი აქტიური გამოძიება, სადაც საპატიმრო ღონისძიებებიცაა გამოყენებული, ჩვენი აზრით, გარკვეულ უსამართლობას აჩენს,“- გვეუბნება გიორგი ბურჯანაძე.

პროტესტი პარლამენტთან, 9 ნოემბერი, 2020
პროტესტი პარლამენტთან, 9 ნოემბერი, 2020

სახალხო დამცველის მოადგილე, საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში პოლიტიკოსთა დაკავების თაობაზეც აკეთებს შენიშვნას: „როდესაც საკითხი დგება პოლიტიკოსის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენების შესახებ, ევროსასამართლოს სტანდარტის თანახმად, ამ დროს ერთვება ეგრეთ წოდებული მე-18 მუხლი, რომელიც გულისხმობს: ხომ არ არის გარკვეული პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი მართლმსაჯულება? ამ დროს ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში. ერთ-ერთი რამაც, შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს, გახლავთ ის, თუ რატომაა, რომ გამოძიება ერთი მიმართულებით აქტიურობს (შსს-ს მიერ წარმოებული საქმე) და მეორე მხარეს არა (პროკურატურის გამოძიება).“

როგორ შეიძლება კონვერტირდებოდეს ნიკა მელიას, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის მიმართ წარმოებული საქმე პოლიტიკურ პლასტში? ამის თაობაზე “ამერიკის ხმა” პოლიტოლოგებსაც ესაუბრა.

ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მელიას დევნა მორიგი პოლიტიკური წარმოდგენაა, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეულ და საგულისხმო პრეცენდენტს არ ქმნის. „ეს პოლიტიკური კრიზისი არაა მაინცდამაინც დიდი მასშტაბის. საქართველოს გაცილებით უარესები უნახავს. არც ერთი მხარე უკან არ იხევს. ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ მას აქვს ძალა, მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც ივანიშვნილი წავიდა. ოპოზიციამ (რომელმაც წააგო არჩევნები, რის შემდეგაც გამოჩნდა, რომ არანაირი რევოლუციის მოწყობის უნარი და რესურსი არ აქვს, არც დასავლეთისგან აქვს დიდი მხარდაჭერა) ამ ვითარებაში (მელია არ გადაიხდის გირაოს) დაინახა პოლიტიკური პროცესის გამწვავების შანსი. ეს აწყობს ოპოზიციას,“- გვეუბნება თორნიკე შარაშენიძე.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში, თუ ვინმე უნდა წავიდეს კომპრომისზე, ეს ხელისუფლებაა, „თუმცა გასაგებია ისიც, რომ მელია და ნაც-მოძრაობა განგებ ამწვავებს ვითარებას. მან ამაში ჩაითრია თითქმის მთელი ოპოზიცია. ჩემი აზრით, ეს პროცესი გაიწელება. გარკვეული მუხტი საზოგადოებაში არსებობს, ნაწილობრივ სამართლიანად, ნაწილობრივ მედიის მიერ გაბერილი. ხელისუფლება შეეცდება, რომ ეს მუხტი ჩააცხროს. დრო გაიყვანოს, დასავლეთსაც დაანახოს, რომ აი, არ ვიჭერთ და როდესაც ეს მუხტი ჩაცხრება, მელია დაიჭიროს, იმ დროს, როდესაც ხალხს ამისთვის არ ეცლება“,- ასეთი გახლავთ შარაშენიძის პროგნოზი.

პროტესტი თბილისში გავრილოვის ვიზიტის გამო
პროტესტი თბილისში გავრილოვის ვიზიტის გამო

მისი აზრით, რაკი იმდენად მნიშვნელოვან ამბავსაც კი არ მოჰყვა რევოლუცია, როგორიც გავრილოვის ჩამოსვლა იყო; როდესაც ხალხი ქუჩაში ნაციონალური მოძრაობის გამო კი არა, ობიექტური აღშფოთების მიზეზებით გამოვიდა, მელიას გამო, არ მოხდება რევოლუცია. „საზოგადოება ზარალდება, ცხადია, რადგან მთელი პოლიტიკური ელიტა გადართულია კინკლაობაზე და ვერ იცლის რეალური პრობლემებისთვის,“- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ქართულმა ოცნებამ ნიკა მელია წინასწარ ჩათვალა დამნაშავედ და სინქრონულად აამუშავა სამართალდამცავი სტრუქტურა, პროკურატურა და სასამართლო ერთ გუნდად მის წინააღმდეგ,- გვეუბნება გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მისი შეფასებით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ეშინია კომპრომისის, რადგან ეს სისუსტედაა აღქმული ქართულ პოლიტიკაში. „ოპოზიციამ, პრინციპული პოზიციის წარმოჩენით, მოიჭრა გზა კომპრომისისკენ. არავის სურს სუსტებად წარმოჩინდს, ამიტომაც ახდენენ ძალის დემონსტრირებას,“- გვეუბნება გია ნოდია. ის მეტ კონფრონტაციასა და გამწვავებას ელის.

აქცია პარლამენტთან, პროტესტი გავრილოვის ვიზიტის გამო
აქცია პარლამენტთან, პროტესტი გავრილოვის ვიზიტის გამო

„ქართულმა ოცნებამ“, გავრილოვის ღამის შემდეგ გამოიჩინა, მათი აზრით, „სისუსტე“, როდესაც გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ. მას შემდგომ, თითქოს წითელი ხაზი გაავლეს და გადაწყვიტეს, რომ უკან აღარ იხევენ. პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი, ეს ისაა, რითაც დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მოღვაწეობა და აგრძელებს ამას. მათთვის მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება. ამისთვის ძალის ჩვენებაა მნიშვნელოვანი და შესაბამისად იქცევიან,“- ამბობს გია ნოდია.

გამწვავება, გარკვეულად, ხელს აძლევს ოპოზიციასაც,- ასეთია გია ნოდიას მოსაზრება,- „რაკი უშუალოდ, არჩევნებს არ მოჰყვა საპროტესტო ტალღა, ყველა ელოდა გამწვავებას გაზაფხულზე. ორივე მხარე არის უკომპრომისოდ განწყობილი, ორივე მხარეს არ უნდა სისუსტის ჩვენება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ნორმას მიუხალოვდება. უფრო გამწვეავებისკენ და მეტი პოლარიზაციისკენ წავა.“

პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში დასავლეთი აკრიტიკებს. დასავლეთმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტირებისას. გია ნოდია მიიჩნევს, რომ დასავლეთი, ზოგადად, პოლიტიკურ გამწვავებას არ უჭერს მხარს, რაც მათი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარეობს, მაგრამ როგორც კი „ქართული ოცნების“ მხრიდან ირღვევა დემოკრატიული და სამართლებრივი ნორმები, ამას მოყვება კრიტიკა.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

ამ ვითარებაში რა შეიძლება იყოს ყველაზე სასარგებლო ნაბიჯი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის? ამ კითხვას გია ნოდია შემდეგნაირად პასუხობს: „ოპოზიციამ გადაიჭრა გზა საპარლამენტო ქმედებებისთვის. მას არ აქვს ჩამოყალიბებული გეგმა, რას გააკეთებს. ოპოზიციის შიგნით არის გადალაგების პროცესი. მთავარია, მან აუხსნას საზოგადოებას, რას აპირებს - ეს, ჩვენ არ გაგვიგია. რაც შეეხება ხელისუფლებას, უნდა ვიოცნებოთ, რომ მან შეცვალოს თავისი განწყობა და ოპოზიცია ლეგიტიმურ სუბიექტად აღიაროს. ფორმალურად ამას თითქოს აკეთბს, ამბობენ, რომ აი, არ შემოდის ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ, მეორეს მხირვ, ოპოზიციას რაღაც კრიმინალურ ერთობად წარმოაჩენს. ეს ორი რამ ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როდესაც ხელისუფლებას ასეთი რადიკალური და არაშემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს ოპოზიციის მიმართ, ეს ოპოზიციის რადიკალიზმსაც წაახალისებს. ხელისუფლებამ, კარგია, რომ შეცვცალოს ეს დამოკიდებულება და აჩვენოს, რომ კი არ ეთანხმება ოპოზიციას, მაგრამ პატივს სცემს, როგორც მოსახლეობის დაახლოებით ნახევრის ინტერესთა წარმომადგენელს. თუმცა ძალიან ძნელია, იმედი გვქონდეს, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს“.

ამჟამად პოლიტიკური ჭიდილი ახალ ფაზაშია შესული. „ნაციონალური მოძრაობის ოფისი“ მთელი ოპოზიციის თავშეყრის ადგილად იქცა 16 თებერვალს, პარლამენტის ვერდიქტის შემდგომ. ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მასთან დასაპატიმრებლად მისულ სამართალდამცავებს მთელი ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების გადაქელვა მოუწევთ იმისთვის, რომ მელიას ბორკილები ხელახლა დაადონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG