მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, 27 მაისს ადამიანები ჯერ ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ფეხით გაემართნენ ორბელიანის მოედნისკენ. აქციის საბოლოო ლოკაცია პრეზიდენტის სასახლე გახლდათ.
საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი პირია საქართველოში, ვისაც, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პატიმრების შეწყალება შეუძლია. ამ აქციით მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ პრეზიდენტამდე უფრო ახლოდან მივიდოდა მოთხოვნა, საზოგადოების დაკვეთა - იმის თაობაზე, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე ნიკა გვარამიასთან, ისევე როგორც მესამე პრეზიდენტთან მიმართებით, ამ დრომდე თავს იკავებს.
აქციაზე მისულ ადამიანებს შორის განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებასთან მიმართებით. მიშა მშვილდაძე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებდა, რომ ეს აქცია იმდენად თბილი და ტკბილია და იმდენად დაცლილი აგრესიულობისგან, რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი სასურველი შედეგი დადოს; ის მიზანი შეასრულოს, რაც დასახული აქვს - ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ უბიძგოს პრეზიდენტს.
ნიკა მელიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მესიჯები საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახდა. მისივე აზრით, თუ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას ვთხოვთ, პარალელურ რეჟიმში, მისი ლანძღვა უგუნერებაა. „ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა და არა ვალდებულება“,- ამბობს ნიკა მელია.
ნიკა გვარამიას თავისუფლება კავშირშია საქართველოს ევროპულ მომავალთან - მიიჩნევენ ჟურნალისტები „მთავარ არხში“. ევროკავშირის მიერ გაწერილი გაიდლაინი, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, თუ მას სურს მიიღოს წევრის სტატუსი, მედიის თავისუფლების საკითხებსაც მოიცავს. მეშვიდე პუტნქტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველო ვალდებულია შექმნას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. ხოლო ორგანოებმა, რაც სამართალს უზრუნველყოფს და აღასრულებს, მედიასაშულებებების მფლობელების მიმართ უნდა უპასუხოს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. ევროკავშირის რეკომენდაციებში არსებული ეს ჩანაწერი, მართალია, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ შეიცავს, თუმცა გულისხმობს და გვარამია, მათ შორის პირველია - მიიჩნევენ მედიისა და არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები.
„ზურაბიშვილი, უკანასკნელ პერიოდში გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს იმისა, რომ მზადაა თამამი გადაწყვეტილებებისთვის,“- მიიჩნევენ „მთავარ არხში. მიშა სესიაშვილი, ჟურნალისტი და წამყვანი, ვინც "მთავარში" მუშაობს, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „ბოლო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებებით, საჯარო გამოსვლებით, ტოვებს შთაბეჭდილებებს, რომ თვალს უსწორებს რეალობას და ბრუნდება პრობლემებითა და გამოწვევებით სავსე საქართველოში. ახლა, გვინდა, სიტყვებთან ერთად, საქმეც გააკეთოს, გადადგას ნაბიჯები, რაც საქართველოს დააახლოვებს დემოკრატიასთან, ევროპულ ღირებულებებთან, ევროკავშირთან და დაასრულებს პოლიტიკურ პატიმრობას, იმ სამართლებრივ აბსურდს, რაც, აგერ უკვე ერთი წელია გრძელდება.“
მიშა სესიაშვილი დასძენს იმასაც, რომ მიუხედავად არაერთხელ დასმული კითხვისა, ვერც მან და ვერც სხვამ, მსოფლიოში, ვერ მიიღო პასუხი - რატომ ზის ნიკა გვარამია ციხეში, თუ ეს არაა პოლიტიკური ანგარიშსწორება და რევანში.
ეკა ხერხეულიძე, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია პირდაპირ და უშუალოდ სალომე ზურაბიშვილის პერსონალური პატიმარია, რადგან სწორედ მას აქვს ხელში ბერკეტი მისი გათავისუფლების, რომელიც მოქმედებაში არ მოჰყავს.
გიორგი გოცირიძე, "საიას" იურისტი, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის მინიჭების საკითხებს ერთობლიობაში განიხილავს. „ამერიკის ხმასთან“ ის ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, თუ ნიკას მიმართ, შეწყალების მექანიზმს აამუშავებს, ამით ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტურქტურებთან დაახლოვებას. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი უკუსვლა მედიის მიმართულებით. ნიკა გვარამიას თავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში დაცულია მედიის თავისუფლება და საქართველო ღირსია მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი,“- გვეუბნება გიორგი გოცირიძე.
გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ ნიკას თავისუფლებისთვის აქციაზე, გამომსვლელთა შორის, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ პოლიტიკური ოპონენტის შეწყალების საკითხი პოლიტიკურ კულტურას მოითხოვს. „ძნელია, საზოგადოების ზეწოლით, პოლიტიკოსს რამე შეაგნებინო. ნიკას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, თუკი დანაშაულად არ ჩავთვლით საქართველოს სიყვარულს. მე არ მოველი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას, რადგან აქ აქცია გავაკეთეთ. მან, შეიძლება, ეს სხვა რამის გამო გააკეთოს - მაგალითად, საერთაშორისო ზეწოლით, ან სხვა პოლიტიკური მოტივით. სამწუხაროა, რომ მას არ შეუძლია მოიქცეს, როგორც მაღალ კულტურული პოლიტიკოსი და შეიწყალოს პოლიტიკური ოპონენტი, თუნდაც მას დამნაშავად მიიჩნევდეს,“- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
არინა თავაქარაშვილი, რომელიც თითქმის ყველა აქციის მონაწილეა, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამართულა საქართველოში, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ნიკა გვარამიასაც კარგად იცნობს და სალომე ზურაბიშვილსაც. მას იმედი აქვს, რომ ეს უკანასკნელი ევროპულ ღირებულებებსაა ნაზიარები და სწორედ ეს ზიარება მოახდენს გავლენას იმაზე, რომ პრეზიდენტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მიმართულების გამრუდებას არ დაუშვებს. საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური მიმართულების გამრუდება კი არინა თავაქარაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა გაგრძელდება. „ერთმანეთის პირისპირ დგას ევროპული ღირებულებები და დამყაყებული რუსეთი. ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი ევროპული ღირებულებების სასარგებლოდ. უკანონო პატიმრებს არ იწყალებენ, უკანონო პატიმრებს უშვებენ. ზურაბიშვილს, ერთი ნაბიჯი აშორებს ისტორიაში შესვლისგან. თუ არადა, ის დარჩება ხელისუფლების იმ ნაწილთან, რომელმაც უარი თქვა დასავლურ ღირებულებებზე და უნდა, საქართველო უფსკრულისკენ გააქანოს. ზურაბიშვილს, შეუძლია, ეს შეაჩეროს. ნიკა გვარამია იმსახურებს თავისუფლებას. რა არის მისი დანაშაული? მისი დანაშაულია თავისუფალი ტელევიზიის შექმნა,“- გვეუბნება არინა თავაქარაშვილი.
ნიკა გვარამია გასული წლის 16 მაისს დააპატიმრეს. მას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლის[1] ორი (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდის გამო. გვარამიას სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
სახალხო დამცველმა შეისწავლა ნიკა გვარამიას საქმე და დაადგინა, რომ მასში პოლიტიკური მოტივები იკვეთება. სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.
აქცია ათონელის რეზიდენციასთან რამდენიმე საათში დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ის უშუალოდ, გამიზნული იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოტივირებისთვის, რომელიც 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საჭიროდ ჩათვალეს, დასავლური დემოკრატიის ამ მნიშნველოვან ინსტიტუციაში სიტყვით გამოსვლის წინ, პრეზიდენტისთვის საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ გადასადგმელი ნაბიჯის თაობაზე შეეხსენებინათ.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას განცხადება, რეზიდენციის წინ მიმდინარე აქციისა და მისი შინაარსის თაობაზე არ გაუკეთებია.
7-8-9 მარტის აქციების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია "პირველმა" მასთან ინტერვიუ ჩაწერა და ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზეც ჰკითხა. ზურაბიშვილის მაშინდელი განცხადებით, მას პიროვნული წყენა ნიკა გვარამიას მიმართ არ აქვს. ხოლო მის მიმართ შედგენილი განცხადებები და პეტიციები, შეწყალების მოთხოვნით, კონტრპროდუქტიულად მოქმედებს. "პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება,"- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუსას. მან თქვა ისიც, რომ პატივს სცემს ნიკა გვარამიას სურვილს, არ ითხოვოს პრეზიდენტისგან შეწყალება. "რა იქნება და როგორ, თავის დროზე გეტყვით... თქვენ მაინც გინდათ მათქმევინოთ, "თუ"-ზე გავჩერდები",- თქვა ზურაბიშვილმა 24 მარტს.
27 მაისის აქციამდე, სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, განცხადებებითა და ხელმოწერებით ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიმართეს და ხელოვანებმაც. თავად ნიკა გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შეწყალებას არ ითხოვს.