ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი


დონალდ ტრამპი და რექს ტილერსონი
დონალდ ტრამპი და რექს ტილერსონი

ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნავთობის ბიზნესმენი, ტეხასელი რექს ტილერსონი სახელწმიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. ტილერსონი, რომელიც 41 წელია კომპანია ExxonMobil-ში მუშაობს, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობს.

ტრამპის თქმით, ტილერსონზე არჩევანის შეჩერება, მის მიერ მსოფლიო მასშტაბის კომპანიის მართვის გამოცდილებამ განაპირობა. „მისი ფართო გამოცდილების, შეუპოვრობის და გეოპოლიტიკური საკითხების ღრმა ცოდნის გათვალისწინებით, ის შესანიშნავი კანდიდატია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე“, - აღნიშნა ტრამპმა. „ჩვენ რეგიონალურ სტაბილურობაზე ვიმუშავებთ და ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მისმა გუნდმა გამოაქვეყნა.

რექს ტილერსონი მილიარდობით დოლარის ღირებულების შეთანხმებებზე მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებთან. როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა, რეინს პრიბუსმა განაცხადა, ტილერსონი იქნება სახელმწიფო მდივანი, რომელმაც იცის „თუ როგორ მოიპოვოს ნავთობი“. მისი თქმით, 64 წლის ტილერსონმა კარიერის განმავლობაში შეძლო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოლაპარაკებების წარმოება. „ეს არაა იოლი ადგილები ურთიერთობების ასაწყობად, მითუმეტეს სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში“, - აღნიშნა პრიბუსმა.

ტილერსონი განათლებით სამოქალაქო მშენებელია და ექსონში ტეხასის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა, წლების განმავლობაში კომპანიაში დაწინაურდა და მმართველ პოზიციას მიაღწია. ის ცნობილია, როგორც კომპანიის საერთაშორისო მომლაპარაკებელი და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მას კარგი ურთიერთობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან, რაც ამერიკის მთავარი დიპლომატისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა.

ExxonMobil-ი მსოფლიოში მეხუთე კორპორაციაა, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. ტილერსონმა, რომლის კომპენსაციაც კორპორატიული მოგების მიხედვით ითვლება, გასულ წელს 27 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო იმის 2012 წელს მისმა შემოსავალმა 40 მილიონს მიაღწია.

ExxonMobil-ის დირექტორი 2016 წლის არჩევნებზე ჯებ ბუშს უჭერდა მხარს და მის კამპანიას თანხებიც შესწირა. ტილერსონი, ხშირ შემთხვევაში, თავს არიდებდა პოლიტიკურ თემებზე საუბარს და მხოლოდ ბიზნესის საკითხებზე აკეთებდა კომენტარს, ამიტომ მისი შეხედულებები საგარეო პოლიტიკის კუთხით ჯერ-ჯერობით უცნობია.

რუსეთის ფაქტორი

ბევრი ფიქრობდა, რომ ტრამპი პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, მიტ რომნიზე შეაჩერებდა არჩევანს, ვინაიდან სენატში ამ უკანასკნელის კანდიდატურის დამტკიცება, ტილერსონისგან განსხვავებით, სირთულეებთან არ იქნებოდა დაკავშირებული. ასევე განიხილებოდა, ნიუ-იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის კანდიდატურაც, რომელმაც მისი თქმით თავად განაცხადა უარი თანამდებობის დაკავებაზე.

როდესაც ვაშინგტონში აქტიურად განიხილავენ რუსეთის ჩარევას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, სახელმწიფო მდივნის კანდიდატურის კრიტიკის მიზეზი რექს ტილერსონის პუტინთან კავშირები გახდა. ტილერსონი რუსეთთან ნავთობის მოპოვების ბიზნესში, ExxonMobil-ის პროფილით მუშაობდა და მრავალმილიარდიან შეთანხმებების გარშემო მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სენატში, რომელმაც ტირელსონი უნდა დაამტკიცოს, მასზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ბევრი სენატორი ტილერსონის კანდიდატურას ეჭვის ქვეშ აყენებს. ვლადიმერ პუტინმა, 2013 წელს, ტილერსონს მეგობრობის ორდერი გადასცა -- ჯილდო, რომელიც უცხოელებისთვის არის განკუთვნილი. ტილერსონმა ტეხასის უნივერსიტეტში საუბრისას, 2016 წლის დასაწყისში, აღნიშნა, რომ მას „ძალიან ახლო ურთიერთობა“ აქვს პუტინთან. ის რუსეთის პრეზიდენტს უკვე 15 წელია იცნობს.

აღნიშნულს გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, ტილერსონის ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან „შეშფოთების საგანს წარმოადგენს“. მაკკეინმა განცხადებაში პუტინს „კრიმინალი და მკვლელი“ უწოდა. ხოლო სენატორმა ფლორიდიდან მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ტილერსონისადმი ბიზნეს-წრეებში არსებული პატივისცემის მიუხედავად, მას „სერიოზული კითხვები“ აქვს პუტინთან მისი კავშირების გარშემო.

ჯონ ჰამრეს, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) პრეზიდენტის განცხადებით (ტილერსონი CSIS-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია), „მას უფრო ხშირი კავშირი ჰქონდა პუტინთან ვიდრე სხვა ნებისმიერ ამერიკელს ჰენრი კისინჯერის გამოკლებით“.

როგორც მომავალი პრეზიდენტის მრჩეველმა კელიან კონვეიმ „დილა მშვიდობისა ამერიკასთან“ საუბარში თქვა, ტილერსონის ურთიერთობები რუსეთთან ბიზნეს-საქმიანობით შემოიფარგლებოდა.

„ის ვლადიმირ პუტინთან ერთად არაყს არ სვამდა უბნის ბარში, მასთან ბიზნეს საქმიანობა აკავშირებდა, ჩვენ გვესმის, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები არ გვაქვს, მათ შორის რუსეთთან“, - აღნიშნა კოვეიმ.

2011 წელს ტილერსონმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია „როსნეფტთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ნავთობის მოძიებასა და მოპოვებას ითვალისწინებდა. შეთანხმების შედეგად, წლების განმავლობაში, ორი კომპანია 10-მდე ერთობლივი საწარმოს მართვის საკითხებში თანამშრომლობდა.

2011 წლის შეთანხმების ღირებულება 300 მილიარდი დოლარი იყო და ითვალისწინებდა ნავთობის და გაზის მოპოვებას არქტიკაში. სამი წლის შემდეგ, რაც კომპანიამ საქმიანობის წარმოება დაიწყო, ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, კრემლის უკრაინაში შეჭრასა და ყირიმის ოკუპაციაზე საპასუხოდ სანქიები დააწესეს. უკრაინის კრიზის შემდეგ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა გაუარესდა.

გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ 2014 წელს, „ექსონ მობილის“ ყოველწლიურ შეკრებაზე ტილერსონი დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა. „ჩვენ ზოგადად არ ვუჭერთ მხარს სანქციებს, რადგან არ მიგვაჩნია ისინი ეფექტურ საშუალებად, თუკი ისინი ყოვლისმომცველი და კარგად დანერგილი არ არის. ეს ძალიან რთული გასაკეთებელია. ყოველთვის მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებს, გაითვალისწინონ დიდი თანმხლები ზარალი და ის, თუ ვის მიაყენებენ ამით ზიანს“ - თქვა ტილერსონმა ორი წლის წინ.

კრემლმა, თავის მხრივ, რექს ტილერსონი შეაქო და მას თავისი საქმის „პროფესიონალი“ უწოდა.

მისაღებია თუ არა ტილერსონის კანდიდატურა?

თუკი ამერიკის სენატში, დემოკრატები ტილერსონის კანდიდატურის წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მათ, სულ მცირე, ორი რესპუბლიკელი შეუერთდება, მომავალი პრეზიდენტის სახელმწიფო მდივნის კანდიდატი შესაძლოა უარყოფილი იქნას. დემოკრატი ედ მარკის თქმით, ტილერსონის კანდიდატურის დამტკიცებისთვის ტრამპს ბრძოლა მოუწევს.

სენატორმა ბობ კორკერმა ტილერსონს „ძალიან შთამბეჭდავი პიროვნება უწოდა“ და მისი თქმით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იანვრის დასაწყისში შეიკრიბება მისი კანდიდატურის განსახილველად. მისი თქმით, ტილერსონის კანდიდატურის განხილვა ტრამპის ინაუგურაციამდე მოხდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ტილერსონს თანამდებობაზე წარდგენა მიულოცა და განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის დაეხმაროს ახალ ადმინისტრაციას ხელისუფლების შეუფერხებელ გადაცემაში. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, ტილერსონს „შესანიშნავი არჩევანი“ უწოდა.

ტილერსონის კანდიდატურის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, Amnesty International-ის კომუნიკაციების დირექტორმა, ერიკ ფერერომ. მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი უნდა მოუწოდებდეს ქვეყნებს ადამიანის უფლებების დაცვისკენ.

„ჩვენ ვიცით რომ ტილერსონი წარმატებულია უზარმაზარი კომპანიის ინტერესების დაცვაში - თუმცა იქნება კი ის ასევე დაინტერესებული ადამიანის უფლებების დაცვით საზღვარგარეთ?“, - აღნიშნა ფერერომ.

ტილერსონზე არჩევანის შეჩერება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ტრამპი მის კაბინეტში უპირატესობას სამხედრო და ბიზნეს ლიდერებს ანიჭებს.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰენრი ჰეილის თქმით, მომავალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების ახალ ათვლის წერტილს ეძებს.

„ტილერსონი [მოსკოვთან] გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის კარგი კანდიდატურაა, თუმცა ეს მოხდება ამერიკის საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების დათმობის ხარჯზე“, - განაცხადა მან. ჰეილი ევრაზიის საკითხების მკვლევარია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მოსკოვიდან. მისი თქმით, „ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“.

XS
SM
MD
LG