პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის დემოკრატებს ადანაშაულებს, რომ მათ არ სურთ კორონავირუსის დახმარების პაკეტის დეტალებზე მოლაპარაკება. ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ დემოკრატები მოლაპარაკებაზე უარს იმიტომ აცხადებენ, რომ ის არ დათანხმდა „სასაცილო“ ხარჯების მოთხოვნას, რომელიც პანდემიას არ უკავშირდებოდა. რესპუბლიკელები და დემოკრატები მოლაპარაკების პროცესში 5-დღიანი ჩავარდნის გამო, ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ამერიკის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა, რომელიც ტრამპის მთავარი მომლაპარაკებელია, უარყო დემოკრატების ბრალდება, რომ რესპუბლიკელებს მხოლოდ საუბარი სურთ და რეალური ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობენ. რესპუბლიკელებს ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის მიღება სურთ პანდემიის ეკონომიკური შედეგების შესამცირებლად. დემოკრატები კი ორ ტრილიონზე მეტს ითხოვენ და მათ მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ამის თაობაზე კანონპროექტი მაისში მიიღო.
„ჩვენ ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებები განვაახლოთ, როდესაც ისინი ამ პროცესს სერიოზულად მიუდგებიან,“ ნათქვამია დემოკრატების განცხადებაში.
მნუჩინმა განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ნენსი პელოსი „უარს ამბობს შეხვედრაზე და მოლაპარაკების გაგრძელებაზე, სანამ წინასწარ არ დავთანხმდებით მის წინადადებას, რომელიც სულ ცოტა, 2 ტრილიონია.“
კოვიდ-19-ის პანდემიას შეერთებულ შტატებში 164 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მილიონობით ამერიკელმა სამსახური დაკარგა. მათი ნაწილი უმუშევრობის დახმარებას სახელმწიფოსგან იღებს. ეს თანხა დაახლოებით 600 დოლარია, რომელიც ფედერალურ სუბსიდიებსაც შეიცავს. თუ მხარეებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს და ფედერალური სუბსიდიები შეწყდა, ეს ამერიკის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მოლაპარაკება პარასკევს ჩაიშალა.
Facebook Forum