დღეს, ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საზოგადოების პოლიტიკური განწყობებისა და პოლიტიკური ლიდერების რეიტინგების ამსახველი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
გამოკითხული რესპოდენტების აზრით, ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ლიდერია და მას მოსახლეობის 69 პროცენტი უჭერს მხარს. გამოკითხულთა 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ კოალიცია-„ქართული ოცნება“, როგორც პარტია, ყველაზე ახლოს დგას მათ შეხედულებებთან. მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს კი გამოკითხული მოსახლეობის 29პროცენტი უჭერს მხარს. გამოკითხული მოსახლეობის 47 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ოპოოზიციურ პარტიად თვლის.
გამოკითხვის დამატებით შედეგებზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო ჩვენთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
კითხვაზე, თუ რა ტიპის სათამაშო ველი გვექნება წინასაარჩევნოდ და რამდენად კონკურენტუნარიან არჩევნებს მიიღებს საქართველო, ნავარო გვპასუხობს:
„ამის თქმა ამ ეტაპზე დარწმუნებით არ შეიძლება. არის არაერთი ფაქტორი, რომელიც ამომრჩევლის განწყობაზე 27 ოქტომბრამდე მოახდენს გავლენას.
დღეის მონაცემებით, გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას. ამას ისინი შემდეგი მიზეზებით ხსნიან: რომ არ გადაუწყვეტიათ, ან მათთვის სასურველი კანდიდატი, ისეთები როგორებიც არიან ირაკლი ალასანია, ან მიხელ სააკაშვილი ან ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. შესაძლოა იმიტომაც, რომ მათმა ნაწილმა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კიდევ ერთი ფაქტორი, თუ რატომ არ ვიცით თუ რამდენად კონკურენტული იქნება საპრეზიდენტო წინა საარჩევნო გარემო არის ის ფაქტი, რომ ის ოპოზიციონერი კანდიდატები, რომლებმაც დაბალი რეიტინგები მიიღეს ჩვენს ბოლო გამოკითხვაში, თავად საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. მათ საზოგადოებაც იცნობს. მეორეს მხრივ, ქართული ოცნების კანდიდატი პირველად შეეცდება არჩეული თანამდებობა მოიპოვოს. თუმცა მას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ აქვს ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის-პრემიერის მხარდაჭერა, და არის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.“
კითხვაზე თუ რამდენად არის საშიშროება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთპარტიული დომინაციის რისკი გაიზარდოს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ამბობს:
დღესდღეობით, კოალიციას და პრემიერ მინისტრს დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში. შესაბამისად, ეს მათ ძლიერ სვლას უწინასწარმეტყველებს საპრეზიდენტო არჩევნებისკენ. თუმცა დღევანდელი მოცემულობით, დიდი პოტენციალი არსებობს არჩევნებში მეორე ტურის გამართვისათვის. არსებობს არაერთი ფაქტორიც, რაც როგორც ვთქვი, მოსახლეობის არჩევანს გაურკვეველს ხდის. თუ მართლაც გაიმარჯვა ქართული ოცნების კანდიდატმა საპრეზიდნეტო არჩევნებში, ქართველმა ხალხმა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, მოგვიანებით უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ აუვლის გვერდს ერთპარტიულ დომინაციას. თუმცა ვიმეორებ, ამ ეტაპზე რამის პროგნოზირება შეუძლებელია.“
კითხვაზე, თუ რა მიმართულებით წარმართავს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი თავის საქმიანობას საქართველოში, განსაკუთრებით კი თუ რამდენად შეცვლის ახალი კვლევა საქმიანობის მიმართულებებს, ლუის ნავარო ამბობს:
„ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში ორი სხვადასხვა გრანტის დაფინანსებით ორ მიმართულებაზე მუშაობს. პირველია იუესეიდს გრანტი, რომელიც პარლამენტის დახმარებას და გაძლიერებას გულისხმობს. ამავე გრანტის მეშვეობით, საარჩევნო მონიტორინგს და დაკვირვებას ვახორციელებთ. საარჩევნო დაკვირვებას ჩვენ ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მისიასთან და ადგილობრივ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად განვახორციელებთ. მეორე გრანტია შვედური საერთაშორისო დახმარების სააგენტოს დაფინანსება, რომლის საშუალებითაც ჩვენ ქალ პოლიტიკოსებსა და კანდიდატებს განვითარებაში ვეხმარებით. ამ დახმარებას უფრო დიდი დატვირთვა ექნება მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებში, თუმცა ნაწილობრივ ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებსაც წაადგება.“
და ბოლოს, რუსეთთან მიმართებაში კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
ბოლო გამოკითხვაში მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვისაც მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. ამ ძალისხმევას მარტში 38 პროცენტი იწონებდა, ივნისში ამ პოზიციაზე მხოლოდ 25 პროცენტი რჩება.
ლუის ნავარო ამასთან დაკავშირებით ამბობს:
„კვლევის თანახმად, საქართველოს პროდასავლურ კურსს კოალიციის მმართველობის პირობებში კვლავაც მაღალი მხარდაჭერა აქვს.
ივნისში გამოკითხულთა 73 პროცენტი მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, ხოლო ევროკავშირში წევრობას - 79 პროცენტი ემხრობა.
მოსახლეობის სოლიდური მხარდაჭერა აქვს საქართველოს დამაკავშირებელ რკინიგზას რუსეთთან აფხაზეთის გავლით. მაგრამ მთლიანობაში გვაქვს ზრდა იმ მაჩვენებელში რომელიც მოსახლეობის უკმაყოფილებას აჩვენებს რუსეთთან ურთიერთობაში.
შესაძლოა ეს უკმაყოფილება იყოს გამოძახილი იმ მოვლენებისა, რაც რუსეთთმა ადმინისტრაციულ ზონაში მავთულხლართების საქართველოს ტერიტორიის შიგნით გადმოწევით განახორციელა. სხვა მხრივ, საქართველოს გამოკითხულ მოსახლეობაში არ დაფიქსირებულა ცვლილება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური მიმართულებების მიმართ.„