ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის დედა შვილის ცხედრის გადაცემას ითხოვს


ლუდმილა ნავალნაია
ლუდმილა ნავალნაია

ალექსეი ნავალნის დედა, ვლადიმირ პუტინისგან მისი შვილის ცხედრის გადაცემას ითხოვს. არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონია "პოლარული მგლის" განცხადებით, 47 წლის ოპოზიციონერი პარასკევს, სეირნობის შემდეგ უეცრად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. რუსული ოპოზიციის ლიდერს 30 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ციხის წინ გადაღებულ ვიდეო-მიმართვაში ნავალნის დედა ამბობს, რომ მან იმის გარკვევაც ვერ შეძლო თუ სადაა ახლა მისი შვილის ცხედარი. ის პრეზიდენტს მიმართავს და შვილის დაკრძალვის უფლებას ითხოვს.

"უკვე მეხუთე დღეა მისი ნახვა არ შემიძლია, მის ცხედარს არ მაძლევენ და არც მეუბნებიან სადაა", - ამბობს ნავალნაია "იუთუბ" არხზე გავრცელებულ ვიდეოში. "შენ მოგმართავ, ვლადიმირ პუტინო, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს მომეცი ჩემი შვილის ნახვის უფლება. მოვითხოვ, რომ ალექსეის ცხედარი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, რომ მისი ადამიანურად დამარხვა შევძლო", - ამბობს გარდაცვლილი ოპოზიციონერის დედა. მან რუსეთის პრეზიდენტს ამავე მოთხოვნით ოფიციალური წერილიც გაუგზავნა.

ნავალნის მოკავშირეები ამბობენ, რომ გამომძიებლის თანახმად, ოფიციალურ უწყებებს 14 დღე სჭირდებათ იმისთვის, რომ ცხედარს სხვადასხვა "ქიმიური შემოწმება" ჩაუტარონ და ამიტომ ოჯახისთვის მისი გადაცემა ჯერ არ შეუძლიათ.

დასავლელი ლიდერები ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვლადიმირ პუტინს აკისრებენ, კრემლი ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ განცხადებები ამის თაობაზე, მიუღებელია. ვლადიმირ პუტინს ალექსი ნავალნის სიკვდილზე კომენტარი საჯაროდ ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG