ბრიუსელში, რუსეთისა და ნატოს მაღალი დონის დიპლომატებს შორის გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობის შემცირება იყო.
ნატო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების მობილიზება ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის. რუსეთი, კი თავის მხრივ ნატოსგან გარანტიებს ითხოვს, რომ ალიანსი უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით აღარ გაფართოვდეს, რადგან ეს რუსეთისთვის საფრთხის შემცველია.
ნატოში ამერიკის ელჩმა ჯულიან სმიტმა ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რჩება ერთგული გამოინახოს დიპლომატიური გზა სიტუაციის დეესკალაციისთვის.
სმიტის თქმით, შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ელჩმა განაცხადა, რომ მიმდინარე „კრიზისი რუსეთის მხარის მიერ არის წამოწყებული“ და ნატოს მოკავშირეები მზად არიან რუსული აგრესიის შესაკავებლად.
ოთხშაბათს გამართული შეხვედრის დროს, რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გაიმართა, ორი მხარის დიპლომატებს საშუალება მიეცათ პირისპირ ესაუბრათ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. მოლაპარაკებების პირველ რაუნდში სამი შეხვედრა შედის, პირველი შეხვედრა ჟენევაში ამერიკისა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის გაიმართა, მეორე ბრიუსელში ნატოსა და რუსეთს შორის და ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა ეუთოს ეგიდით ვენაში ჩატარდება.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა, პირველი შეხვედრა შეაფასა, როგორც „ღია, ყოვლისმომცველი და პირდაპირი“. ამ შეფასებას ვაშინგტონშიც იზიარებენ. სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში პესკოვმა დასძინა, რომ საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა მიღწეულ შედეგს ექნება.
Facebook Forum