ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიურ-ანდალუსიური თრილერი პაიჭაძეზე


სურათზე: "ბარსელონა" თბილისში ევროპის მეხუთე სუპერთასის აღებას ზეიმობს
სურათზე: "ბარსელონა" თბილისში ევროპის მეხუთე სუპერთასის აღებას ზეიმობს

სუპერთასის ფანტასტიკური ფინალის ბოლო წუთზე, როცა „სევილიას“ მცველ ადელ რამის თავისუფლად შეეძლო მეხუთე გოლი გაეტანა და შეხვედრა პენალტების სერიაში გადაეყვანა, მე-20 სექტორში მჯდომი „ბარსელონას“ ფანების უმრავლესობა, მათ შორის მეც, უკვე ანდალუსიელებს ვუჭერდით მხარს.

51490 ბედნიერი გულშემატკივრიდან, რომლებსაც „თბილისურ კორიდაზე“ მოსახვედრად უზარმაზარი წინააღმდეგობების (ბილეთები.ჯი, ფედერაცია, ვაკის პარკის კარვები და რიგები, გადამყიდველები) გადალახვა მოუხდათ, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მომხრე იყო ჯადოსნური საფეხბურთო ზღაპარი უსასრულოდ გაგრძელებულიყო... ზღაპარი, რომლის მსგავსიც ბორის პაიჭაძის დინამოს სტადიონზე, 35 წელზე მეტია აღარ უნახავთ.

მანამდე კი იყო საოცარი პროლოგი: არგენტინელების, „სევილიელი“ ევერ ბენეგას ერთი და „ბარსელონელი“ ლიონელ მესის ორი ულამაზესი საჯარო დარტყმა. შემდეგ ნამდვილი დრამა: როცა რაფინიას და სუარესის გოლებს, „სევილიამ“ გიჟური 24 წუთიანი მონაკვეთით და სამი გოლით (რეიესი, გამეირი, კონოპლიაკა) უპასუხა! 1-4-დან ანგარიში 4-4 გახდა, ასეთი თრილერი სუპერთასის 44 წლიან ისტორიაში არასოდეს შემდგარა!

და ბოლო კულმინაცია, კვანძის გახსნა, ეპილოგი: დამატებითი მეორე ტაიმის 115-ე წუთი, რომლის მთავარი გმირებიც ისევ ლიონელ მესი და მოედანზე, 22 წუთის წინ გამოსული, პედრო როდრიგესი გახდნენ.5-4 და სუპერთასი მეხუთედ გაემგზავრა კატალონიის დედაქალაქში. ფინალის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ თავი „კამპ ნოუზე“ ეგონა

„მთელი მატჩის მანძილზე, „ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელს ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. დიდ მადლობას ვუხდი თბილისელ გულშემატკივრებს ასეთი მხურვალე მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები ვართ ამ დიდი შედეგით, ეს ახალი დიდი ფურცელია ბარსელონის ისტორიაში“.

ევროპის სუპერთასის ისტორია საინტერესოა იმით, რომ მისი ჩატარების იდეა მოუვიდა არა უეფას, არამედ ჰოლანდიელ სპორტულ ჟურნალისტ ანტონ ვიტკამპს. მეტიც, 1971 წელს, როცა ორი ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულების ფინალის პროექტი, 42 წლის ვიტკამპმა უეფას მაშინდელ პრეზიდენტს გააცნო, არტემიო ფრანკი ამ წინადადებით სულაც არ მოიხიბლა.

საბოლოოდ, 1972 წელს, პირველი სუპერთასი ამტერდამის „აიაქსსა“ და გლაზგოს „რეინჯერს“ (3-1, 3-2) შორის ჟურნალისტ ვიტკამპის დამსაქმებლის, ჰოლანდიური გაზეთის „დე ტელეგრაფის“ პატრონაჟით გაიმართა. უეფას ეგიდით, სუპერთასი მომდევნო 1973 წელს შედგა, „აიაქსმა“ ამჯერად იტალიის „მილანი“ გაანადგურა (0-1, 6-0).

წლების მანძილზე, უეფას სუპერთასი სუსტი ორგანიზებით გამოირჩეოდა, რის გამოც ფინალი სამჯერ ჩაიშალა. სამწუხაროდ, ეს 1981 წელსაც მოხდა, როცა ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული:, ევროპის თასების მფლობელთა თასის გამაჯვებულს თბილისის „დინამოს“ უნდა შეხვედროდა.

მერსისაიდელები მაშინ სპონსორების ზეწოლით ცდილობდნენ სუპერთასის ფინალი ერთმატჩიანი ყოფილიყო და ის კუვეიტში გამართულიყო, მაშინ როცა „დინამო“ ლივერპულსა და თბილისში ორმატჩიანი დუელის გამართვას ემხრობოდა.

საბოლოოდ, შეთანხმება ვერ მოხდა და სუპერთასი საერთოდ აღარ გათამაშდა, რამაც ქართველ გულშემატკივარს საოცრად დასწყვიტა გული. ვინაიდან, 1979 წელს, ჩემპიონთა თასზე „დინამოს“ უკვე დამარცხებული ჰყავდა „ლივერპულის“ ლეგენდარული გუნდი (1-2, 3-0).

სუპერთასი თბილისში 34 წლის შემდეგ მაინც დაბრუნდა, თუმცა მწერალ დავით ტურაშვილს „ბარსელონასა“ და ‘სევილიას“ სტუმრობამ, შორეული 1937 წელი გაასენა. მაშინ თბილისს ბასკეთის ლეგენდარული ნაკრები ეწვია, რომელმაც ასევე უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია და და სამუდამოდ დარჩა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში

„1937 წელს ბასკეთის ლეგენდარული ნაკრების წევრებმა თბილისში შეიტყვეს, რომ გენერალმა ფრანკომ ბილბაო და ბასკების ქვეყნის ტერიტორია დაიკავა. მიხვდნენ რომ უკან ვერასოდეს დაბრუნდებოდნენ, ვინაიდან ფრანკოს სძულდა ბასკები და აქედან პირდაპირ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში წავიდნენ.

გამოსამშვიდობებელი ბანკეტი გამართულა მთაწმინდაზე, მართლა ძალიან ჰგავს თბილისი და ბილბაო ერთმანეთს, სვამდნენ თურმე ქართულ ღვინოს და ტიროდნენ. მათ შორის, ისიდორე ლანგარა, გუნდის ლიდერი. ორივე თამაში მოგვიგეს მაშინ, „სულ სხვა ფეხბურთით“, რამაც უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა.“

თბილისში გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონამ“ მეხუთედ მოიგო ევროპის სუპერთასი ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა იტალიის „მილანს“. თბილისური თრილერის დროს, კიდევ რამდენიმე რეკორდი დამყარდა.

სუპერთასის ერთმატჩიან ფინალს აქამდე არასოდეს დასწრებია 51490 მაყურებელი და აქამდე არასოდეს გასულა ერთბაშად 9 ბურთი; „სევილიელი“ ბანეგას გოლი მესამე წუთზე, ყველაზე სწრაფი გოლი გახდა გათამაშების ისტორიაში; პირველად მოხდა, რომ სუპერთასის ფინალში გუნდმა, 3 ბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩა;

„ბარსელონელმა“ დანი ალვეშმა მეოთხედ მოიგო სუპერთასი და ამით „მილანის“ ლეგენდის პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა. „ბარსელონას“ მესაჭე ლუის ენრიკე კი გახდა მეოთხე ადამიანი, რომელმაც სუპერთასი მოიგო, ჯერ ფეხბურთელის, ახლა კი მწვრთნელი რანგში.

„ბარსელონას“ტვინს ლიონელ მესის კ,ი გუშინდელი დუბლის შემდეგ, ევროთასების ისტორიაში 80 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით, არგენტინელი ლეგენდა უშუალო კონკურენტს, მადრიდის „რეალის“ ლიდერს რონალდოს გაუთანაბრდა.

„მუდამ მაოცებს ის, თუ როგორ ეთაყვანებიან ამ გუნდს და მის მონაგარს არა მხოლოდ ისინი, ვინც კატალონიაში დაიბადნენ და ამის გამო აღმერთებენ „ბარსელონას“, არამედ უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში“ - ეს ფრაზა გრემ ჰანტერს ეკუთვნის, კატალონიური კლუბის ცნობილ მემატიანეს, რომელიც თავად შოტლანდიელია.

11 აგვისტოს თბილისური ფინალის შემდეგ, პირადად მე ეს დამოკიდებულება უკვე აღარ მაოცებს, რადგან „ბარსა“ გამუდმებით გვჩუქნის ისეთ ფეხბურთს, რომელიც მხოლოდ აღტაცებას იწვევს.

XS
SM
MD
LG