სამშაბათს რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აღლუმების გამართვას, მათ უფლებებზე საუბარსა და ჰომოსექსუალიზმის საკითხებზე სატელევიზიო განხილვების მოწყობას. მეორე დღესვე კრემლის გადაწყვეტილება ჰომოსექსუალებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობით აღნიშნეს. 10 000-ზე მეტი მომიტინგე შეკრიბა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში. დემონსტრაციის შესახებ მოსკოვიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს.
საპროტესტო აქციაზე კომუნისტების წითელ ალმებს და ანარქისტების შავ დროშებს შორის, რუსმა ჰომოსექსუალებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცისარტყელის გამოსახულებიანი დროშები და ქოლგები გამოიტანეს. აქტივისტევი შესამჩნევად დამფრთხალნი ჩანდნენ და მჭიდროდ შეკრულები ერთად მოძრაობდნენ. თან შავ ფორმებში გამოწყობილ პოლიციელებს შესქეროდნენ, რომლებიც დროდადრო მსვლელობაში შეიჭრებოდნენ ხოლმე.
19 წლის პროგრამირების ფაკულტეტის სტუდენტ, ვიტალის ხელში ლგბტ-ს კაშკაშა ნიშანი უჭირავს, თუმცა შეკითხვებს ნერვიული ბორძიკით პასუხობს.
„ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა იყოს მსგავსი კანონები. ეს მართლაც უაზრო და უარყოფითი ნაბიჯია. ჩემი მეგობრებიც, რომლების უმეტესობაც ჰომოსექსუალი სულაც არ არის, მეთანხმებიან, რომ ეს აბსურდული კანონია და რაღაც უბედურება ხდება ჩვენს ქვეყანაში“- ამბობს ის.
წინა დღით კანონზე კენჭისყრის პარალელურად, პროტესტის ნიშნად რუსეთის პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 20 გეი-აქტივისტი შეიკრიბა. მათ მემარჯვენე შეხედულების ადამიანები დაესხნენ თავს და სცემეს. პოლიციამ ტრადიციული სვლა გააკეთა და ისევ ჰომოსექსუალთა მხარდამჭერები დააკავა.
ცისარტყელის გამოსახულებიანი დროშით ხელში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს 22 წლის ლინგვისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ანა აკეთებს:
„ვიცი, რომ გუშინ ადამიანები სცემეს და დააკავეს. ძალიან მეშინია, რომ დღეს პროტესტზე თავისუფლად მოსვლის და დაკავების თავიდან აცილების ბოლო საშუალება მაქვს.“
დუმაში კანონი ხმის უმრავლესობით გავიდა 436 ნულის წინააღმდეგ. მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა თავი. ილია პონამორიოვი ის ერთადერთი კანონმდებელია, რომელმაც ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა. ოთხშაბათს ის მემარცხენე სოციალისტურ გუნდ „მარცხენა ფრონტთან“ ერთად ოპოზიციურ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.
პონამორიოვი აცხადებს, რომ კანონი გაურკვეველი ენით იყო ჩამოყალიბებული და პოზიციის დაფიქსირებისგან თავი სწორედ ამ მოსაზრებით შეიკავა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ განხილული კანონმდებლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მკვეთრად მემარჯვენე მიმართულების ნაბიჯს, რომლის მიზანიც პუტინის მიერ ტრადიციული კონსერვატორების გულის მოგებაა.
51 წლის ინგლისურის მასწავლებელი ალექსეი სინოდოვი ოთხშაბათს შეკრებილ ათასობით მომიტინგეთაგან ერთ-ერთი იყო. ის ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონი პუტინის მიერ ერთი წლის წინ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღებული ამკრძალავი კანონების სერიიდან მხოლოდ ერთია. „ისევ და ისევ არადემოკრატიული კანონები. მე არაფერი არ მაქვს ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო. როგორც მოსწონთ, ისე უნდა იცხოვრონ“ - აცხადებს პედაგოგი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსების დიდი ნაწილი ჰომოსექსუალიზმის მიმართ მტრულადაა განწყობილი. საუკეთესო შემთხვევაში მათ სურთ, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები და მათი ცხოვრება საზოგადო თვალისგან დამალული იყოს.
ლესბოსელი აქტივისტი ანა ამბობს, რომ კრემლს უმცირესობაზე თავდასხმით უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება სურს.
„ჩვენი ძალიან იოლად დასაჩაგრი ხალხი ვართ და ამიტომაც გვერევიან.“
რუსი ჰომოსექსუალები და მათი უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება პოპულარული სწორედ იმიტომაა, რომ ჰომოსექსუალების საკითხების და უფლებების განხილვას ტელევიზიაში ტაბუ ადევს. ტელეარხები კი რუსეთში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მხრივ ყველაზე ძლიერ და ქმედით მედია-საშუალებებად ითვლება. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი კანონს ხელს მოაწერს, არაოფიციალუი ტაბუ კანონად გადაიქცევა.