რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ცვლილებები შეეხო აკრძალვას ბარების, რესტორნებისა და ღამის კლუბების დახურვასთან დაკავშირებით. ოფიციალური პირები აკრძალვების შემსუბუქებას სიტუაციის გაუმჯობესებით ხსნიან.
დღეიდან, ბიზნესებს აღარ მოეთხოვებათ, რომ მათი დასაქმებულების მინიმუმ 30% სახლიდან მუშაობდეს. ინფორმაციას ქალაქის მერი, სერგეი სობიანინი ავრცელებს.
"სიტუაცია, კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, უმჯობესდება", განაცხადა მერმა და დასძინა, რომ "ამ სიტუაციაში, ჩვენი მოვალეობაა შესაძლებლობის მიხედვით, ეკონომიკის ყველაზე სწრაფი აღდგენა ვუზრუნველყოთ".
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, კორონავირუსით 71,076 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს მონაცემი გაცილებით მაღალია და რუსეთის ხელისუფლება რეალურ მონაცემებს არ ავრცელებს.
ძალაში რჩება პირბადეების ტარება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჯერ არ არის გადაწყვეტილი გააგრძელებენ თუ არა უნივერსიტეტები ონლაინ სწავლას.
სობიანინის თქმით, გასულ კვირას ქალაქში, სადაც 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დღეში 2,000-დან 3,000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეს მონაცემი მანამდე, დღეში 7,000 იყო.
მოსკოვის მერის თქმით, კორონავირუსის მკურნალობაზე ფოკუსირებული საავადმყოფოები, პირველად, ივნისის შემდეგ, თავისუფალია.
რუსეთი, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ქვეყანამ მკაცრი ლოქდაუნი შემოდგომაზე გამოაცხადა.
27 იანვრის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 17,741 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 1,873 მოსკოვში. სულ, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში, დაახლოებით, 3,775,000 შემთხვევა გამოვლინდაა.
Facebook Forum