ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ავღანეთში არსებულ სიტუაციას განიხილავენ


15 თებერვალს, რუსეთი, ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლებს. შეხვედრას პირველად ავღანეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. რუსეთის თქმით, მოსკოვს სურს რეგიონში სტაბილურობის დამყარებისთვის თანამშრომლობა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა ავღანეთის მთავრობას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ რუსეთი თალიბანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავს, რომელიც ამერიკელების თქმით რეგიონში მათი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სამშვიდობო მოლაპარაკებები 7 თებერვალს დააანონსა მის ავღანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ირანი, ინდოეთი და ავღანეთი არიან მიწვეულნი. ხოლო გასულ წელს, დეკემბერში გამართულ მოლაპარაკებებში, რუსეთთან ერთად ჩინეთი და პაკისტანი მონაწილეობდა. ჯერჯერობით, გაურკვეველია დაესწრებიან თუ არა ისინი ოთხშაბათის შეხვედრას.

უარი ამერიკას

ამერიკის შეერთებული შტატები მომავალ შეხვედრაზე მიწვეული არ არის.

„ჩვენ გადაჭარბებით არ უნდა აღვიქვათ ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობა აკონტროლოს საკუთარი ტერიტორია“, - ამბობს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის, საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი ანდრეი კაზანცევი. „ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მუშაობს რუსეთის მთავრობა სხვა მოთამაშეებთან და არა ავღანეთის მთავრობასთან“, - აცხადებს ის.

რუსეთის თქმით, მას სურს ცენტრალურ აზიაში, ე.წ.'ისლამური სახელმწიფოს' წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა.

„ავღანეთში ყველაზე მეტი საერთაშორისო ტერორისტია. ბევრ მათგანს რუსული პასპორტი აქვს ან ცენტრალური აზიიდან არიან - რუსულად მოლაპარაკე ცენტრალური აზიიდან, რომლებიც შესაძლოა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“, - ამბობს კაზანცევი.

თალიბანი და ისლამური სახელმწიფო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, ავღანეთში მომხდარი თავდასხმების, მკვლელობებისა და დაშავებულების 5-ჯერ უფრო მეტ შემთხვევაში, თალიბანის პასუხისმგებლობა დგას ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" შედარებით. თუმცა, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული შეტევების რაოდენობა სწრაფად იზრდება.

„რუსეთი მოელის, რომ თალიბანის ლიდერები დათანხმდებიან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას“. - ამბობს ვერლხოტუროვი. „ რა არის ამის მიზანი? ის, რომ ავღანეთი არ გახდეს ტერორისტების თავშესაფარი მაშინ, როდესაც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს და ლიდერებს სირიიდან და ერაყიდან გამოაძევებენ“, - ამბობს ის.

აშშ-ის თქმით, რუსეთის კავშირები თალიბანთან, ირანთან და პაკისტანთან, ორგანიზაციას ლეგიტიმაციას სძენს და ეხმარება. ამასთან, ძირს უთხრის ავღანეთის მთავრობის და ნატოს მცდელობებს ებრძოლონ ექსტრემიზმს რეგიონში.

„ერთის მხრივ, სისულელეა იმის თქმა, რომ რუსეთი არ ცდილობს ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციას. მეორეს მხრივ, რუსეთის მთავრობა ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დიდი საჰაერო ბაზა დაიკავა, რომელიც შესაძლოა ბირთვული ბომბდამშენების განთავსებისთვის იქნას გამოყენებული“, - ამბობს ვერლხოტუროვი.

ავღანეთში ამერიკის ძალების ხელმძღვანელის თქმით, უფრო მეტი ამერიკელი სამხედროს ჩართულობაა საჭირო, რათა ვაშინგტონმა შეძლოს ავღანეთის მთავრობის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება და ქაბული უკეთ გაუმკლავდეს არსებულ საფრთხეებს.

XS
SM
MD
LG