მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო, გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, და შვედეთში ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა, ევროპის დაავადებათა პრევენციის სააგენტო ამბობს, რომ გავრცელების რისკები ფართო საზოგადოებაში დაბალია.
სააგენტოს ხელმძღვანელი პამელა რენდი-ვაგნერი ფიქრობს, რომ ევროპის კონტინენტზე შესაძლოა იყოს არკვეული ე.წ. იმპორტირებული შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს აფრიკის რეგიონში და მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ინფიცირებულ პირებთან.
„მომავალ კვირებში კიდევ იქნება [ინფიცირების] შემთხვევები. ეს არის მოლოდინი. მაგრამ, რაც შეეხება [გავრცელების] რისკს ფართო მოსახლეობაში, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით, რისკი ამ მომენტში ძალიან დაბალია,“- ამბობს ევროპის დაავადებათა პრევენციის სააგენტოს ხელმძღვანელი.
რენდი-ვაგნერი აფრიკაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებს მოუწოდებს, ჩაიტარონ შესაბამისი ტესტირება, რათა ვირუსული ინფექციის დროული გამოვლენა და მასზე რეაგირება მოხდეს.
„ტესტირება, ტესტირება, ტესტირება, რათა რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ საეჭვო შემთხვევები ევროპაში და თავიდან ავიცილოთ მისი შემდეგომი გავრცელება“,- ამბობს ევროპის დაავადებათა პრევენციის სააგენტოს ხელმძღვანელი.
რა არის „მაიმუნის ყვავილი“?
„მაიმუნის ყვავილი არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც აქვს ვირუსული გრიპის მსგავსი სიმპტომები. ის იწვევს გამონაყარს და ჩირქოვან გამონადენებს კანზე. იშვიათ შემთხვევაში, ის ადამიანის სიკვდილსაც იწვევს.
როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი?
ვირუსული ინფექციის გავრცელება ხდება ახლო ფიზიკური კონტაქტით, მათ შორის სქესობრივი კავშირის გზით.
სად არის ეპიცენტრი?
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „მაიმუნის ყვავილის“ ორი განსხვავებული ვარიანტი ვრცელდება - ენდემური და ახალი შტამი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსული ინფექციის ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება ადამიანებში, ვიდრე მისი წინა ვარიანტები.
კონგოს რესპუბლიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა 14 000-ს აჭარბებს დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს. ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებში.
15 აგვისტოს „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირებული პირველი ადამიანი გამოავლინა შვედეთმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო ბოლო ორ წელში მეორედ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღონ დაავადების შესაჩერებელი ზომები.
„ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“,- წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა, "მაიმუნის ყვავილი" არ არის კოვიდ-19. ამ დაავადებასთან საბრძოლველად, დიდი ხანია დადასტურებულად ეფექტიანი საშუალებები არსებობს. მისი შეკავება კიდევ იმიტომ არის უფრო იოლი, რომ ის კოვიდივით სწრაფად არ ვრცელდება.
Facebook Forum