ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის პრეზიდენტი: რუსეთი ამომრჩევლებს "ყიდულობს"


ოთხშაბათს, მოლდოვის პრო-ევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთს ბრალი დასდო, რომ პრო-მოსკოვური პოლიტიკური პარტიებისთვის ფულის მიწოდებით, ამ უქმეებზე დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლებს „ყიდულობს“.

სანდუმ, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და მოსკოვს ბრალი დასდო, რომ მის დამხობას პუტჩით ცდილობდა, თქვა რომ მოსკოვმა „კრიმინალურ ჯგუფებს“ ორი თვის განმავლობაში 5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიაწოდა. ამ ჯგუფებში შედის აკრძალული პარტია, რომელსაც ძებნილი ბიზნესმენი ილან შორი ხელმძღვანელობს.

სანდუმ ამომრჩევლებს მოუწოდა, საარჩევნო ყუთთან მხარი მის მოკავშირეებს დაუჭირონ და მოლდოვის ევროკავშირისკენ სწრაფვის მხარდაჭერა წარმოაჩინონ.

„ადრე რუსეთმა მოიყვანა ის ხალხი, რომელიც მოლდოვას მართავდა. მას ამის საშუალება აღარ აქვს. ახლა ის მოლდოვის მოქალაქეებს ყიდულობს. კრემლი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს იყენებს... ეს ადამიანები კრემლისთვის მუშაობენ და მოსკოვში ფულის მისაღებად დადიან“, თქვა სანდუმ Jurnal TV-სთან ინტერვიუში.

სანდუმ სამართალდამცავ ორგანოებს ამაზე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად მოქმედებისკენ მოუწოდა.

სააგენტო „როიტერმა“ სანდუს ბრალდებებზე კომენტარისთვის რუს ოფიციალურ პირებთან დაკავშირება ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო.

მოლდოვაში კვირისთვის დაგეგმილი არჩევნები განიხილება როგორც ბარომეტრი, რომელიც სანდუს პრო-ევროპული სწრაფვის ხარისხს განსაზღვრავს.

მაისში, კიშინაუს ქუჩებში პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა, მაგრამ პატარა ქალაქებში და სოფლებში ეს მხარდაჭერა ნაკლებად უეჭველია.

XS
SM
MD
LG