ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა „საგაზაფხულო შეტევა“ დაიწყეს


ამბოხებულებმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს რაკეტები დაუშინეს

ორშაბათს, მთელს ავღანეთში რიგი თავდასხმებით, თალიბებმა ყოველწლიური „საგაზაფხულო შეტევა“ დაიწყეს.

ამბოხებულებმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს რაკეტები დაუშინეს. რაკეტები მოხვდა ნატოს ბაზას ბაგრამზე, ქაბულის ჩრდილოეთით. არც ერთი თავდასხმის შემთხვევაში, ადამიანების დაშავება არ აღრიცხულა.

აღმოსავლეთის ქალაქ ჯალალაბადში, შეიარაღებულმა მებრძოლებმა იუსტიციის სამინისტროს შენობა დაიკავეს, რამაც ამბოხებულებსა და პოლიციას შორის სროლა გამოიწვია. ამ სროლის შედეგად ვინმეს დაშავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი ჯერ არ არის.

სამი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, მოკლეს ღაზნის პროვინციაში, სადაც ამბოხებულებმა პოლიციის რამდენიმე საკონტროლო პუნქტი გახადეს სამიზნე.

ყველა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

გასულ კვირაში თალიბებმა თქვეს, რომ შეტევას ორშაბათს დაიწყებენ.

შეიარაღებული დაჯგუფების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თალიბანი ამბობს, რომ შეტევაში მონაწილეობას მიიღებენ ჩანერგილი ელემენტები, ასევე მოხდება თავდასხმები „მტრის დიდ და კარგად გამაგრებულ ბაზებზე.“

თავდასხმები ემთხვევა იმ პერიოდს, როცა საერთაშორისო საბრძოლო ქვედანაყოფებმა, ქვეყნიდან გასვლა ამ წლის ბოლოს უნდა დაასრულონ. წვრთნის და კონსულტაციის მიზნით, ზოგიერთი ქვედანაყოფი შესაძლოა ქვეყანაში 2014 წლის დეკემბრის შემდეგაც დარჩეს, თუ ავღანეთის ხელმძღვანელობა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას დაამტკიცებს.

შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედმა ძალებმა, თალიბების მთავრობა ხელისუფლებას 2001 წელს ჩამოაშორა.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა თალიბების შეტევას პროპაგანდა უწოდა და განაცხადა, რომ ავღანეთის უშიშროების ძალები გააგრძელებენ ავღანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

თალიბების მუქარის მიუხედავად, რომ ძალადობას გაზრდიდნენ და არჩევნებს ხელს შეუშლიდნენ, ავღანეთში 5 აპრილს გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მნიშვნელოვანი თავდასხმების გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG