ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი ევროპელ მოკავშირეებს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპელ მოკავშირეებს, 2015 წელს დადებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლისკენ დაჟინებით მოუწოდა. მან თეირანს „მსოფლიოში ტერორის სპონსორი წამყვანი სახელმწიფო“ უწოდა.

პენსი სიტყვით გამოვიდა ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ვარშავაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც შეერთებული შტატები და პოლონეთი მასპინძლობდნენ.

გასულ წელს, შეერთებული შტატებიირანის მრავალეროვნულ ბირთვულ შეთანხმებას გამოეთიშა და იმ ქვეყნის საწინააღმდეგო სანქციები განაახლა.

ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაპირველად თქვა, რომ ვარშავის შეხვედრაზე ირანი ყურადღების ცენტრში იქნებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა განსახილველი თემები გააფართოეს და დღის წესრიგში ისრაელ-პალესტინელების დავა და სირიაში და იემენში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა ჩართეს.

ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და პალესტინელები, რომლებმაც შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ამ კვირაში, ირანი თავისი ისლამური რევოლუციის 40 წლისთავს აღნიშნავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თეირანში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვარშავის კონფერენცია „მკვდრადშობილი“ იყო. მან ამ შეხვედრას„შეერთებული შტატების მიერ ირანის უსაფუძვლო აკვიატების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის მცდელობა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG