ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერუჩაშვილის 283 დღე


თამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი

„არაფერი დრამატული არ მოხდა“ - ასე გამოეხმაურა 54 წლის კარიერული დიპლომატი თამარ ბერუჩაშვილი, პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს თბილისში, ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში და ზედ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების წინ.

ბერუჩაშვილმა საგარეო მინისტრად სულ 8 თვე და 19 დღე იმუშავა. ის, საგარეო მინისტრის პოსტზე საკმაოდ არაორდინალურ სიტუციაში აღმოჩნდა. 2014 წლის ნოემბერში, როცა პრემიერმა ღარიბაშვილმა თანამდებობა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას დაატოვებინა, სოლიდარობის ნიშნად, კოალიციური მთავრობა „თავისუფალი დემოკრატების“ თითქმის ყველა წევრმა დატოვა. მათ შორის იყოს საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი ოთხი მოადგილე, მათ შორის ბერუჩაშვილიც.

თუმცა, სულ რაღაც 6 დღეში ბერუჩაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და პრემიერს დათანხმდა საგარეო მინისტრის პოსტი დაეკავებინა. ღარიბაშვილმა 8 თვის წინ, ბერუჩაშვილის წარდგენისას, მას „უმაღლესი კვალიფიკაციის დიპლომატი“ უწოდა.

დღეს, ამბასადორიალზე, ახალი საგარეო მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წარდგენისას კი ბერუჩაშვილი მედიის წინაშე საერთოდ აღარ გამოჩენილა. პრემიერმა მისი ბედის განსაზღვრა სწორედ ახალ მინისტრ კვირიკაშვილს მიანდო. ახალმა მინისტრმა ბრძანა, რომ ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული და ხაზი გაუსვა, რომ საგარეო კურსი უცვლელი რჩება.

„გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის შეუქცევადი კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ძალიხმევას არ დავიშურებთ ნატოსთან შემდგომი დაახლოებისთვის. ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალ ვარშავის სამიტზე აისახოს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი.

მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პატრნიორობის გაგრძელება. მიუხედავად პრობლემებისა კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან.“

ბერუჩაშვილისგან განსხავებით, კვირიკაშვილი არ არის პროფესიონალი დიპლომატი. იგი წლების მანძილზე საბანკო სფეროში მოღვაწეობდა, მათ შორის, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის რანგში. 1999-2003 წლებში, კვირიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, პრეზიდენტ შევარდნაძის პარტიის „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 2012 წლის შემოდგომიდან კი ეკონომიკის მინისტრი გახდა.

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 წლიან ისტორიაში, სულ სამი შემთხვევაა, როცა უწყება გარედან მოსულმა ადამიანმა ჩაიბარა. პირველად ეს მოხდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, როცა საგარეო მინისტრად, სპეციალობით ისტორიკოსი და პროფესიით ხელოვნებათმოცდონე გოგი ხოშტარია დაინიშნა. მან საგარეო მინისტრად 1990 წლის ოქტომბრიდან 1991 წლის სექტემბრამდე იმუშავა.

ხოშტარიას მემკვიდრეც არაპროფესიონალი იყო. 1991 წლის სექტემბრიდან-დეკემბრის ჩათვლით, მაშინ როცა სამხედრო ხუნტამ, რუსეთის მხარდაჭერით, პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო და თბილისის ცენტრი გადაწვა, საგარეო მინისტრის მოვალეობას, იურისტი მურმან ომანიძე ასრულებდა.

მედიცინის სფეროდან მოსულმა ირაკლი მენაღარიშვილმა კი ყველაზე დიდხანს, 7 წლისა და 11 თვის მანძილზე უხელმძღვანელა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა საგარეო სამინისტრო, 1995 წლის დეკემბერში ჩაიბარა და თანამდებობა 2003 წლის ნოემბრის მიწურულს, ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა. მენაღარიშვილის ეს რეკორდი დღემდე ძალაშია.

რა შეიძლება შეცვალოს ან შემატოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფესიით ფინანსისტმა კვირიკაშვილმა? საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს:

„ცვლილებები როგორც ჩანს, გამოწვეულია ეკონომიკაში საგარეო კომპონენტის გაძლიერების მიზნით. ეს კომპონენტი უნდა გაძლიერდეს. ამ მიზნით, ეკონომიკის მინისტრი, რომელიც არის კარგი სპეციალისტი ამ მიმართულებით-ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო იმიჯის შექმნა, არის დანიშნული საგარეო მინისტრად. ცალსახაა, რომ საგარეო კურსი იქნება უცვლელი.“

საგარეო მინისტრად გადასული გიორგი კვირიკაშვილის ადგილი ეკონომიკის სამინისტროში, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. იგი 2012 წლის ოქტომრიდან 2015 წლის მარტამდე, სწორედ კვირიკაშვილის მოადგილე იყო და პარალელურად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თავჯდომარეობდა. მარტიდან კი თბილისის ვიცე მერის პოზიცია ეკავა.

ბოლო საკადრო ცვლილებების შემდეგ, საქართველოს მთავრობაში, 5-მდე გაიზარდა იმ მინისტრთა რაოდენობა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს სტრუქტურებში უმუშავიათ.

ესენი არიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯავახიშვილი, ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუმსიშვილი და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსი, ყოფილი შს მინისტრი გომელაური.

XS
SM
MD
LG