ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია პლურალიზმი – აქილევსის ქუსლი წინასაარჩევნოდ


მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიცია ხელისუფლებას მედია ბაზრის ლიბერალიზაციას სთავაზობს

მედია ხელმისაწვდომობის საკითხი საქართველოში მწვავედ დგას. მაუწყებლები დღეს განვითარების თანაბარი პირობებისთვის იბრძვიან. რამდენად მიეცემა საზოგადოებას შესაძლებლობა საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე გადართოს ტელევიზორი სხვადასხვა არხზე და თავად აირჩიოს, რას ადგევნოს თვალი და რას არა, ამას გადაწყვეტენ პარლამენტში. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიცია ხელისუფლებას მედია ბაზრის ლიბერალიზაციას სთავაზობს. 200–ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საქართველოში მოითხოვს საპარლამენტო ცვლილებებს, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღების თავისუფლებას. დღეს პარლამენტში მედია კოალიციისა და კანონმდებელთა მეორე შეხვედრა იმართებოდა ამ საკითხზე კამპანია „ეს შენ გეხება“ ფარგლებში.
უფრო კონკრეტულად, არასამთავობო და მედია ორგანიზაციები მოითხოვენ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც საკაბელო კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს გაატარონ ყველა არსებული ქართული მაუწყებლის სიგნალი. კამპანიას, რომელიც „მასთ ქერისა“(must carry) და „მასთ ოფერის“(must offer) სახელით იმართება, მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიებიც. გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“. შორენა შავერდაშვილი, მედია კოალიციის წევრი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი, რასაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ინიციატივას უპირისპირებს მდგომარეობს იმაში, რომ ეს იქნება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევა, რაც სასაცილოდ ჟღერს. რეალურად საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს, იგივე მეცხრე არხის მიმართ, რომელსაც დღეს არ აქვს საშუალება იმაუწყებლოს“.
შეხვედრა, რომელიც პარლამენტში მასთ ქერის საკითხის თაობაზე იმართებოდა საათნახევრის წინ უშედეგოდ დასრულდა. „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ წევრი ლევან დოლიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას ხელისუფლების მხრიდან პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი ესწრებოდნენ. „ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავს პროექტს ანალოგი არ აქვს სხვა ქვეყნებში და ესაა კერძო ორგანიზაციების საქმეში ჩარევა, თუმცა ჩვენ არც ერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით, რადგან ამდაგვარი პრინციპის გატარება მაუწყებლებთან მიმართებით აპრობილებული პრაქტიკაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საჯარო ინტერესის გათვალისწინებაც. წინასაარჩევნოდ მედიაპლურალიზმი აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“,– ამბობს ლევან დოლიძე.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ყურადღება გაამახვილა მედიის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.
დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მედიის ხელმისაწვდომობის საკითხებზე უკანასკნელი არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მედია პლურალიზმის საკითხი კიდევ განიხილება.
XS
SM
MD
LG