ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი 3 მარტს ვაშინგტონში გამართულ ამერიკა ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის 2014 წლის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება უკრაინაში მიმდინარე სიტუაციაზე და რუსეთის ჯარების მიერ ყირიმის ოკუპაციაზე გაამახვილა.
სენატორმა მოხსენება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარით გახსნა და განაცხადა, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო ახლო აღმოსავლეთი კი პირდაპირ კავშირშია ისრაელის სახელმწიფოს არსებობასთან.
„მე არ ვაპირებ უკრაინის ისტორია მოგიყვეთ. ფაქტი ისაა, რომ ყირიმი სუვერენული უკრაინის სუვერენული ნაწილია და ასობით ათასი უკრაინელი ყინვაში მოედანზე გამოვიდა და განაცხადა, რომ არ სურდათ პუტინის რუსეთის ნაწილი გამხდარიყვნენ,“ თქვა სენატორმა. მან განაცხადა, რომ ოლიმპიადის დასრულებისთანავე რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია დაიწყო.
„ეს ვლადიმირ პუტინის მხრიდან უხეში აქტია და ის მსოფლიო თანამეგობრობისთვის მიუღებელი უნდა იყოს. გულახდილად რომ გითხრათ, არ არსებობს სამხედრო ვარიანტი, რომლის გამოყენებაც ახლა შეიძლება. მაგრამ, როგორც მსოფლიოს უძლიერეს და უდიდეს ქვეყანას სხვა უამრავი ვარიანტი უნდა ჰქონდეს.“ რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად სენატორმა მაკეინმა რამდენიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობაზე ისაუბრა, მათ შორის, მაგნიცკის აქტში ახალი „კლეპტოკრატების და კორუმპირებული ადამიანების“ სახელების დამატება და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება.
„რატომ უნდა გვაღელვებდეს ეს? იმიტომ, რომ ეს არის სუსტი საგარეო პოლიტიკის შედეგი, როცა აღარავის სჯერა ამერიკის სიძლიერე. ბევრ თქვენგანს ალბათ ახსოვს, როცა 2009 წელს „იუტუბზე“ ვნახეთ როგორ დაიცალა სისხლისგან თეირანის ქუჩაში ახალგაზრდა ქალი, სახელად ნედა. ირანელი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ამბობდა „ობამა, ობამა, შენ ჩვენს მხარეს ხარ თუ მათ მხარეს?“ და იცით რა, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამაზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს,“ განაცხადა სენატორმა.
მაკეინმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ცივი ომი დასრულებულია. მისი თქმით, ეს ასეც არის, მაგრამ პუტინს სხვაგვარად ჰგონია. ობამა არ ფიქრობს, რომ ნულოვანი ჯამის თამაში მიმდინარეობს. „შეხედეთ მოლდოვას, შეხედეთ საქართველოს ოკუპაციას, შეხედეთ ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, შეხედეთ რას აკეთებენ ბაშარ ასადის დასახმარებლად, რომელიც ათობით ათას უდანაშაულო ადამიანს ხოცავს სირიის ქალაქებში. ეს მიუღებელია,“ თქვა სენატორმა.