საარჩევნო პროცესი მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. რამდენიმე ინციდენტი ახლა შესაბამისი უწყებების გამოძიების საგანია.
"ავერსის" კლინიკის ექიმის, ნინო გოგიძის ცნობით, სოფელ ყიზილაჯლოში 83-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ "გირჩის" წევრს, ირაკლი ქველაძეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს, ტვინის შერყევა აქვს.
"მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ შემოიყვანა, უგონო მდგომარეობაში არ იყო, როგორც თვითონ თქვა, ჩხუბის დროსაც არ დაუკარგავს გონება. მისი გადმოცემით, თავს დაესხნენ და ამ დროს მიიღო თავის ტრავმა, კვლევები გაკეთდა, თავის ტვინის შერყევაა, ახლა ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობას აგრძელებს. ჭრილობები არ აქვს, პატარა ესკორაციები და ყვრიმალების არეში შეშუპება ", - განაცხადა გოგიძემ.
მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ
ეს ახალგაზრდა მივიდა უბანზე, როცა აყალბებდნენ არჩევნებს, ის ხელს უშლიდა გაყალბებას, მაგრამ არ დაიზარეს და ეს ერთი ბიჭი 30-მა კაცმა სცემა", - განაცხადა იმამკულიევმა. ის ბრალს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სდებს.
როგორც ყიზილაჯლოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა, დაპირისპირება მოჰყვა გირჩის წევრის მხრიდან იმის მითითებას, რომ უბანზე შევიდა არარეგისტრირებული პირი.
კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა სოფელ დაშტაფაში დაჭრილმა "ლეიბორისტული პარტიის" მხარდამჭერმაც. ექიმის თქმით, მას ჭრილობა მუხლის არეში ჰქონდა მიყენებული და პაციენტმა კლინიკა სტაბილურ მდგომარეობაში დატოვა.
ექიმის ცნობით, კლინიკაში შეყვანილია 61 წლის მამაკაციც, რომელსაც მრავლობითი ტრავმები, სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა აქვს, თუმცა, ექიმი არ ფლობს ინფორმაციას, აღნიშნულმა პირმა მიიღო თუ არა დაზიანებები სააჩევნო უბანზე. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულმა მამაკაცმა დაჭრა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ამ უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც.
ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებაც, რომ დამკვირვებლებმა მარნეულის 22-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე დაინახეს, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზული ათობით ბიულეტინი ზიანდებოდა და ნაგავში იყრებოდა.
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განცხადებით, მარნეულის 91 უბანზე ხმა 47 344 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 47,3%-ია. ილურიძის თქმითვე, ოლქში შესული საჩივრები ძირითადად, პროცედურული იყო.
Facebook Forum