ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მსვლელობა გაიმართება, მთავარი ფოკუსი - პოლიციის ძალადობა


ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში პარასკევს, მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი, ისტორიული მარშიდან 57 წლის შემდეგ კვლავ მსვლელობა გაიმართება. "სამსახურისა და თავისუფლებისვის", - სწორედ ამ მარშისას წარმოთქვა მარტინ ლუთერ კინგმა ცნობილი სიტყვა: "მე მაქვს ოცნება".

ამ წლის მსვლელობას წინ შავკანიანი მოქალაქეების მიმართ პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უძღოდა. დემონსტრანტები ქუჩაში მინეაპოლისში მომხდარმა ფაქტმა გამოიყვანა, როდესაც პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას ძალა გამოიყენა და ის სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. ფლოიდის სიკვდილი დემონსტრანტებისთვის მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევა იყო იმისა, რასაც ისინი სისტემურ რასიზმს უწოდებენ.

მსვლელობას, რომელიც არაერთი სხვადასხვა სამოქალაქო უფლებათა დაცვის ჯგუფების ორგანიზებით იმართება, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის მიზეზის აღსანიშნად ასე დაარქვეს: "მოგვაშორეთ თქვენი მუხლები ჩვენი კისრიდან". ამ კვირის დასაწყისში ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციის ოფიცერმა 29 წლის ჯეიკობ ბლეიკს ესროლა. ბლეიკი ამჟამად საავადმყოფოშია და წელსქვემოთ პარალიზებულია.

აქცია ლინკოლნის მემორიალთან დაიწყება და რამდენიმე საათის შემდეგ მარტინ ლუთერ კინგის მემორიალისკენ გადაინაცვლებს. გამომსვლელთა შორის იქნებიან კანონმდებლები და პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლები და ოჯახის წევრები.

თავდაპირველად, 100 000 ადამიანის შეკრებას ელოდნენ, თუმცა ეროვნული პარკების სამსახურმა ამ კვირაში 50 000 ადამიანის შეკრებაზე გასცა ნებართვა. კოვიდ 19-მა ამ ღონისძიებაზეც იმოქმედა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი ყველა დამსწრეს სიცხეს გაუზომავენ, 200-მდე ხელის დეზინფიცირების საშუალება იქნება უზრუნველყოფილი და ყველა ვალდებული იქნება, ეკეთოს ნიღაბი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG