ნელსონ მანდელას ხშირად უყვარდა ხუმრობა, რომ გარდაცვალების შემდეგ, ზეცაში დაუყოვნებლივ დააარსებდა აფრიკის ეროვნული კონგრესის ფილიალს.
მაგრამ როგორც ჩანს აქ, მიწაზე, ის პარტია, რომელიც მან 1994 წელს ხელისუფლებაში მიიყვანა, თავის ბრწყინვალებას კარგავს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მომავალ წელს ეროვნული არჩევნები ჩატარდება, რაც თეთრკანიანთა უმცირესობის მმართველობიდან დემოკრატიაზე გადასვლის 20 წლისთავზე მოხდება. იმ დროიდან პოლიტიკაში აფრიკის ეროვნული კონგრესი დომინირებდა და კონგრესის ლიდერები ხშირად იხსენიებენ თავისი პარტიისადმი ბატონ მანდელას ურყევ ერთგულებას და სინამდვილეში აიგივებენ ამ ორს.
მაგრამ სამხრეთ აფრიკელები ამბობენ, რომ გასულ კვირას ბატონ მანდელას გარდაცვალების შემდეგ, მათ უფრო გაუადვილდებათ განაცალკევონ პიროვნებისადმი სიყვარული და მისი პარტიის მიმართ მზარდი კრიტიკა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეიძლება თავისუფალი იყოს, მაგრამ სამხრეთ აფრიკელი შავკანიანი მოსახლეობა, ეკონომიკურ განვითარებამდე და თანასწორობამდე ჯერ კიდევ შორს არის. უმუშევრობის დონე მაღალ ნიშნულზეა 26 პროცენტით. მმართველი პარტია ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ იყო მკაცრად გაკრიტიკებული კორუფციული სკანდალების გამო.
66 წლის ფრანს მალოკა გაღატაკებულ პატარა ქალაქ ალექსანდრაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ აღარ ენდობა იმ პარტიას, რომელმაც მას თავისუფლება მიანიჭა და კიდევ უფრო ნაკლებად ენდობა ახლანდელ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას.
„არა... არა... არა..., მე იქ ვერ წავალ. მე გეუბნებით, რომ უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. მაგრამ მე ხმას ვერ მივცემ აფრიკის ეროვნულ კონგრესს. მირჩევნია ხმა მივცე დემოკრატიულ ალიანსს. ...შეხედეთ როგორ ვიტანჯებით. აფრიკის ეროვნული კონგრესი კარგი აღარაა. ჩვენ აფრიკის ეროვნული კონგრესი არ გვჭირდება. მაშინ ჩვენ მანდელას ვაძლევდით ხმას, ჩვენ მანდელა მოვიყვანეთ.“
ის ლაპარაკობს ქვეყნის წამყვან ოპოზიციურ პარტია, დემოკრატიულ ალიანსზე. დემოკრატიული ალიანსის პრეს მდივანი მუსი მაიმანე ამბობს, რომ ბატონი მანდელას გარდაცვალების შემდეგ პარტია ერიდებოდა პოლიტიკაზე საუბარს. ბევრი სამხრეთ აფრიკელის მსგავსად, მაიმანემ ბატონი მანდელა მოიხსენია მისი კლანური სახელით, მადიბა.
„ჩვენ, როგორც პარტიამ ავირჩიეთ ხედვა, რაც გულისხმობს, რომ არ გვსურს ფოკუსის გადატანა ისე, რომ მივიღოთ პოლიტიკანობა და პოლიტიკა. მაგრამ ეს სინამდვილეში ნელსონ მანდელას განვლილ ცხოვრებას ეხება, ეს ამის ზეიმია და ეს არის მადიბას ოჯახის შესახებ. ძალზედ ბევრი პოლიტიკური საკითხებით ამის დაჩრდილვა, კარგად განვლილი ცხოვრების მიმართ, ერთგვარი უსამართლობა იქნებოდა.“
მაიმანე ამბობს, რომ მისი პარტია აღიარებს ბატონ მანდელას ურღვევ კავშირს პოლიტიკასთან, თუმცა აღნიშნავს, რომ აფრიკის ეროვნული კონგრესისადმი მზარდი კრიტიკა, ბატონი მანდელას გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე ისმოდა.
„ნელსონ მანდელას გარდაცვალების მიუხედავად ეს შეგრძნება იზრდებოდა. არის დიდი პარალელები, სადაც ადამიანები კითხვებს სვამენ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ჯერ კიდევ რა გვაფერხებს. ვფიქრობ, რომ ახლა რთული დროა და ადამიანები განცხადებებს გააკეთებენ ან ერთი ან მეორე მიმართულებით. მომავალი წლის არჩევნებს ჩვენ ვღებულობთ როგორც ფაქტს, რაც საინტერესო და იმავდროულად ძნელი იქნება.“
ასეთმა მიმდინარეობამ წარმოშვა ასეთი იშვიათი და ძნელად მოსაძებნი არსება, რომლის ნახვა სამხრეთ აფრიკის საზღვრებს გარეთაც იშვიათობაა, ეს არის გადაწყვეტილების არმქონე ამომრჩეველი.
32 წლის ასაკის, უმუშევარი მშენებლობის მუშა ჯონ მოჰანო არის ასეთი ამომრჩეველი. ის შიშობს, რომ ბატონი მანდელას სიკვდილი შეამცირებს სამხრეთ აფრიკისადმი მსოფლიოს ნდობას.
„არსებულ ვითარებაში, ჩვენი მმართველი პარტიაც კი... ვფიქრობ ბევრმა ადამიანმა არ იცის ვის მისცეს ხმა.“
ასეთია ბატონი მანდელას მემკვიდრეობა, ის იმდენად საყვარელი და აღმაფრთოვანებელი ლიდერი იყო, რომ ბევრს ვერ წარმოუდგენია მომავალი მის გარეშე.