ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალხაზ ვანიშვილი თავისუფალია?


ვალია ვანიშვნილი, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვნილის მეუღლე
ვალია ვანიშვნილი, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვნილის მეუღლე

24 დეკემბერს კონფლიქტის ზონიდან, ცხინვალის მხარეს ორი სიახლე გვაქვს. ერთი ის გახლავთ, რომ მალხაზ ვანიშვნილი (ქურთაევი), რომელიც ორი კვირის განმავლობაში დე-ფაქტო ადმინისტრაციას ჯერ ახალგორში ჰყავდა დაკავებული, შემდეგ კი ცხინვალში, გამოუშვეს საპყრობილიდან. მეორე სიახლე ზაზა გახელაძეს უკავშირდება, ვინც 11 ივლისის შემდგომ დე-ფაქტო რეჟიმის ტყვეა. დღეს მისი სასამართლო პროცესი შედგა ცხინვალში, რომლის ვერდიქტის თანახმად, მას პატიმრობა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივდა.

მალხაზ ვანიშვნილის (ქურთაევის) გათავისუფლების შესახებ "ამერიკის ხმამ" იმ დროს შეიტყო, როდესაც მის ბებიას, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ ვალია ვალიშვილს ტელეფონით ესაუბრებოდა. მოხუცმა ბებიამ შვილიშვილის დანახვისას ცრემლი ვერ შეიკავა და შერეული, ქართულ-ოსური მოფერების სიტყვებით ჩაიხუტა გულში: „შვილო, შვილო, ახლა აღარსად გაგიშვებ“. მალხაზ ვანიშვნილის (ქურთაევის) აღზრდაში ხურვალეთში მცხოვრებ ბებიასა და პაპას, ვალია და დათა ვანიშვნილებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ხურვალეთში ყოფნისას ბებიამ გვითხრა: „კილონახევარი იყო მახო, რომ დაიბადა, მე გავზარდე, ეგაა ჩვენთვის ყველაფერი“.

რუსული სათვალთვალო ჯიხური ხურვალეთში, ვანიშვნილების კუთვნილ მიწის ნაკვეთთან
რუსული სათვალთვალო ჯიხური ხურვალეთში, ვანიშვნილების კუთვნილ მიწის ნაკვეთთან

ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვნილი ამჟამად ავადმყოფობს. მას ფილტვების ანთების დიაგნოზი ცხინვალელმა ექიმმა დაუსვა. როგორც მისი მეუღლე, ვალია ვანიშვნილი ამბობს, დათა პაპას კორონა-ვირუსზე ტესტიც გაუკეთეს, რაზე პასუხიც უარყოფითია, თუმცა ამ დროისთვის ის სულ წევს და ფეხზე ადგომა არ შეუძლია. „ბოლო პერიოდია, ჭამა დაიწყო, შვილო, კოვზით ვაჭმევთ, თვითონ ვერ ახერხებს“,- გვეუბნება ბებია, რომელიც დღეს შვილიშვილის განთავისუფლების გამო უზომო ბედნიერებას განიცდის.

მალხაზ ვანიშვნილის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი ბებიისა და პაპის სახლია ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში. მან სკოლა ხურვალეთში დაამთავრა და ცოლადაც კლასელი, თათია ადიკაშვილი შეირთო, დაახლოებით, ერთი წლის წინ. მახო ხურვალეთელებთან - მეზობლებთან, კლასელებთან, თანასოფლელებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მისი ცხოვრება დამატებითი სირთულეების გარეშე წარიმართებოდა, რომ არა რუსული ოკუპაცია და მათ მიერ ხურვალეთში, ცხვირწინ გავლებული ეკლიანი მავთულხლართი.

დათა ვანიშვნილი, ხურვალეთი
დათა ვანიშვნილი, ხურვალეთი

მას შემდეგ, მახოს მოხუცი ბებიისა და პაპის საჭიროებების შესაბამისად, ხან საყიდლებზე უწევს წასვლა გორში, ხან აფთიაქში და ამისთვის, ბუნებრივია, მავთულხლართი უნდა გადალახოს. სწორედ ეს გადალახვა აქცევს მახოს კრიმინალად რუსი მესაზღვრეებისთვის.

ის უკვე მესამედ დაიჭირეს და ამჯერად მტკიცედ გააფრთხილეს: „აღარ გადაკვეთოს საზღვარი“, თორემ დაიჭერენ და ამჯერად, 6 წლით. „მეშინია, ძალიან მეშინია, აღარ ვიცი, რა ვქნა. ცოლის სახლში ვიყავი (მალხაზ ვანიშვნილის მეუღლე ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში ცხოვრობს, - ნ.დ.) და პაპა რომ ავად გახდა, გადმოვედი, აბა რა მექნა? არ მიმეხედა მოხუცებისთვის? მე რომ წამოვედი, ცოლიც გამომეკიდა, სადაც შენ ხარ, მეც იქ მინდა ყოფნაო. მერე დაგვიჭირეს და ახალგორში წაგვიყვანეს. ჩემი ცოლი ამბობდა, მეც შენთან ვიქნები, როგორც შენ იქნები და სადაც შენ იქნები, მეც ისეო. რუსებსაც უთხრა, მახოსთან დავრჩებიო, მაგრამ მაგათ დეპორტი ჩაურტყეს და გამოუშვეს. ეს რომ გავიგე, ტირილი დავიწყე, ხან აქეთ მივაწყდი, ხან იქით, მაგრამ ოთხ კედელს შუა ვიყავი გამომწყვდეული, ჩემი ღრიალით ვერაფერს გავხდი. ასე მითხრეს, ახლა შენი ცოლი აქ ვეღარ შემოვა და თუ შემოიპარება, დავიჭეთო. არადა, იანვრის ბოლოს ბავშვს ველოდები. რა ვქნა, არ ვიცი. ისე უნდა გაიზარდოს ჩემი შვილი, რომ მამა ვერ ნახოს?“- გვეკითხება მალხაზი, თუმცა ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მალხაზი ახლა ხურვალეთში, ბებიისა და პაპის სახლში იმყოფება, მას გადაადგილების უფლება მაინც შეზღუდული აქვს. როგორც თვითონ ამბობს, ორი თვე პირობით პატიმრობაშია და პერიოდულობით, ცხინვალში უნდა გამოცხადდეს იმის დასამტკიცებლად, რომ სასჯელს ემორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ დაიჭერენ.

ვანიშვნილების ოჯახი უმძიმესი წნეხის ქვეშაა დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან. დათა ვანიშვნილი 88 წლის ადამიანი, მიუხედავად ყოველდღიური პრობლემებისა, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის აღებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა. დაიბადა საქართველოში და სიცოცხლის შემდეგაც საქართველოში დარჩება. სწორედ მისი ამგვარი უდრეკობაა საოკუპაციო რეჟიმის გაღიზიანების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლების განმავლობაში წამების ტოლფას ქმედებას ახორციელებენ არა მხოლოდ დათა ვანიშვნილზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზეც, მოხუცი ვერ გატეხეს.

რუსული ფაშიზმი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:34 0:00

იმ ჩამონათვალს რომ გავყვეთ, რაც დათა ვანიშვილზე, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იყო განხორციელებული რუსი მესაზღვრეებისა და ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან, დიდი ალბათობით, ბევრი შემთხვევა გამოგვრჩება, მათი სიმრავლიდან გამომდინარე. საოკუპაციო რეჟიმს თავად დათა ვანიშვნილი რამდენჯერმე ჰყავს დატყვევებული და ცხინვალის ციხეში გადაყვანილი. წამების ტოლფასი მოპყრობა დაფიქსირდა მისი ქალიშვილის, ნანა ვანიშვნილის მიმართ, რომელიც ასევე ცხინვალის ციხეში გახლდათ დაკავებული. ცხინვალის ციხის ტუსაღი სამჯერ იყო დათა ვანიშვნილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვნილი (ქურთაევი), ორჯერ კი მისი ცოლი, თათია ადიკაშვილი.

გარდა ამისა, რუსული საგუშაგო პუნქტი, ფაქტობრივად, დათა ვანიშვნილის სახლის ეზოშია განთავსებული, სადაც რუსი მესაზღვრეები სისტემატურად ყარაულობენ. ისინი, ასევე, დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან დათა ვანიშვნილის ეზოში და საცხოვრებელ სახლში. ამის თაობაზე არაერთხელ უთქვამს დათა ვანიშვნილის მეუღლეს, ვალია ვანიშვნილს.

„ურჩ“ დათა ვანიშვნილზე ზეწოლის მიზნით, დე-ფაქტო რეჟიმმა, შესაძლოა, მალხაზ ვანიშვნილის ფაქტორი გამოიყენოს, მიიჩნევენ საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის შემსწავლელი სპეციალისტები, ასევე კონფლიქტის ზონაში სამოქალაქო პატრულირების განმახორციელებელი ადამიანები. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირდა და „აღიარების“ ვიდეოები იხილა საზოგადოებამ.

ოკუპაციის ხაზი ხურვალეთში
ოკუპაციის ხაზი ხურვალეთში

უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ანალოგიური მაგალითი, მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს უკავშირდება. ის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა და შემდეგ განაცხადა, რომ მღებრიშვილი ოკუპაციის ხაზთან ღამურების დასაჭერად იყო მისული, რადგან მოგვიანებით, მათ მიყიდვას ლუგარის ლაბორატორიისთვის გეგმავდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, დე-ფაქტო ცხინვალმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ის ღამურების დაჭერისა და მისი ლუგარის ლაბორატორიისთვის მიყიდვის განზრახვის თაობაზე საუბრობს. ეს შემთხვევა კომიკური იქნებოდა, ვინმეს ფილმში რომ ენახა, თუმცა რეალურად, ამგვარ, თუნდაც უტოპიურ „აღიარებებს“ დე-ფაქტო ადმინისტრაციისთვის ოქროს ფასი აქვს.

განსხვავებულად ფიქრობენ თბილისში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ("საია") ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენებები, რაც წამების ან წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია მოპოვებული, მტკიცებულებას არ წარმოადგენს და მათ არანაირი ღირებულება არ აქვს. „საოკუპაციო რეჟიმი ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნას მტკიცებულება, თითქოს ადამიანმა აღიარა და რაკი აღიარა, მე გავუშვი. ითვლება თუ არა ზეწოლით მოპოვებულ აღიარებად ის, რომ ადამიანი საოკუპაციო რეჟიმის პატიმარია და იძლევა ჩვენებას? ცხადია, არა. მაგალითად, ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევაში, ზეწოლა იყო“,- გვეუბნება მერაბ ქართველიშვილი.

"საიაში" გვიხსნიან, როდის მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს კონვენციის მესამე მუხლის, „წამების აკრძალვის დარღვევის“ დადასტურების მოთხოვნით და დასძენენ, რომ საოკუპაციო რეჟიმებიდან გამომდინარე, მოქმედება დიდი სიფრთხილით უწევთ. მაგალითად, იმ დროს, როდესაც მოქალაქე ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და მასზე ზეწოლის განხორციელების საფრთხე მაღალია, სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას ვერ დაიწყებენ, რადგან ამან, შესაძლოა, გაზარდოს ამ ადამიანზე ზეწოლის რისკი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ამდენად, სამართლებრივი მოქმედების დაწყება ცხინვალის წინააღმდეგ მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როდესაც მოქალაქეს რეჟიმისგან საფთხე უკვე აღარ ემუქრება.

დათა პაპას ოჯახის ორი წევრი რუსმა სამხედროებმა დააკავეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00

რა მდგომარეობაშია ამ თვალსაზრისით მალხაზ ვანიშვნილი? ის, ამ ეტაპზე, მართალია, ბებიისა და პაპის სახლშია და არა ცხინვალის ციხეში, მაგრამ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ვანიშვნილების სახლთან მუდმივად პატრულირებენ რუსი მესაზღვრეები, ამიტომაც, მალხაზ ვანიშვნილი უსაფრთხო მდგომარეობაში მყოფად არ ითვლება. უფრო მეტიც: იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მიერ კონტროლირებულ სივრცეში მოხვდება, მისი გამოხატვისა და ქმედების თავისუფლება შებოჭილი დარჩება, გამომდინარე მისი ოჯახის წევრების მდგომარეობიდან. რაკი მისი ბებია და პაპა კვლავ საოკუპაციო რეჟიმის მძევლები არიან, ეს მალხაზისთვის ერთგვარი ბორკილია. ის იძულებულია ისაუბროს იმგვარად, რომ მისი რიტორიკა დე-ფაქტო რეჟიმისთვის გამაღიზიანებელი არ აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალხაზი იქცევა მოხუცებზე ზეწოლის მიზეზად. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ცხადად გამოიკვეთა, რომ მალხაზი ბებიისა და პაპის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„ევროკონვენცია კრძალავს ზეწოლის ქვეშ მოპოვებული ჩვენებების ვალიდურად მიჩნევას. მალხაზის შემთხვევაში, თუ მას რაიმე ჩვენება ექნება, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებისთვის არც უნდა იყოს და ჩემი აზრით, არც იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ეს მან „მართლა ჩაიდინა“ და რომ ჩვენ ვენდობით ამ რეჟიმს. არანაირი დამაჯერებლობა მას არ ექნება, მით უმეტეს, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით დე-ფაქტო ადმინისტრაციის ქმედებებს“, - გვეუბნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი.

თამთა მიქელაძე EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, აღნიშნავს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკური მდგომარეობის სიმწვავესაც. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა სამოქალაქო წინააღმდეგობა, რაც ინალ ჯაბიევის, ცხინვალელი მოქალაქის ძალოვანების მიერ საპატიმროში მკვლელობამ გამოიწვია. „მე ვფიქრობ, იმ უმძიმეს სოციალურ-პოლიტიკურ ფონს, რაც ცხინვალშია, ეთნიკური ხაზები არ აქვს. უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისია ახალგორშიც, იქაურ მცხოვრებლებს ბაზისურ სამედიცინო სერვისებზეც კი არ აქვთ წვდომა. მოსახლეობამ ბიბილოვის მთავრობის მიმართ მკვეთრი უკმაყოფილება დააფიქსირა ბოლო თვეებში. ეს უკვე საერთო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ნაწილია. ამ ფონზე, ბიბილოვის მხრიდან მცდელობები, თითქოს შექმნას ასეთი საქმეები, თითქოსდა მტრის ხატები, მოღალატეები, ანდა პირიქით, მისი რეჟიმის მიმართ, პოზიტიური ხატები - სწორედ ამ კრიზისით აიხსნება. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ მას ამგვარი, პროპაგანდისტული სამუშაო გადაარჩენს, რადგან მის მიმართ უკმაყოფილება მკვეთრად მზარდია“.

ოჯახი, რომლის ყველა წევრი ცხინვალის ციხეშია ნამყოფი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00

თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას იმ ვითარების შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გაცილებით ვრცელი და დამაჯერებელი მონაცემები აქვს, ამიტომ ტყვეთა „აღიარებითი ჩვენებები“, თუ სხვა რამ, ამას ვერ შეცვლის. „ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იქ მცხოვრები ადამიანების წუხილებსა და საჭიროებებს. მე, როგორც თბილისში მომუშავე ადამიანის უფლებათა იურისტს, ცხინვალში მცხოვრები სხვა ადამიანების, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, უფლებრივი მდგომარეობა მადარდებს, მათ შორის გარდაცვლილი ჯაბიევის ოჯახის მიმართ მინდა გამოვხატო მწუხარება“...

„ჩვენ კარგად ვიცით, რა არის ცხინვალის ციხე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც მართავს საოკუპაციო რეჟიმი. ჩვენ გვახსოვს ის აღიარება, რაც გააკეთებინეს ხვიჩა მღებრიშვილს. გათავისუფლების შემდეგ, მან თქვა, რომ 12 დღის განმავლობაში სასტიკად სცედნენ, რის გამოც მან ეს აღიარებითი ჩვენება ჩააწერინა. ნებისმიერი ტიპის ასეთი აღიარებითი ჩვენება ჩემთვის და ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის, არის ზეწოლის ქვეშ გაკეთებული ჩვენება, რომელსაც რეალურად არანაირი ფასი არ აქვს,“- გვეუბნება დავით ქაცარავა, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი.

დავით ქაცარავა დე-ფაქტო რეჟიმის მიერ ვიდეო-ჩანაწერების ტირაჟირებას სპექტაკლს უწოდებს: „კარგად ვაცნობიერებთ, რომ ესაა დადგმული სპექტაკლი, რომელიც ემსახურება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებს. ამიტომ, ნებისმიერი ვიდეო, რომელიც, შესაძლოა, ვიხილოთ უახლოეს პერიოდში, იქნება ზეწოლის ქვეშ გაკეთებული, რასაც ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და არც ნეგატიური შეფასები არ უნდა გავაკეთოთ მოქალაქეების მიმართ, ვინც წეზოლის ქვეშ იმყოფებიან და ამგვარი ტიპის ჩვენებას მისცემენ. უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანები, ვინც საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დაჭერილი და მათზე ზემოქმედებენ, ძალიან მძიმე პრესის ქვეშ იმყოფებიან“.

მალხაზ ვანიშვნილის სახით დე-ფაქტო ცხინვალს მორიგი მსხვერპლი ჰყავს, რომელსაც საკუთარი ნებისა და საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, არც ქმედების უფლება აქვს და არც საუბრის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG