ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მალალას დღე"


ملالہ
ملالہ

თალიბი მეამბოხის თავდასხმის შედეგად დაზარალებული 14 წლის პაკისტანელი გოგონა სახაროვის პრიზით დაჯილდოვდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:30 0:00
ბმული
2012 წლამდე მსოფლიომ მალალა იუსაფზაის შესახებ ცოტა რამ იცოდა. თალიბი მეამბოხის თავდასხმის შემდეგ კი, პაკისტანელ გოგოზე მთელმა მსოფლიომ შეიტყო.

საიდან დაიწყო მალალას ისტორია და რატომ იქცა 14 წლის გოგონა თალიბთა განრისხების ობიექტად?

2009 წელს თალიბებმა პაკისტანის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი ჩაიგდეს ხელთ და რეგიონზე კონტროლი დაამყარეს. ისლამისტი მეამბოხეების წესების მიხედვით, პაკისტანელ გოგონებს სკოლაში სიარული ეკრძალებათ . თალიბების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქალაქ მინგორაში მცხოვრებ 11 წლის მალალა იუსაფზაის სკოლაც ამ მიზეზით დახურეს. თუმცა გოგონამ გადაწყვიტა ბედს არ შეგუებოდა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო.

ჟურნალისტ აბდულ ჰაი კაკარის რჩევით, მალალა იუსაფზაიმ ფსევდონიმის ქვეშ ბიბისისთვის ინტერნეტ-დღიურების წერა დაიწყო. დღიურებში გოგონა თალიბების მართველობის ქვეშ გაუსაძლის ცხოვრებაზე წერდა. მალალას ბლოგი ითარგმნა და ძალზე მალე ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა.

ბიბისის დღიურების პროექტის დასრულების შემდეგ მალალა იუსაფზაი 2011 წელს "ნიუ იორკ თაიმსის" მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს, რომელშიც თალიბების წესების და ქალთა განათლების და უფლებების შესახებ უკვე ღიად საუბრობდა.

ასე გაიცნო მსოფლიო საზოგადოებამ 14 წლის პაკისტანელი გოგონა, რომელმაც თალიბების მკაცრი წესების წინააღმდეგ და საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა აიმაღლა.

ამ მოვლენების შემდეგ მალალას თალიბები დაემუქრნენ:

„დედა და მამა ძალიან წუხდნენ ჩემზე. თუმცა არ მაშინებდნენ და ცდილობდნენ საფრთხეს ავრიდებოდი. მამამ გამაფრთხილა, რომ ყურადღება არ უნდა მომედუნებინა“

მინგორაში სკოლიდან სახლში მეგობრებთან ერთად მიმავალ გზაზე მალალა იუსაფზაის შეიარაღებული თალიბი დაესხა თავს და ესროლა. გოგონას ტყვიამ თავიდან კისერში გაუარა, მსუბუქად დაიჭრნენ მისი მეგობრებიც.

საავადმყოფოში მიყვანისთანავე მალალას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მალალას ტყვია თავიდან ამოუღეს.

„ხუთი დღის განმავლობაში ზმანებები მქონდა. ფიზიკურად ვერ ვმოძრაობდი, მაგრამ აზროვნება არ დამიკარგავს. პერიოდულად საკუთარ თავს ვეკითხებოდი-მკვდარი ვარ თუ ცოცხალი მეთქი. მინდოდა ამქვეყნიურ სამყაროს დავბრუნებოდი, მაგრამ გულზე თითქოს მძიმე ტვირთი მაწვა.“

მალალაი იუსაფზაის უცნობმა ადამიანებმა სოლიდარობა პაკისტანში და მის ფარგლებს გარეთაც გამოუცხადეს. მსოფლიო მედია 14 წლის გმირი გოგონას ჯანმრთელობის შესახებ ყოვლდღიურად ინფორმაციას ავრცელებდა. როდესაც სიტუაცია დარეგულირდა, მალალა სამკურნალოდ ინგლისში გადაიყვანეს.

„ გონს რომ მოვედი, ექიმს ვკითხე მკურნალობის საფასურს ვინ იხდის მეთქი. მამაჩემს ხომ თვითმფრინავის ბილეთის ფულიც კი არ ქონდა."

პაკისტანის მთავრობამ მალალას მკურნალობის ხარჯები დაფარა. ისლამაბადმა იზრუნა იმაზეც, რომ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მალალას მთელი მისი ოჯახი შეერთებოდა. მამა ახლა ბირმინგემში პაკისტანის საკონსულოში მუშაობს.

თუმცა პაკისტანში მალალას ისტორიასთან დაკავშირებით ეჭვები თავიდანვე გაჩნდა და გოგონა გარკვეული კატეგორიის ადამიანებმა გააკრიტიკეს. მალალას ზოგიერთი თანამოქალაქე დღემდე ამტკიცებს, რომ გოგონაზე თავდასხმა საერთოდ არ მომხდარა. ზოგი კი მის აქტივისტურ საქმიანობას პირად მიზნებს უკავშირებს.

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მალალას გმირობას ემადლიერება. ისინი მიიჩნევენ, რომ მსოფლიომ მალალას საშუალებით პაკისტანის ამ მიუსაფარი კუთხის შესახებ შეიტყო.

მალალა ამბობს, რომ კრიტიკა ნაკლებად აწუხებს.

„მალალა ისლამის წინააღმდეგ არ იბრძვის. ის ისლამს მხარს უჭერს, მაგრამ ძალადობას ეწინააღმდეგება. მე პაკისტანელი გოგონების განათლების და უფლებების დაცვა მსურს. ნუ დამიჭერთ მხარს მე, ამ ქალთა უფლებები დაიცავით.“

2013 წლის 12 ივლისს მალალა უსაფზაი ინციდენტის შემდეგ პირველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა.მან ამ დღეს "მალალას დღე" უწოდა:

"მალალას დღე" ჩემი დღე არ არის. ეს ყველა ქალის დღეა, ყველა ბიჭის და გოგონასი, ვინც საკუთარი უფლებების დასაცავად ხმას იმაღლებს.“

მალალას ცხოვრებაში დრამატულმა ცვლილებებმა ახალგაზრდა გოგონას გლობალური მასშტაბის სამოქალაქო აქტივისტის სახელი შესძინა. თუმცა მის სახეს ეს კვალი ნაიარევის სახით სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორდება:

„არ ვნანობ რაც მოხდა. ცხოვრებაში მისწრაფებები უნდა გქონდეს. ქალთა განათლება და მშვიდობა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია. ამის სანაცვლოდ კი ალბათ რაღაც უნდა გამეცა.“

მინგორაში პაკისტანელი გოგონებისთვის სკოლები უკვე გაიხსნა.ეს უფლება მათ უპრობლემოდ მოიპოვეს. მალალას კი ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა პაკისტანელი გოგონა ბედნიერია იმით, რომ საშუალება აქვს საკუთარი ცხოვრება უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნას.

მალალა იუსაფზაი საერთაშორისო ბავშვთა მშვიდობის პრიზით დაჯილდოვდა. ოთხაბათს კი პაკისტანელ გოგონას სახაროვის პრემია გადასცეს.

2013 წელს მალალა პაკისტანში ჩასვლას გეგმავს,სადაც მეგობრებს და თანაკლასეკებს შეხვდება. ის ოცნებობს საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნებაზე, თუმცა მაშინ, როდესაც ქალებს და გოგონებს პაკისტანში უსაფრთხოდ ცხოვრება შეეძლებათ.
XS
SM
MD
LG