შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და იტალიის პოლიციამ ერთობლივი, ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს. მათ 19 ადამიანი დააკავეს. ოპერაციამ, რომელშიც 200-ზე მეტი ოფიცერი იყო ჩართული, სიცილიურ მაფია - "კოზა ნოსტრასა" და ნიუ-იორკის გამბინოს კრიმინალურ ოჯახებს შორის ახალი კავშირები გამოავლინა.
ოპერაციის სახელად "ახალი კავშირი" მთავარი სამიზნე სწორედ ეს ორი კრიმინალური ოჯახი იყო: ინძერილოს კლანი სიცილიის დედაქალაქ პალერმოში და გამბინოს ოჯახი ნიუ-იორკში. 19 ეჭვმიტანილს, რომელთა დაკავების ორდერებიც გაიცა, ბრალი მაფიასთან კავშირში, დამამძიმებელი გარემოებებით გამოძალვასა და თაღლითობაში ედება.
ინძერილოს ოჯახი 80-იან წლებში დასუსტდა, მას შემდეგ, რაც "ბოსების ბოსს" ტოტო რიინას შეერთებულ შტატებში გადასახლება მოუხდა. მაგრამ 2000-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი 2017 წელს, რიინას ციხეში გარდაცვალების შემდეგ, ინძერილოს ოჯახი ძალების აღდგენას და სიცილიაში ძველი ბიზნესების დაბრუნებას ნიუ-იორკელი გავლენიანი მოკავშირეების დახმარებით ცდილობდა.
პოლიციის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერებით, "კოზა ნოსტრასა" და ნიუ-იორკის ორგანიზებულ დანაშაულს შორის ძლიერი კავშირები დგინდება. მათი ქმედებები ისეთ მრავალფეროვან ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა, როგორიცაა აზარტული თამაშის ობიექტები, ონლაინ კაზინოები და საკვები პროდუქტის გაყიდვა.
დაკავებულთა შორისაა პალერმოს ერთ-ერთი პატარა ქალაქის, ტორეტას მერი, რომელიც მაფიასთან "გარე კავშირშია" ეჭვმიტანილი. სპეცოპერაციის ფარგლებში ეჭვმიტანილებს დაახლოებით 3 მილიონი ევროს ღირებულების ქონებაც ჩამოერთვათ.
Facebook Forum