“თავისუფლების ქარტიას“, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა, ძალაში შესასვლელად მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერაღა აკლია. ფორმალურად ოპოზიციონერი დეპუტატის თორთლაძის ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის 81-მა წევრმა მწვანე შუქი ერთხმად აუნთო.
დოკუმენტი თხუთმეტი მუხლისგან შედგება და სამ ძირითად ასპექტს მოიცავს: საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის აგენტთა და მაღალჩინოსანთა ლუსტრაცია-გამოვლენა; საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აკრძალვა; ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა. დეპუტატი გია თორთლაძე დარწმუნებლია, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ 20 წლის წინ უნდა მიღებულიყო:
“ჩვენი მიზანი რა არის? რომ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები, ქადაგებდნენ კომუნიზმს, ხელმძღვანელობდნენ უშიშროებას, აგენტები, რომლებიც უშიშროებაში იყვნენ, ასმენდნენ ხალხს და აჭერინებდნენ, ამ ხალხს უწესდებათ თანამდებობრივი შეზღუდვა.
მაღალ თანამდებობებზე ისინი ვერ მოხვდებიან ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ძალიან კარგი. ეს გზა ცხრა ქვეყანამ უკვე გაიარა, სადაც მიიღეს ასეთი კანონი. ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია. და ეს ქვეყნები ძალიან დიდი ნაბიჯებით წავიდნენ განვითარების გზაზე და შევიდნენ ევროკავშირში.“
ქარტიის მიხედვით, ლუსტრირებულ მოქალაქეთა სიას კომისია შეადგენს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება. კომისიის დაკომპლექტდებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღებს.
ლუსტრირებულთა სიაში მოხვდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში იყვნენ შემჩნეული. ასევე ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები ეკავათ. მათ დანიშვნით თანამდებობაზე მუშაობა საერთოდ აეკრძალებათ. არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ კომისიის თანხმობის შემთხვევაში შეეძლებათ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე მიმართა პრეზიდენტს ვეტო დაადოს თავისუფლების ქარტიას. ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამერიკის ხმასთან ქარტიაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს:
„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი სისუსტე ამ კანონპროექტის მდგომარებს თვითონ ლუსტრაციის პროცესებზე პასუხისმგებელი კომისიის სტატუსში.
რა თქმა უნდა შევისწავლეთ სხვა ქვეყნების კანონმდებლობა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და ასევე ევროსაბჭოს სახელმძღვანელო პრონციპები, სადაც მითითებულია რომ ასეთი ორგანო უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
მოსაზრებით, კომისიის ფორმირების ეს წესი, რომელიც ქარტიაში არის ჩადებული ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ორგანოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.“
საბჭოთა უშიშროების კომიტეტის არქივის ნაწილი, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ფონდებში ინახება, 1921 წლიდან იქმნებოდა, როცა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია განახორციელა.
ეს არქივი მოიცავდა სრულ ინფორმაციას საბჭოთა უშიშროების ჯაშუშებისა და თანამშრომლების შესახებ. თუმცა, 1990 წელს, საქართველოში ეროვნული მოძრაობა გააქტიურების პარალელურად, საბჭოთა მოსკოვის გადაწყვეტილებით, უშიშროების არქივები რუსეთის ქალაქ სმოლენსკში გაიტანეს. მოგვიანებით, უკან მხოლოდ პირადი საქმეების 30 პროცენტი დააბრუნეს, თუმცა ამ საქმეების 80 პროცენტი 1991 წლის დეკემბერში, თბილისში სამხედრო პუტჩის დროს დაიწვა.
აკაკი ასათიანი, რომელიც მაშინ უზენაესი საბჭოს თავჯდომარე იყო, ამბობს რომ არსებული არქივით რეალური ლუსტრაცია ვერ მოხდება:
„ჩვენ დროს არქივის ნაწილი დაბრუნდა სმოლენსკიდან. რაღაც ნაწილი კი აქ იყო. რაც აქ იყო მე ნაწილი მინახავს სამწუხაროდ, დიდ ბედნიერებას ეს არ შეიცავს..
მაგრამ, მაშინაც არ ვიცოდი და დღემდე არ ვიცი, ეს ნაწილი საქმეების რა იყო. რაკი მოსკოვის გადაწყვეტილებით მოგვაწოდეს, არ ვიცი რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. სრული ინფორმაცია მოგვაწოდეს, თუ მხოლოდ ნაწილი.
აქაც, როცა უშიშროების სამინისტროს შენობაში შევიდა ეროვნული მოძრაობის წევრთა ნაწილი და გამოიტანა საქმეები და რაიონებშიც მოხდა ასე, რაღაც-რაღაცეები ტივდივდებოდა ხოლმე, მაგრამ ეს არის ძალიან ფრაგმენტული. სრულად ეს იქნება ისევ მოსკოვში.
დღემდე არ ვიცი, მაშინ საქმეების ნაწილი დაბრუნდა უკან იმ ადამიანებზე, ვისი დისკრედიტაციას უნდოდათ?! თუ მოვიდა ნამდვილად?! რატომ უნდა ჰქონოდათ მოსკოვში კეთილი სურვილი არქივის ნაწილის დაბრუნებასთან დაკავშირებით?!
ისიც შეიძლება, რომ რაც გამოგზავნეს საქმეები ნამდვილი იყო, მაგრამ ამხელდნენ იმათ, ვინც მათ მხარეს უკვე აღარ იყო. მოკლედ ბევრი შეკითხვა არსებობს კიდევ.“
პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის პერიოდში და 1991-92 დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, საბჭოთა უშიშროების აგენტთა რამდენიმე ათეული პირადი მონაცემი ქართულ პრესაში მოხვდა.
საიდუმლო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა ეს ინფორმაცია პირადი ან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენეს. წლინახევრის წინ, ქართულ ინტერნეტ საიტებზე კვლავ გავრცელდა საბჭოთა უშიშროების აგენტთა მონაცემები, ამჯერად ინფორმაცია მაღალი რანგის ქართველ სასულიერო პირებს ეხებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უცდია იმის გამოძიება თუ საიდან და ვისი მეშვებით გახდა საიდუმლო ინფორმაცია საჯარო, ან რამდენად სარწმუნოა ეს მონაცემები. არ მომხდარა იმ პირთა იურიდიული დევნა, რომელთა მონაცემებიც გამოქვეყნდა. ეს კი ბევრ კითხვას ბადებს.
მაშინ როცა ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და უკვე არსებობს საიდუმლო ინფორმაციის პოლიტიკური ან პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოყენების პრეცედენტი, დამოუკიდებელ ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ „თავისუფლების ქარტია“ შეიძლება მმართველი კლანის ხელში, პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციისა და ანგარიშსწორების იარაღად იქცეს.