ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო: "რუსეთის წინაშე ვალდებულებებს გადავიხდით, რადაც უნდა დაგვიჯდეს"


ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც დასავლეთის სანქციების რამდენიმე რაუნდის სამიზნეა, ამბობს, რომ რუსეთის მიმართ საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს შეასრულებს , - "რადაც უნდა დაუჯდეს".

ბელარუსში გასული აგვისტოდან მოყოლებული პროტესტი და არეულობა არ წყდება. დასავლეთი ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებსა და მის შედეგებს სამართლიანად და ლეგიტიმურად არ აღიარებს. ლუკაშენკოს რეჟიმი დემონსტრანტებსა და მოწინააღმდეგეებს უსწორდება. ოპოზიციონერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების თუ აქტივისტების ნაწილი ახლაც ციხეშია, პროტესტში მონაწილეობისა თუ კავშირის ბრალდებით დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი, ძალისმიერ მეთოდებს ასევე არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყნიდან გაქცეულია.


თავად ლუკაშენკოს, მისი ოჯახისა და გარემოცვის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეკონომიკის უმთავრეს სექტორებზე დასავლეთის ქვეყნებმა არაერთი სანქცია დააწესეს. ამ თვის დასაწყისში ევროკავშირმა რეჟიმს მართომასშტაბიანი ჯარიმები დაუწესა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს მინსკში დაშვება აიძულა და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი დააკავა.

13 ივლისს სანკტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის შესახებაც წინასწარ არ იყო ცნობილი, ლუკაშენკომ დასავლეთი "ინდივიდუალურ ტერორში" დადანაშაულა და რუსეთს "საიმედო ეკონომიკური პარტნიორობისთვის" მადლობა გადაუხადა. პოლიტიკური კრიზისის პირობებში ლუკაშენკო პუტინს უკვე რამდენჯერმე შეხვდა. ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ბელარუსსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ყვავის, მიუხედავად ეკონომიკური სანქციებისა.

დემონსტრაციების დარბევისას რამდენიმე აქტივისტი და მოქალაქე დაიღუპა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ არსებობს სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ არაერთ დაკავებულს უსაფრთხოების სამსახურები და ძალოვანი უწყებები სასტიკად ეპყრობიან და აწამებენ. ისინი ქვეყანაში სულ მცირე 500 პოლიტიკური პატიმრის არსებობაზე საუბრობენ. ლუკაშენკო კი, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ყველანაირ გადაცდომას არჩევნებთან დაკავშირებით, უარყოფს, არც ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს თანხმდება და არც ახალი არჩევნების ჩატარებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG