ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პოლიტიკა შიგნიდან გარეთ


„რუსული დიპლომატია ნაჯახივით, კომბალივითაა. არანაირი შერბილება და ელასტიურობა კრემლის მხრიდან არ იქნება“ - ლილია შევცოვა

აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ინტერვიუების ციკლში „ამერიკის ხმა“ ლილია შევცოვასთან საუბრის ჩანაწერს გთავაზობთ. ცნობილი პოლიტოლოგი მოსკოვის კარნეგის ცენტრში რუსეთის საშინაო პოლიტიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების პროგრამის თავმჯდომარეა.

ბმული

ბმული

სულ რამდენიმე შეკითხვა გვექნება. ხომ ვერ მოიგონებდით, როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია აგვისტოს ომზე ზუსტად ხუთი წლის წინ?

გადასარევად მახსოვს. ეს იყო შოკური მდგომარეობა, ემოციური დათრგუნვის შეგრძნება. და მარტო მე არა, ასევე იყვნენ ჩემი მეგობრების წრეშიც. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ერთნაირად არ აღვიქვამდით ომის დაწყების მიზეზებს. ყველანი დათრგუნულები კი ვიყავით, მაგრამ სხვდასხვანაირად ვაფასებდით სიტუაციას. შოკში ვიყავით, მთელ რუსულ ლიბერალურ საზოგადოებას ემოციური შოკი გვაერთიანებდა, ეს ეჭვგარეშეა.

როგორ აფასებდით მაშინ ამ ხანმოკლე, მაგრამ დრამატული ომის მიზეზებს?

იცით, მე მივეკუთვნებოდი რუსეთის ლიბერალური საზოგადოების საკმაოდ ვიწრო წრეს. ჩვენი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და არის ანდრეი ილარიონოვი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა ამ დრამის ხუთივე დღე. ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავთვალეთ, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს და სააკაშვილის პროვოცირება. სწორედ რუსეთი იყო ის მხარე, რომელსაც საქართველოს ნიმუშად გამოყენება სურდა. ანუ იმისთვის, რომ ზესახელმწიფოებრივი სტატუსის და ინტერესების დემონსტრირება მოეხდინა, რათა დაემტკიცებინა ამერიკის, ე.წ. „ბოროტების სათავისთვის“, რომ რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში მთავარი მოთამაშე ხდება. და მართლაც, სავარაუდოდ საქართველომ, და პირველ რიგში სააკაშვილმა, თავისი უგუნური პოლიტიკით კრემლს ნება დართო, ის საკუთარ თამაშში ჩაეთრია.

პროვოკაციები გასაგებია, მაგრამ ხომ იყო უფრო ღრმა და სერიოზული ფაქტორები, რომელთაც კონფლიქტის დაწყება განაპირობეს?

იყო ოთხი ფაქტორი, ჩემი აზრით, რომლებიც ამ დრამატიზმით სავსე მოვლენების ერთდროულად მიზეზიც იყო, კატალიზატორი, ბიძგი და თუ გნებავთ, საბაბიც. პირველ რიგში ეს გახლდათ საქართველოს ურთიერთობები, რომელიც მას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩამოუყალიბდა. ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. მოვლენები, რომელსაც მომაკვდავი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ბოლო ამოსუნთქვაც კი შეიძლება ეწოდოს. ეს იყო კავშირის ნგრევის მემკვიდრეობა, ყველა თავისი დრამით, მწუხარებით, შიდა დაპირისპირებით და კავკასიის ამ ნაწილში არსებული პრობლემებით.

მეორე: ამ ფაქტში ასახვა პოვა ახალი რუსული პოლიტიკური ელიტის წარმოჩინებამ. იმან, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ზესახელმწიფოებრივი როლი შეესრულებინა. არ დაგავიწყდეთ, ეს იყო 2008 წელი, ანუ პუტინმა ერთი წლის წინ მიუნხენში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მიუნხენის სიტყვაში მან პირველად წარმოაჩინა შეერთებული შტატები, როგორც ანტაგონისტური სახელმწიფო. სწორედ აქედან დაიწყო რუსეთს და ამერიკას შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება. მაშინ პირველად წარმოჩნდა კრემლის ელიტის იმპერიალისტური ზრახვები.

მესამე: მე გარკვევით დავინახე, რომ სააკაშვილმა კარგად ვერ გათვალა საკუთრი ქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. პრინციპში, სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში იმის გაკეთება მოინდომა, რაც პუტინმა თავის დროზე ჩეჩნეთში გააკეთა, როცა იქ რუსეთის იურისდიქცია აღადგინა. მაგრამ ეს ხომ დანამდვილებით, გარდაუვალად საქართველოს ხაფანგში გაბმას ნიშნავდა?

და ბოლოს, დავასახელებდი დასავლეთის პოზიციის ფაქტორს. დღევანდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ, თუნდაც „ვიკილიქსით“ გამოქვეყნებულ დეპეშებს რომ გადავავლოთ თვალი, რომელთაც ამერიკის ელჩი ჯონ ტაფტი აგზავნიდა, ნათელი ხდება, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც დასავლეთის სხვა ქვეყნებს, არათუ ინფორმაცია, ეჭვიც კი არ ჰქონიათ. მათ ვერ შეძლეს სააკაშვილის შეჩერება, ვერც რჩევა შეასმინეს, რომ არ დაეშვათ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ამგვარი აქტი.

ჩვენ ძირითადად ომის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრეთ. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური იყო რუსეთის რეაქცია უკვე საომარ ქმედებებათა განვითარების ფონზე?

სამომარი ქმედებების დაწყების ფონზე, რუსეთის რეაქცია სრულიად პროგნოზირებადი და მოსალოდნელი იყო. რუსეთის 58-ე არმია ხომ უკვე რეგიონში იყო. ის მობილიზებული გახლდათ და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი მზად იყო სწრაფი, გამარჯვების მომტანი გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რომელსაც რუსეთის არმიის „ბრძოლისუნარიანობა“ უნდა დაემტკიცებინა. ვინაიდან, ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ეს ბრძოლისუნარიანობა რუსეთის ქვედანაყოფებს დაკარგული ჰქონდა. და მეორე: რუსეთს ასევე სურდა თავისი დაკარგული „ველიკოდერჟავული“ სტატუსის აღდგენა. კრემლის რეაქცია იქამდე მივიდა, რომ პრინციპში თითქმის თბილისამდეც კი ჩააღწია. ომის შედეგად ქართული ტერიტორიის ნაწილის სრული ანექსირება მოხდა. სხვა საქმეა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ომამდეც არ ცნობდნენ თავს საქართველოს ნაწილად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო პირველი ომი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი დრამატული ანექსია სხვისი ტერიტორიის, პირველი ჩავარდნილი, შავი ზონების წარმოქმნის ფაქტი კავკასიის რეგიონში. ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საკუთარი რეჟმებით, კრემლთან კორუფციული ქსელებით და მასზე დამოკიდებულებით, თუ იქ მცხოვრები ადამიანების არაღიარებულ ქვეყანაში ცხოვრების სტატუსით. ესეც ხომ ძალზე დრამატულია, ეს ადამიანებიც ხომ ამ ჩავარდნილ შავ ორმოში აღმოჩდნენ - დროის, სივრცის და ტერიტორიის მხრივ. საერთოდ არ იციან, რა სახელმწიფოში არსებობენ.

საქართველო დღეს აშკარად ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მინიმალურ დონეზე მაინც დალაგებას. შეძლებს თუ არა ივანიშვილი ჩრდილოეთის მეზობელთან ურთიერთობის მოწესრიგებას?

მოსკოვს და თბილისს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი პუტინის და სააკაშვილის პირადი მიუღებლობა იყო. სააკაშვილი წავიდა. შესაბამისად, ორ ქვეყნის მმართველებს შორის ერთი ხელისშემშლელი, ემოციური დაპირისპირების ფაქტორი გაქრა. როგორც ჩანს, ივანიშვილთან დაკავშირებით, კრემლში ასეთი კატეგორიული მიუღებლობა არ აქვთ.

მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ივანიშვილი რუსეთთან დაკავშირებით, ორი საქანელის პოლიტიკას აყალიბებს. რას ვგულისხმობ: რაღაც დოზით, ის უკრაინის პრეზიდენტების, კუჩმას და იანუკოვიჩის გზას ირჩევს. მე საქართველოს და რუსეთის ურთიეთობათა ექსპერტი არ ვარ, მაგრამ როგორც დამკვირვებელს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ერთი საქანელით თითქოს საქართველოში ევროპისკენ მიმართული ტენდენციის შეკავება ხდება.

მაგრამ საქართველო ხომ თავისი არსით, კულტურით, ქრისტიანული ფესვებით, როგორც მე მესმის, ევროპული ქვეყანაა. ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილი ამაზე უარის თქმას აპირებდეს. ივანიშვილს ასევე სურს, რომ რუსეთთან ნორმალური, საქმიანი, კეთილი, კონსტრუქციული ურთიერთობები დამყარდეს. კუჩმამ თავის დროზე ეს მოახერხა, იანუკოვიჩი - ჯერ კიდევ ცდილობს. ანუ საუბარია კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზე როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთან. რამდენად გამოუვა ეს ივანიშვილს, ვერ გეტყვით. თუმცა, ისიც ხომ ვიცით, რომ ფორსირების შემთხვევაში და ნატოსკენ სწრაფვის პირობებში, კრემლი კმაყოფილი ვერ იქნება. მგონია, რომ ივანიშვილს და ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნია ის კოზირი, რომელიც უკრაინამ წარმატებით გამოიყენა.

რას გულისხმობთ?

უკრაინის ელიტას აქვს პირდაპირი ხიდი ევროპასთან. ანუ, გეოგრაფია ეხმარება. საქართველო ევროპას დაცილებულია. შესაბამისად, იზრდება საქართველოს დამოკიდებულება იმ დიდ სპილოზე, რომლის ჩრდილშიც საქართველო იმყოფება. ამიტომ, საქართველოს არც ისე დიდი საგარეო არჩევანი აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, სულ ახლახან, ჩემს სუპერმარკეტში შესულმა თვალი ბორჯომს მოვკარი, რამაც ძალიან გამახარა. ქართული ღვინის რამდენიმე ბოთლიც დავინახე. მესმის, რომ იმის აღდგენა, რაც ადრე იყო, ურთულესი იქნება. რამდენადაც ძველი მონაცემები მახსოვს, ქართული ღვინო რუსული ღვინის ბაზრის 10 პროცენტს შეადგენდა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ღმერთმა ქნას, 1-2 პროცენტს მიაღწიოს. ვაჭრობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება. ასე რომ შეიძლება ითქვას, პრაგმატული თვალსაზრისით, მცირე პროგრესი მაინც აღინიშნება.

რა რეაქცია აქვს რუსეთს საქართველოს ახალი მთავრობის ნაბიჯებზე? ჩემთვის, პირადად, რუსული პოლიტიკა და დიპლომატია საკმაოდ არაპროგნოზირებადია, როგორც ტიუტჩევი ამბობს, „გონებით რუსეთს ვერ გაუგებ“. რა განწყობებია დღეს რუსეთში?

თქვენ კითხვას რამდენიმე ნაწილად გავყოფ. თუკი ზოგადად რუსულ საზოგადოებას გულისხმობთ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ამ მომენტში უფრო მეტად საკუთარი თავით არის დაკავებული და ნაკლებ დროს უთმობს საგარეო პოლიტიკას, მითუმეტეს მეზობელ ქვეყნებს. სამწუხაროდ, ამის გამო ვეღარ ვახერხებთ იმ მეზობლების ელემენტარულად გაგებას, ვისთანაც ტრადიციულად მჭიდრო დიალოგი გვაკავშირებდა.

რაც შეეხება ინტელექტუალურ ელიტას, მას ყველაზე ძლიერი, ემოციური სიახლოვე აქვს საქართველოსთან. ამაზე საუბარი გაგვიგრძელდებოდა და დიდი ისტორიული შესავლის გაკეთება დამჭირდებოდა, თუ მაინც და მაინც რატომ აქვს რუსულ ელიტას, განსაკუთრებით ხელოვნებაში დასაქმებულს, ასეთი სიმპათია და ემოცია მაინც და მაინც საქართველოსთან. ამ ფენაში ნებისმიერ დიალოგს მიესალმებიან. და არა მგონია კრემლის მხრიდან საქართველოსთან რაიმე ახალ პოლიტიკურ გართულებას ელიტამ, განსაკუთრებით კი ლიბერალურად განწყობილმა ელიტამ მხარი დაუჭიროს.

მესამეა რუსული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ლიდერზეა ორიენტირებული. ამ შემთხვევაში საქართველოსთან პოლიტიკას ლიდერი ქმნის და წყვეტს. პრემიერმა მედვედევმა ახლახან განაცხადა კიდეც, თუ რა არის მოსკოვის თბილისთან ურთიერთობის მოწესრიგების საფუძველი - საქართველომ უნდა ცნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკები. მაგრამ, მისაღებია თუ არა ეს პირობა საქართველოსთვის? მე ეჭვი მეპარება.

ამ ყოველივედან გამომდინარე, რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა, კრემლის დამოკიდებულება საქართველოსადმი არსებული რეჟიმის და პუტინის ლიდერის პირობებში საბოლოო ჯამში ერთ საკითხზე იქნება კონცენტრირებული: თქვენ უნდა ცნოთ ჩვენი პირობები და ურთიერთობის დარეგულირება მოხდება მხოლოდ ჩვენი წესებით. არანაირი ასოცირება და ლტოლვა დასავლეთისკენ! თქვენ ჩვენი ინტერესების სფეროში ხართ. ეს გარკვევით ითქვა და არაერთხელ.

რა დოზით მიიღებს საქართველო, ქართული ელიტა და ქართველი ლიდერი თამაშის რუსულ წესებს, ან იპოვის ნიშას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კრემლთან ურთიერთობის გაუარესების გარეშე, ოდნავ მაინც მოაწესრიგოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მაინც, ეს უფრო ქართული დიპლომატიის ამოცანაა. რუსული დიპლომატია ნაჯახივით, კომბალივითაა. არანაირი შერბილება და ელასტიურობა კრემლის მხრიდან არ იქნება და მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს.

თქვენ გულისხმობთ ამ მთავრობის და ხელისუფლების პირობებში. როგორც საშინაო პოლიტიკის ექსპერტი, როგორ გგონიათ, თვითონ რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იქნება?

ამ რეჟიმის და პუტინის მმართველობის პირობებში პოლიტიკა შეიცვლება, ოღონდ ის კიდევ უფრო მკაცრი, ბევრად ანტიდასავლური, უფრო აგრესიული გახდება. რუსეთი კიდევ უფრო შეეცდება გავლენის სფეროში მოაქციოს დამოუკიდებელი ქვეყნები. გაიზრდება ევრაზიული კავშირის იდეაზე მუშაობა და საბაჟო კავშირის გაძლიერებაზე რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს შორის. ერთობაში უკრაინის ჩართვასაც შეეცდებიან.

არარეალურია, რომ კრემლს თავის ორბიტაზე მოძრავი ვარსკვლავი აწყობდეს, რომელიც ამ გეოგრაფიულ სივრცეშია ჩაკეტილი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებს. ჩემი აზრით კრემლის პოლიტიკა საქართველოსადმი იქნება ძალიან მკაცრი და შეუვალი, უპირობოდ მიიღოს რუსეთის მოთხოვნები. თუმცა, ამავე დროს იმასაც ვიტყვი, რომ პუტინის ინტერესებში ახალი კონფლიქტის დაწყება არ უნდა შედიოდეს. მას სხვა მიზნები და ამოცანები აქვს და არ მჯერა, რომ რუსეთი, მხედველობაში მაქვს მისი პოლიტიკური ელიტა, ამ რეგიონში ახალი კონფრონტაციისთვის ან გართულებისთვის მზად იყოს.
XS
SM
MD
LG