გთავაზობთ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს.
მიხაილ გუტკინის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა რუსეთის განცხადებას, რომ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის შემდეგ კონფლიქტმა გეოპოლიტიკური რეალობა შეცვალა და ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების პერსპექტივა საკმაოდ დაბალია, ლინკოლნ მიტჩელი პასუხობს:
ლინკოლნ მიტჩელი: მე არ ვიცი რამდენად შეიძლება რუსეთს ამ ფორმულირებაში დავეთანხმო. საქმე იმაშია, რომ ომამდეც კი ამ ორი რეგიონის საქართველოს კონტროლის ქვეშ მოქცევა საკმაოდ არარეალური იყო. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვერც ამ კონფლიქტმა, ვერც განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს პოზიციები ვერ გაზარდა. ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსები საქართველოს შემადგენლობაში საკმაოდ დაბალი რჩება. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთი შანსები საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ისინი საკმაოდ დაბალია და ახლა უფრო მეტად ასეა, ვიდრე 6 წლის წინ.
მიხაილ გუტკინი: საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა. შეიცვალა მთლიანი პოლიტიკური სცენა. რამდენად იმოქმედა ამ პროცესებზე „აგვისტოს ომმა“?
ლინკონლნ მიტჩელი: შესაძლოა აგვისტოს მოვლენებმა ხელისუფლების ცვლილება განაპირობა, თუმცა არა პირდაპირ. საქმე იმაშია, რომ 2008-2010 წლებში ქართული საინფორმაციო საშუალებები სრულიად თავისუფალი არ იყო. ამ დროს საქართველოში არ იყო გაცნობიერებული, თუ სინამდვილეში რა მოხდა. თუ დემოკრატიულ სისტემაში პრეზიდენტს ომამდე მიჰყავს ქვეყანა, და ეს ომი უარყოფითად მთავრდება, ბუნებრივია, რომ ხალხი აღშფოთებულია და პრეზიდენტის პოპულარობა ეცემა. თუმცა საქართველოში ეს არ მომხდარა.
2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს დაანახა თუ რა ჩავარდნები მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და რომ ერთერთი ამ ჩავარდნათაგანი იყო 2008 წლის ომი. თუმცა ეს საკითხი არ ყოფილა წინასაარჩევნო კამპანიის წამყვანი თემა. „ქართული ოცნება“ აკეთებდა აქცენტს სააკაშვილის ხელისუფლების მზარდ ავტორიტარულ ელემენტებზე. არჩევნებამდე ათი დღით ადრე გამოაშკარავებულმა ციხის სკანდალმაც ბუნებრივია, რომ ეს იდეა გაამყარა. წინასაარჩევნო პერიოდის კიდევ ერთი საკვანძო თემა იყო ეკონომიკური წარუმატებლობა. ამ პერიოდში „აგვისტოს ომი“ უკანა ფლანგზე რჩებოდა და მე არ ვფიქრობ, რომ არჩევნებში დამარცხების მთავარი პირობა იყო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის.
საქართველო-რუსეთის ომმმა დასავლეთში სააკაშვილის რეპუტაციის გაუარესებას შეუწყო ხელი. შედეგად გამოჩნა, რომ ეს ადამიანი დასავლეთის უფრო ნაკლებ ნდობას იმსახურებდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. იმ პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი გახლდათ. სააკაშვილს თეთრი სახლი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ომის დაწყების წინააღმდეგ აფრთხილებდნენ. თუმცა მან ეს გაფრთხილებები არ გაითვალისწინა და ლამის შეერთებული შტატებიც ჩაითრთია გაცილებით სერიოზულ სიტუაციაში რეგიონში.
მაგრამ ვაშინგტონმა გაკვეთილი ისწავლა. შედეგად, ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა საქართველოს შეიარაღებაზე.
მიხაილ გუტკინი: თქვე ახსენეთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრეზიდენტ სააკაშვილს აფრთხილებდა საომარი მოქმედებების დაწყების წინააღმდეგ. რუსეთში ბევრს ამის არ სჯერა და ისინი თვლიან, რომ სააკაშვილს დასავლეთის იმედი რომ არ ჰქონოდა, ის არასოდეს წავიდოდა ამაზე.
ლინკოლნ მიტჩელი: ის, თუ რა გათვლებიც გააკეთა სააკაშვილმა, და რას ეუბნებოდა მას ვაშინგტონი-არ ნიშნავს ერთი და იმავეს.
მე საქართველოს მთავრობიდან ვიცი, (თუ ჩემი არ გჯერათ, კითხეთ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ან თბილისში, ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს), რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან მკაფიოდ უცხადებდა სააკაშვილს, რომ ის არ ჩაბმულიყო ომში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. როგორც ჩანს, სააკაშვილმა არ შეისმინა ეს გაფრთხილებები. თუმცა მე არ გამკვირვებია, როცა შევიტყვე, რომ ამერიკის ადმინისტრაციაში ან მის შორიახლოს იყვნენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს განსხვავებულ შეტყობინებებს უგზავნიდნენ და მას ეუბნებოდნენ „წინ“. შესაძლოა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი უფრო სერიოზულად მიუდგნენ სწორედ ამ სიგნალებს, იმდენად რამდენადაც მათ სწორედ ამის მოსმენა სურდათ.
თუ თქვენ კონდოლიზა რაისის მოგონებებს გადაიკითხავთ, ნახავთ, რომ ის წერს, თუ მოქმედების რა ვარიანტები განიხილებოდა ამერიკის უშიშროების საბჭოში. ანუ ნათელია, რომ ამ საკითხში ვაშინგტონში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ფართო კონტაქტები ჰქონდა ვაშინგტონში-ეს კონტაქტები უფრო ვრცელი იყო, ვიდრე დღევანდდელი ხელისუფლების კავშირებია. თუ 2007, 2008 და 2009 წლებში თბილისში რომელიმე ქართველ მინისტრთან შეხვედრაზე წახვიდოდით, სამინისტროს შენობაში აუცილებლად გადააწყდებოდით ამერიკის მთავრობის ყოფილ ან მოქმედ თანამშრომელს, ლობისტს, ან ბიზნესმენს.
საქართველოს მაშინდელი მთავრობის კაშირები იმდენად ვრცელი იყო, რომ როგორც ჩანს ისინი პოულობდნენ ისეთ ადამიანებს ვაშინგტონში, რომლებიც მათ სწორედ იმას ეუბნებოდა, რისი გაგებაც საქართველოს მთავრობის წევრებს სურდათ.
მიუხედავად ამისა, არ მინდა სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილს დავაკისრო ან მის რეჟიმს: მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთის მთავრობის აგრესიული მოქმედებების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ამიტომაც პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნაი წილი სწორედ მოსკოვს მიუძღვის.
მიხაილ გუდკინი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, ერთერთ ამოცანად საქართველოს ნატოში შესვლას ისახავს. როგორ შეაფასებთ ამის შანსს?
ლინკოლნ მიტჩელი: ეს საინტერესო კითხვაა. რუსეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ ვიდრე სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, ორმხრივი ურთიერთობები ვერ დალაგდება. სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ, ახალი მთავრობა მოვიდა, რომელიც ასევე ისწრაფვის დასავლეთისკენ და ამერიკასთან კარგი ურთიერთობები აინტერესებს.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ეს პერსპექტივა საკმაოდ შორია. თუმცა ეს შედეგია ალიანსში არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა. თვითონ საქართველო, დღეს, უფრო მზად არის ალიანსში გაწევრიანდეს, ვიდრე ერთი ან ორი წლის წინ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ხელშეკრულების ორგანიზაციაში მისი შესვლა შემდეგი 2-3 წლის მანძილზე მოხდება? ვფიქრობ, ამას დიდი დრო დასჭირდება. წოტა ხნის წინ საქართველოში კონფერენციაზე ვიყავი, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ორივე მხარე ენთუზიაზმით მუშაობს, მაგრამ როგორც გითხარით ამას უფრო მეტი დასჭირდება, ვიდრე ორი ან სამი წელი.
მიხაილ გუტკინი: კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ალექსანდერ ქულისთან ერთად თქვენ გამსხვავებული მიდგომა გაქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი. რამდენად აქვს თქვენს მოსაზრებებს გამოხმაურება?
ლინკოლნ მიტჩელი: დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ახლებური მიდგომა სჭირდება. ჩვენს იდეებს, ამერიკაზე მეტად, გაგებით შეხვდნენ ევროპაში. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანგარიში, სადაც სეპარატისტულ ტერიტორიებთან ურთიერთობების მოწესრიგებას მათი დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე მოვუწოდებთ. ევროკავშირის „არაღიარებისა და ჩართულობის სტრატეგიაში“ ჩვენი მიდგომები გაითვალისწინეს. ჩვენ ამ რეგიონებში რბილ დიპლომატიას ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ იქ არავისთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი იქ სააკაშვილის მხარდამჭერ ძალად აღიქვამენ.
მე გამოვდივარ იმ იდეით, რომ აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა არა თბილისში არამედ ვაშინგტონში იგეგმებოდეს. ამ იდეას ვაშინგტონში მხარდამჭერები არ გამოუჩნდნენ. ეს ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ ეს საკითხი ამერიკის დედაქალაქში პრიორიტეტული არ არის.