ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის ყოფილი კანცლერი მოსკოვში იმყოფება


კრემლში გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი მოსკოვშია, კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ის მართლაც რუსეთის დედაქალაქშია. თუმცა, რუსეთის მთავრობის თქმით, ვიზიტი ამ ეტაპზე ოფიციალური არაა და ის მათთან კავშირში არ არის.

"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ის მოსკოვშია",- უთხრა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, "შეხვედრა ჩანიშნული არ არის, თუმცა სავარაუდო კონტაქტი გამორიცხული არაა".

ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შროდერის მოსკოვში ყოფნის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად გერმანულმა მედიამ გაავრცელა. მათ შროდერის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ასევე თანდართული იყო ყოფილი მაღალჩინოსნის კომენტარი. "შვებულებაში ვარ რამდენიმე დღით. მოსკოვი ლამაზი ქალაქია",- თქვა შროდერმა. მის ოფისს, გერმანიაში, ამ დრომდე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ორშაბათს, "გაზპრომმა" განაცხადა, რომ რუსეთი გერმანიას გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკად 1"-ის მილსადენით 20%-მდე შეუმცირებს. გერმანიას ამ დრომდე კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

სწორედ შროდერი იყო მთავარი ფიგურა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ენერგო კავშირები გააღრმავა. ის გერმანიის კანცლერის თანამდებობას 1998- 2005 წლებში იკავებდა. შემდეგ კი რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად "როსნეფტის” სამეთვალყურეო საბჭოში დაიკავა ადგილი.

XS
SM
MD
LG