ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უნდა ეშინოდეს


დევიდ კრამერი, "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი
დევიდ კრამერი, "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი

დევიდ კრამერი: საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციისა და უკრაინაში 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, პუტინი რევოლუციას რუსეთში ელოდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:44 0:00
ბმული

ამერიკის ხმამ ჩაწერა ინტერვიუ „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტთან დევიდ კრამერთან.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტმა დევიდ კრამერმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდა. კრამერის განცხადებით, უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის მიერ ქუჩაში გამოსვლით გამოხატული პროტესტი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს:

"ჩემი აზრით, ეს სასოწარკვეთის კულმინაციაა, რომელსაც უკრაინელები იანუკოვიჩის მმართველობის შედეგად განიცდიან. ეს კრიზისი მისი ლიდერობის შედეგია. დაძაბულობის განსამუხტად, პრეზიდენტი იანუკოვიჩი უნდა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. ვითარება უკიდურესად დაძაბულია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა, მაგრამ ბევრი ადამიანი დაშავდა. არავის სურს ასეთი ძალადობის განმეორება."

კრამერი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობას უნდა აწუხებდეს ის ფაქტი, რომ დასავლეთმა შეიძლება უკრაინელი მაღალჩინოსნების მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესოს და სანქციების სამიზნედ არც პრეზიდენტ იანუკოვიჩს გამორიცხავს:

"ჩემი აზრით, ისინი იმაზე მეტად უნდა იყვნენ ამით შეწუხებული, ვიდრე აირან. ვესაუბრე რა ამერიკის მაღალჩინოსნებს უკნასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ისინი სანქციებს სერიოზულად განიხილავენ. სანციები ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა. როცა სანქციებზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მათ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებას. აქ საუბარია მიზანმიმართულ სანქციებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ ადამიანთა სიაში შეიძლება ისეთი მაღალი თანამდებობის პირიც კი შევიდეს, როგორიც პრეზიდენტი იანუკოვიჩია.

"ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება შედარებით ნელი პროცესია, რადგან გადაწყვეტილებას თითოეული წევრი სახელმწიფო უნდა დათანხმდეს. შეერთებულ შტატებში განსხვავებული ვითარებაა და გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკას მაღალი ტერიტორიული წვდომა აქვს, ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებს სერიოზული შედეგები მოჰყვება. ჩემი აზრით, სანქციების გამოყენება ამ ეტაპზე შეკავების მეთოდად უნდა იქნას განხილული, რომ იანუკოვიჩმა და ზოგადად ხალხმა უკრაინაში იცოდეს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია.

"ჩემი აზრით, ყველა შეშფოთებულია ძალის გამოყენების შესაძლებლობით და რამდენადაც მე ვიცი, ამერიკა ევროკავშირთან მოლაპარაკებას აწარმოებს სანქციების თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს ძალის გამოყენება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი შეიძლება ყოფილიყო გარკვეულ წრეებში.

"უკრაინელები იმედგაცრუებული არიან ნარნჯისფერი გუნდის მმართველობით. იანოკოვიჩის პრეზიდენტობით ისინი შესაძლოა კიდევ უფრო მეტად იყვნენ უკმაყოფილო. ხალხმა დაინახა ევროპასთან ინტეგრაციის გზა, ხოლო იანუკოვიჩმა ეს გზა გადაკეტა. ეს კი ის საბოლოო ნაბიჯი გამოდგა, რომელმაც ის ადამიანები გამოიყვანა ქუჩაში, რომლებიც პუტინის, ლავროვის და გლაზიევის მუქარას და ზეწოლას ეწინააღმდეგებიან."

კრამერმა იანუკოვიჩის დემოკრატიული მმართველობა ეჭვის ქვეშ დააყენა და თქვა:

"პირველ რიგში, ჩემი აზრით, დემოკრატიული ლიდერი პეკინში და შემდეგ რუსეთში არ გაფრინდებოდა მაშინ, როცა მის ქვეყანაში ამდენი ადამიანი ქუჩაშია გამოსული. იანუკოვიჩის ეს გადაწყვეტილება მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. ბევრმა უკრაინელმა ეს ნაბიჯი მიიღო, როგორც მათი უპატივისმცემლობა და ხალხის სურვილის იგნორირება. კომპრომისის გამონახვის ნაცვლად, იანუკოვიჩი და განსაკუთრებით აზაროვი, იყენებენ პროვოკაციულ რიტორიკას და მომიტინგეებს ისეთი სიტყვებით ახასიათებენ, როგორიცაა მაგალითად, "ნაცისტები".

"გარდა ამისა, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს „ბერკუტის“ მიერ ძალის გამოყენებამ მომიტინგეების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიყენა. არც ოპოზიციამ გათვალა გადაწყვეტილება სათანადოდ, როცა პარლამენტის მიერ მთავრობის მიმართ ნდობის გამოხატვის კენჭისყრაზე სათანადო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა."

დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვისაა, იმას თუ როგორ განვითარდება კიევში სიტუაცია აუცილებლად ექნება გავლენა რეგიონის ქვეყნებზე. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ვითარებას თავი ცუდად გაართვა და ამასთან შესაძლოა საკუთარი მდგომარეობაც შეასუსტა:

"ის რაც უკრაინაში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვისაა. მაგრამ, ჩემი აზრით, იმას, რაც უკრაინაში მოხდება, აუცილებლად ექნება გავლენა რუსეთზე. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციისა და უკრაინაში 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, პუტინი ძალიან შეშინდა და ფიქრობდა, რომ შემდეგი რევოლუცია რუსეთში მოხდებოდა. ასეთი მოვლენები პუტინის, იანუკოვიჩის, ალიევის, ლუკაშენკოს და სხვა მსგავს ლიდერებს შიშის ზარს სცემს. ისინი არ არიან დემოკრატიულ ილიდერები. ისინი ავტოკრატები არიან და როცა ხედავენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის მათ წინააღმდეგ, მათ ძალაუფლების დაკარგვის შიში უჩნდებათ.

"იანუკოვიჩის რეიტინგი უკრაინაში 20 პროცენზე დაბალი იყო ამ მოვლენების დაწყებამდე და ახლა, ალბათ, 10 პროცენტზე დაბალიცაა. მისგან განსხვავებით, პუტინს რუსების დიდი რაოდენობა უჭერს მხარს, მაგრამ უკანასკნელი გამოკითხვების საფუძველზე პუტინის რეიტინგმა რეკორდულად დაიკლო და ბევრი რუსი მხარს არ უჭერს 2018 წელს მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. გარდა ამისა, პუტინმა ძალიან ცუდად გაართვა თავი უკრაინის მოვლენებს. საბოლოო ჯამში, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების, შოკოლადის და გაზის ექსპორტის აკრძალვის მუქარამ, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო და დღეს უფრო მეტი უკრაინელია ევრაზიის კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი."

კრამერის განცხადებით, უკრაინელებმა საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად ბრძოლა უნდა გააგრძელონ, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობამაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დარეგულირებაში:

"საბოლოო ჯამში, ვითარებას თავად უკრაინელები გადაჭრიან, იქნება ეს ქუჩაში გამოსული ხალხი თუ მთავრობის წევრები. გარე მოთამაშეებს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ გავლენის მოხდენა, მაგრამ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი მათი გავლენის ეფექტურობაში და იმაში, თუ რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს. უკრაინას ძალიან სჭირდება ეკონომიკური დახმარება. ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად კიევს მომავალ წელს 18 მილიარდი დოლარი სჭირდება. იმპორტის დასაფინანსებლად ქვეყანას მხოლოდ ორი თვისთვის საკმარისი კაპიტალი აქვს. როგორც ჩანს, იანუკოვიჩი პეკინიდან და მოსკოვიდან ხელცარიელი დაბრუნდა. სწორედ აქ შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას დიდი წვლილის შეტანა. თუმცა, ეკონომიკურ მხარდაჭერასთან ერთად ამერიკამ და ევროკავშირმა შესაძლო სანქციებზეც უნდა ისაუბრონ, რომლებიც ძალის გამოყენების შემთხვევაში იქნება დაწესებულ იანუკოვიჩის წინააღმდეგ."
XS
SM
MD
LG