ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აირჩევდა თუ არა ოდესა სააკაშვილს გუბერნატორად?


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მიხეილ სააკაშვილის ოდესაში გუბერნატორად დანიშვნას ამერიკელი ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ. გახდება თუ არა ოდესა რუსეთისთვის უფრო მიმზიდველი სამიზნე და აქვს თუ არა სააკაშვილს ოდესელების მხარდაჭერა? ამ თემაზე ია მეურმიშვილი ვაშინგტონში ექსპერტებს ესაუბრა.

მაკკეინის ინსიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების დაცვის დარგში დევიდ კრემერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას სკეპტიკურად აფასებს. მას მინაჩნია, რომ ამით ოდესა რუსეთისთვის უფრო მიმზიველი სამიზნე გახდება.

[ოდესელების] ნაწილი იმასაც ამბობს, რომ 'ნუთუ არ იყო უკრაინელი, რომელიც ოდესის გუბერნატორობას შეძლებდა?'
დევიდ კრემერი

„მართალი გითხრათ ეს ცოტა უცნაურია. როგორც მე მესმის პრეზიდენტ პოროშენკოს და სააკაშვილს ახლო უთიერთობა აქვთ. ამასთან, სააკაშვილს დამსახურებულად აქვს საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კარგი რეპუტაცია. თუმცა, სრულიად განსხვავებული გამოწვევაა საქართველოში მიღწეული წარმატების უკრაინასთან და განსაკუთრებით ოდესასთან მისადაგება, სადაც კორუფციის უდიდესი პრობლემები არსებობს. გარდა ამისა, ოდესა დონბასს ესაზღვრება, სადაც რუსეთის ჯარები იმყოფებიან და სამხედრო აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, ოდესა შეიძლება მომდევნო სამიზნე გახდეს.“

კრემერი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სააკაშვილს ოდესელების სრული მხარდაჭერა აქვს. იმის გამო, რომ სააკაშვილი დანიშნული და არა არჩეული გუბერნატორია, მას მოსახლეობასთან ნაკლები ანგარიშვალდებულება აქვს, რაც შესაძლოა მის მიმართ ნდობაზე აისახოს.

„ამ გადაწყვეტილებას უკრაინელებიც არაერთგვაროვნად შეხვდნენ. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ 'ნუთუ არ იყო უკრაინელი, რომელიც ოდესის გუბერნატორობას შეძლებდა?' მე, როგორც ამერიკელს, მტკიცედ მჯერა იმის, რომ გუბერნატორები უნდა იყვნენ არჩეული და არა დანიშნული. ამით მათ ამომრჩეველთან მეტი ანგარიშვალდებულება ექნებათ. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში ოდესელებს მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორად აერჩიათ,“ აცხადებს კრემერი.

სააკაშვილმა რუსეთთან ომი მოიგო თუ არა ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მან კონფლიქტის დროს გამოცდილება მიიღო.
გლენ ჰოვარდი

კრემერი იმედს იტოვებს, რომ რუსეთი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მხოლოდ დღემდე გამოხატული ცინიზმითა და სარკაზმით შემოიფარგლება და ოდესაში სამხედრო მოქმედებებს არ დაიწყებს იმის გამო, რომ იქ ადგილობრივი მმართველი მიხეილ სააკაშვილია. სამხედრო აგრესიის გააქტიურების პარალელურად, კრემერი არ გამორიცხავს იმას, რომ საფრთხეები პირადად ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც არსებობდეს.

თუმცა, კრემერს მიაჩნია, რომ პერსონალურ დონეზე სააკაშვილისთვის ეს საფრთხეები შესაძლოა გამართლებულია, რადგან ოდესაში წარმატების მიღწევით ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ერთგვარ სამაგიეროს გადაუხდის.

„იმედია, რომ სააკაშვილის ოდესაში ყოფნით რუსეთი არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ ოდესის წინააღმდეგაც არ გააქტიურდება. მოსკოვში ზოგიერთი ამას უდავოდ პროვოკაციად მიიჩნევს. მედვედევმა ტვიტერზე დაწერა, რომ ამის გამო [სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო] უკრაინა ეცოდება. იმედია ასეთი დაცინვისა და სარკაზმის მეტს არაფერს გააკეთებენ და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას მის წინააღმდეგ სამხედრო გზით არ ეცდებიან [...].

„ეს არ არის ავტომატურად ცუდი გადაწყვეტილება.უცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის მთავრობას მმართველობაში ძირეული ცვლილებების განხორციელება სურს. სააკაშვილი დანიშვნა ასევე უკავშირდება შეხედულებას, რომ ის ძალიან წარმატებული იყო კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. თუმცა, მოგვიანებით მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც სააკაშვილი საქართველოდან წავიდა და რამდენიმე ხანი ალბათ ვერც დაბრუნდება მისთვის წაყენებული ბრალდებების გამო. ის ახალგაზრდა, მოუსვენარი ადამიანია და ბევრი კარგი რამის გაკეთება ჯერ ისევ შეუძლია. არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობს, მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მის თვალში რუსეთისთვის ანგარიშის გასწორების ერთგვარი საშუალებაა,“ აცხადებს კრემერი.

კრამერისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შეხედულება აქვს ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტ გლენ ჰოვარდს, რომელსაც მიაჩნია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხება არ არის ფაქტორი, რომელიც უკრაინის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნის დროს.

ჰოვარდის თქმით, „ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა ქვეყანაში მმართველი ძალა იცვლება. ნიშნავს ეს იმას, რომ დამარცხებული ადამიანების უნარები არ უნდა გამოიყენო? თუ უკრაინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რატომაც არა?“

ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხია და მათ აქვთ ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ დაეხმარონ ურაინელებს. ამ დახმარებაში მან სახმედრო დახმარებაც იგულისხმა. მისი თქმით, უკრაინის არმიას გამოცდილება არ აქვს, ქართველ ჯარისკაცებს კი სამხედრო წვრთნები დასავლეთის ქვეყნების საუკეთსო დანაყოფებისგან აქვთ მიღებული, მათ შორის ამერიკის საზღვაო ქვეითებისა და ნატოს დანაყოფებისგან. ჰოვარდს მიაჩნია, რომ უკრაინელებს ასეთი სახის დახმარება სწორედ ახლა სჭირდებათ.

ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას კი ჰოვარდი დადებითად აფასებს. ის ასევე აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე დათანხმებით, სააკაშვილი არა მხოლოდ უკრაინას არამედ საქართველოსაც ეხმარება:

„ოდესა სააკაშვილისთვის დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის რისკზე მიდის. [...] და ამ რისკზე წასვლამ შეიძლება პოლიტიკურად გაამართლოს. ქართველები უკვე თამაშობენ დიდ როლს უკრაინის მთავრობაში. სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა ძალიან დიდი ამბავია. მაგრამ, არ დაგვავიწყდეთ ის, რომ უკრაინას დიდი მნიშნველობა აქვს საქართველოსთვის და ამ ორი ქვეყნის მომავალი ერთმანეთზეა გადაბმული.“

ჰოვარდს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ოდესაში დანიშვნით ოდესა პუტინისთვის უფრო მიმზიდგელი სამიზენა არ გახდება, რადგან პუტინს ოდესა უკვე შერჩეული აქვს სამიზნედ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საქართველომ რუსეთთან ომი წააგო, სააკაშვილის მიერ ამ კონფლიქტის დროს მიღებული გამოცდილება უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება:

„როდიდან ვნიშნავთ ადამიანებს თამამდებობებზე იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ახლოს მეგობრობენ ისინი პუტინთან? არ მგონია პრეზიდენტ პუტინს რაიმე არჩენვანი აქვს იმაში, თუ ვინ დაინიშნება უკრაინაში რა თანამდებობაზე. ეს სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია. ცხადია, ამით პუტინი გაღიზიანდება, მაგრამ ის უკვე აწარმოებს სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. ამით [სააკაშვილის დანიშვნით] შეიცვლება რამე? ამერიკის სამხედრო გემები უკვე არიან შავის ზღვის რეგიონში. ამით არაფერი შეიცვლება. პოროშენკო მუშაობის პროცესში სწავლობს მუშაობას. მას დახმარება და რჩევები სჭირდება. სააკაშვილმა რუსეთთან ომი მოიგო თუ არა ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მან კონფლიქტის დროს გამოცდილება მიიღო. პოროშენკოს სჭირდება ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ ტელეფონი და დაურეკონ შვედეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მათი ყურადღება მიიპყრონ.“

ვაშინგტონში სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას განსხვავებულად აფასებენ. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ამით უკრაინამ საკუთარი მდგომარეობა გაირთულა სხვები კი ფიქრობენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. ერთი საკითხი რაზეც ექსპერტები თანხმდებიან არის ის, რომ უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენები პირდაპირ უკვაშირდება საქართველოს მომავალს. თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა ამით არა მხოლოდ კიევს, არამედ თბილისსაც გადაეკეტება ევროპისკენ მიმავალი გზა.

XS
SM
MD
LG