უფლებადამცველებმა გაეროს პეტიციით მიმართეს, რომლის საფუძველზეც ჩრდილოეთ კორეაში მდებარე პატიმართა ბანაკებში შექმნილი სიტუაციის გამოძიებას ითხოვენ. მათი განცხადებით იქ „გულაგის“ მგავსი პირობებია და შიმშილით და აუტანელი შრომის რეჟიმით ათასობით კორეელი იღუპება.
პეტიციის ავტორია ჯგუფი, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო კოალიცია ჩრდილოეთ კორეაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ“. აქტივისტების თქმით ქვეყანაში 60 წლის მანძილზე გაუსაძლისი შრომითი პირობების გამო 400 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი დაიღუპა. მათი უმეტესობა პატიმარია.
უფლებადამცველების მონაცემებით დღეისათვის ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასი პატიმარია და მათი უმეტესობა შიმშილობს. პატიმრების უფლებების უხეშ დარღვევებს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ხშირად უსაფრთხოების მოსაზრებებით ამართლებს. ფხენიანი ყველაზე მეტად ბირთვული პროგრამების უსაფრთხოების უზრუნველყოფით აპელირებს.
ადვოკატთა საერთაშორისო ფირმის „Perseus Strategies” წარმომადგენელი ჯარედ გენზერი აღნიშნავს, რომ გაეროს პეტიცია სწორი და აუცილებელი ნაბიჯია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შესწევს უნარი ჩრდილოეთ კორეა აიძულოს ადამიანის უფლებების დაცვას მეტად გაუწიოს ანგარიში, აღნიშნავს ის.
„მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები აშკარა პრიორიტეტად მიიჩნევა, საერთაშორისო საზოგადოების მოვალეობაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაში არსებულ ხარვეზებსაც გაუწიოს ანგარიში. არ გვაქვს უფლება ადამიანთა წამების ფაქტების იგნორირება მოვახდიონოთ. საქმეში გაერო უნდა ჩაერთოს და მისი წინამძღოლობით ჩრდილოეთ კორეაში მოქმედ „გულაგს“ ბოლო მოეღოს“ - განაცხადა მან.
პრობლემის წინა პლანზე წამოწევა ახლახან გამოცემული წიგნის დამსახურებაცაა. „გაქცევა მე-14 ბანაკიდან“ ასე ჰქვია წიგნს, რომელიც კორეელი ლტოლვილის შინ დონ ჰუის ცხოვრებას ასახავს. ადამიანის, რომელიც პატიმართა შრომა-გასწორებით ბანაკში დაიბადა. „ვაშინგტონ პოსტის“ ყოფილი კორესპონდენტის, ბლეინ ჰარდენის მიერ დაწერილ მემუარებში, რომელიც შინ დონ ჰუის მოგონებებს ეყრდნობა, პატიმრობაში მყოფი მთელი ოჯახის ცხოვრებაა აღწერილი. ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილის დედა და ძმა ბავშვის თვალწინ საჯაროდ აწამეს და მოკლეს.
გაეროს პეტიცია ანალოგიურ დოკუმენტურ მასალებს ეფუძნება. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ წარმომადგენელი, ჯეკ რენდლერი ამბობს, რომ მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ გაერომ გადაწყვეტილება სპეციალური გამოძიების შესახებ მიიღოს.
“ჩვენი სურვილია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ კომისია დანიშნოს და ჩრდილოეთ კორეის სასჯელაღსრულების სისტემაში, ციხეებში თუ შრომა-გასწორების ბანაკებში არსებული დარღვევები გულდასმით შეისწავლოს“ - აცხადებს „საერთაშორისო ამნისტიის“ თანამშრომელი.
ბატონი რენდლერის თქმით გაეროს გამოძიების დანიშნვა იოლი საქმე არ იქნება, მაგრამ ზომების მიღება აუცილებელია და ისინი ზეწოლას გააგრძელებენ. 14 აპრილს „საერთაშორისო ამნისტია“ გაეროს ჩრდილოეთ კორეის მისიას შვეიცარიაში კიდევ ერთ პეტიციას გადასცემს, რომელზეც 170 ათასი გვარია დაფიქსირებული.