ხარკოვის ოლქის გუბერნატორი იგორ რენინი უკრაინის ხელისუფლების ხუთ-კაციან დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით იმყოფება. გუბერნატორი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეკონომიკური რეფორმების შესახებ მოხსენებით კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოვიდა. როგორ აფასებს თავისი კოლეგის, მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას უკრაინაში შეხვედრაზე კითხვა ამერიკის ხმამ დასვა.
იგორ რენინი: კონფლიქტი უკრაინაში მცხოვრები ადამიანების დაპირისპირების გამო არ დაწყებულა. კონფლიქტი პუტინის რუსეთის მიერ არის პროვოცირებული. ევროპული სტანდარტებით უკრაინა დიდი ქვეყანაა. ეს რომ რუსეთის პროვოკაცია არ იყოს, მაშინ ქვეყნის სიღრმეში არც რუსული ტანკები იდგებოდა.
კონფლიქტი პუტინის რუსეთის მიერ არის პროვოცირებული.იგორ რენინი, ხარკოვის გუბერნატორი
რუსეთი, რომელმაც უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის ტემპი შეანელა, შექმნა ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემები -უკრაინის ძველ დედაქალაქთან ხარკოვთან სულ რაღაც 40 კილომეტრში მდებარეობს. ამის მიუხედავად, "რეგიონში მშვიდობა და სტაბილური განვითარების ტემპია", აცხადებს იგორ რენინი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნიუ-იორკში ამერიკელ ბიზნესმენებს საინვესტიციო პროექტებს სთავაზობს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარ პრობლემად იგორ რენინი კორუფციას ასახელებს, რაც უკრაინისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა 25 წლის წინ მოიპოვა, ისეთი სერიოზული პრობლემაა, რომ თებერვლის დასაწყისში სკანდალური ბრალდებებით პოსტი ეკონომიკის მინისტრმა აიავარას აბრომავიჩიუსმა დატოვა.
იგორ რენინი: ბოლო 25 წლის განმავლობაში, უკრაინის განვითარებისთვის კორუფცია ყოველთვის მთავარი პრობლემა იყო. პოსტ-საბჭოური პერიოდის განმავლობაში ახლა პირველად ამუშავდა კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური პროგრამა, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ არის ინიცირებული. ძალიან ახლო კონსულტაციები მიმდინარეობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს. უკვე შეიქმნა ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური განყოფილება პროკურატურაში, კორუფციული საქმეების გამოძიების სააგენტო. სულ კორუფციასთან ბრძოლის ოთხი სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა. თუმცა, უკვე გასულ წელს ხარკოვში ჩვენ გამოვავლინეთ და პასუხისგებაში კორუფციის ბრალდების საქმეზე დავაკავეთ იმდენი პირი, რაც მთლიანად ამ 25 წლის განმავლობაში არ გვიმხელია.
იგორ რენინმა შეხვედრაზე ამერიკის ხმის კითხვას უპასუხა. როგორ აფასებს ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და საერთოდ უკრაინის ხელისუფლებაში ქართული გუნდის ძალისხმევას და უკრაინის რეალობაში კორუფციასთან ბრძოლის იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოში რეფორმატორთა გუნდის მუშაობის შედეგად დასავლეთის მხარდაჭერით წარმატებული გამოდგა.
იგორ რენინი: მიხეილ სააკაშვილი ჩემი კოლეგაა და ჩვენ ნორმალური საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. არ იქნება კორექტული, რომ მე ახლა მისი საქმიანობა გავაკრიტიკო. მაგრამ როგორც უკრაინის მოქალაქემ, შემიძლია განვაცხადო, რომ ყველას მიმართ, ვინც უკრაინისთვის კარგ საქმეს გააკეთებს, მადლობელი ვიქნები. ქართული გუნდი ძალიან ინიციატივიანი, ეფექტური და ენერგიულია და უკრაინისთვის პოზიტიური შედეგი მოაქვს. ხარკოვში მმართველობის სხვა სტილი გვაქვს. ვიცით, რომ სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში. მან ასევე შეძლო მნიშვნელოვანი კითხვები დაესვა. ეკა ზღულაძე არის ძირითადი ფიგურა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საქმეში, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. პოლიცია სრულად გარდაიქმნა და თანამედროვე გახდა. დიდი როლი აქვს ასევე მეორე ქალბატონს, ხატია დეკანოიძეს, რომელიც ადრე პრეზიდენტის მრჩეველი იყო ახლა პოლიციის უფროსია. კიდევ ერთხელ ვიტყვი როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინისთვის გაკეთებულ ყველა კარგ საქმეს მივესალმები.
ჰარიმანის ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერი ელის ჯულიანო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იგორ რენინის ეს შეფასება იმას ნიშნავს, რომ ის პოზიტიურად არის განწყობილი ქართველი რეფორმატორების მიერ უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით გატარებული პოლიტიკის მიმართ, რაც ქართული გამოცდილების გაზიარებაა.
ელის ჯულიანო: მე ვფიქრობ კორუფცია უკრაინაში ძალიან სისტემური პრობლემაა. ახლა მითუმეტეს, ძალიან სერიოზული პრობლემებია. იყო განცხადებები ამერიკიდანაც. როგორც ჩანს, ისევ არის სერიოზული შეშფოთება უკრაინის პრეზიდენტზე და მის გარემოცვაზე ოლიგარქების გავლენასთან დაკავშირებით. და თუ ეს დადასტურდა, მაშინ პრობლემები შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც შეექმნას.
იგორ რენინი ნიუ-იორკში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს ამერიკელ ბიზნესმენებთან ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით განაგრძობს.