ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ზამთარი მოდის" - გარი კასპაროვი პუტინის შესახებ


"საკმაოდ პესიმისტური პროგნოზები მაქვს. მარტო ზამთარი კი არ მოდის, გრძელი ზამთარი შეიძლება იყოს“ - ამბობს გარი კასპაროვი, მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, ამჟამად მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი.

გარი კასპაროვმა, მსოფლიოს ჩემპიონმა ჭადრაკში, ახლა კი მწერალმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, ერთხელ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავისუფალი სამყაროსთვის გაცილებით უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო. „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ნადვილად. პუტინი ყველა კრიზისის ცენტრშია. ნებისმიერი კრიზისი აიღეთ მსოფლიოში, რაიმე კავშირი მაინც აქვს. იქცევა, როგორც ბოსების ბოსი. მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი დიქტატორია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მასთან ვერაფერს აწყობს. პუტინი მსოფლიოს რუკაზე სუსტ წერტილებს საკმაოდ ოსტატურად პოულობს, არ არის აუცილებელი ეს მეზობელი ქვეყანა იყოს.

ახლა სირიის თამაშებშიც შეიჭრა, რაც ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციის ბევრად დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილია. იმედი აქვს, რომ ნავთობის ფასები გაიზრდება, დევნილების კრიზისი გაღრმავდება. მილიონობით ახალი დევნილი, ევროპის დესტაბილიზაცია, ევროკავშირის დასუსტება. ეს ყოველივე მის აგრესიასთან დაპირისპირებას შეუძლებელს გახდის“.

კასპაროვის აზრით, უკრაინაში პუტინმა საბრძოლო ოპერაციები იმიტომ კი არ შეჩერა, რომ ინტერესი დაკარგა, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, ბევრად ძვირი უჯდებოდა. უკრაინის არმია საკმაოდ ძლიერი გამოდგა. მათ მხარეზე ბევრი რუსულენოვანი უკრაინელი გადავიდა. ამასთან, დაღუპულთა გადმოსვენება შინ რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდიდა. სწორედ ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა ახალი, უფრო ამბიციური გეგმა დაისახა: უკრაინაში კონფლიქტი გაყინა და იქ განლაგებული ჯარების უმეტესი ნაწილი სირიაში გადაისროლა.

„შეერთებული შტატების წინამძღოლობით მოქმედი კოალიცია ფურცელზე დარჩა. პუტინის ძალები უკვე იქ, ადგილზე [სირიაში] არიან... ეს სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ნეთანიაჰუც კი [ისრაელის პრემიერ-მინისტრი] მოსკოვში ჩადის. რუსული ჯარები მის კართან დგანან, ფანჯრიდან ცივი ნიავი უბერავს...

ეს ნიშნავს, რომ თამაშის წესებს პუტინი განსაზღვრავს. მთელი უსაფრთხოება წყალში ჩაყრილია. გაერო აღარ ფუნქციონირებს. [პუტინი] აკეთებს იმას, რაც გაუხარდება. ამერიკა რეგიონს სიტუაციის დაბალანსებას აღარ სთავაზობს. 15-16 თვიანი პრობლემა შეიქმნა. ეს თითქმის უსასრულობაა, რადგან მოვლენები 15 დღეში, ან 15 კვირაში ვითარდება. ამინდის საკმაოდ პესიმისტური პროგნოზები მაქვს. მარტო ზამთარი კი არ მოდის, გრძელი ზამთარი შეიძლება იყოს“ - ამბობს გარი კასპაროვი.

„ზამთარი მოდის: რატომ უნდა შევაჩეროთ ვლადიმირ პუტინი და თავისუფალი სამყაროს მტრები“- სწორედ ასე ჰქვია კასპაროვის ახალ წიგნს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოიცა. ავტორი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გასულ 25 წელიწადს აღწერს და დაშვებული შეცდომების გაანალიზებას ცდილობს.

რაც შეეხება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს, რუსი ოპოზიციონერის აზრით, დასავლეთმა და განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკა უნდა განახორციელოს. ამერიკამ, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, მტრების დასუსტებაზე მეტად უნდა იზრუნოს. მითუმეტეს, რომ ძალაუფლებამ პუტინი შინ აშკარად უფრო ეროგანტული გახადა, რაც რუს გენერლებს აღარ მოსწონთ.

(მასალის ტელე-ვერსია, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მომზადდა).

XS
SM
MD
LG