ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტ ვახო სანაის სამი პირი დაესხა თავს


ვახო სანაია
ვახო სანაია

ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანს ვახო სანაიას სამი პირი დაესხა თავს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, როცა ჟურნალისტი, მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა.

სანაიას თქმით, თავდასხმა ცალსახად მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სამმა ნასვამმა პირმა იგი სახეზე იცნო, ჯერ დაიწყეს ჟურნალისტის გამოწვევა და პროვოცირება, ბოლოს გინებაზე და ცემაზე გადავიდნენ.

ეს ყველაფერი არის პირდაპირი გამოძახილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიის კრიტიკული მედიის მიმართ, მათი დაქირავებული საშუალებების, ტროლების, ბოტების აგრესიის და სიძულვილის, რასაც ყოველდღიურად თესავენ
ვახო სანაია, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი


„როცა სახეზე მიცნეს, ერთი მოვიდა ჩამოიხსნა შავი შარფი სახიდან, მითხრა კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა, მერე გადავიდა გინებაზე. ისმოდა გინება ტელევიზიების მისამართით, „ფორმულას“, „ტვ პირველის“ მიმართ, ბოლოს სამივე ფიზიკურად გამისწორდა.

თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი ცოლი და რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან. ჩემს რძალსაც დაზიანებები აქვს, მასაც კი, ქალს დაარტყეს. ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან ტელევიზიების, კრიტიკული არხების მიმართ“ - იხსნებს ვახო სანაია.

ჟურნალისტი ამბობს, ყველაფერი ძალიან ცუდად შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები რომ არ ყოფილიყვნენ. ისინი ტელეწამყანს და მისი ოჯახის წევრებს მოყინულ ქუჩაზე, ავტომანქანის გადაადგილებაში ეხმარებოდნენ, თავდასხმის დროს კი შუაში ჩადგნენ და ვახო სანაია დაიცვეს.

„ეს იყო არაკაცური, ლაჩრული საქციელი, დაინახეს, რო მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად ვიყავი, რომელიც ისტერიულად ტიროდა, ქალებთან ერთად ვიყავი, მოყინულ გზაზე ავტომანქანა მოგვიცურდა, მიჭირდა და მაინც აგრძელებდნენ ძალადობას.

ეს ყველაფერი არის პირდაპირი გამოძახილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიის კრიტიკული მედიის მიმართ, მათი დაქირავებული საშუალებების, ტროლების, ბოტების აგრესიის და სიძულვილის, რასაც ყოველდღიურად თესავენ“ - ამბობს ვახო სანაია.

ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ქარტიამ მოუწოდება ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოება დაიცვას.

"ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა" - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

ტელეწამყვაზე თავდასხმას „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში კერძოდ დაწერა:

ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე


"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს" - წერს არჩილ თალაკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ვახო სანაისა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით აღიძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.

ვახო სანაია 20 წლის უკან, 2001 წლის 26 ივლისს, თბილისში, საკუთარ ბინაში, ერთი ტყვიით მოკლული, რუსთავი-2-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას ძმაა, 24 თებერვალს, გიორგი სანაიას 46 წელი შეუსრულდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG