ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი, რომელზეც 3 ადამიანი იყო, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი და ორი მფრინავი დაიღუპნენ. მათ შორის არიან საქართველოს აერონავტიკის ფედერაციის პრეზიდენტი და კომპანია Sky Travel Group-ის დამფუძნებელი რევაზ უთურგაური, პოლონელი მფრინავი კშიშტოფ ზაპარტი და ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი.
საჰაერო ბურთი დღეს, 7 თებერვალს ფოთიდან აფრინდა, 400-კილომეტრიანი მარშრუტი კახეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან უნდა დასრულებულიყო. ეს იყო მოსამზადებელი, საცდელი გაფრენა, რის შემდეგაც მფრინავები მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდებოდნენ საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შესახებ აცხადებს, რომ აეროსტატზე ყველა საჭირო შემოწმება ჩატარებული იყო და მას სერტიფიცირებული მფრინავები მართავდნენ.
"აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება", - წერია სააგენტოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სითბური აეროსტატი [Cameron Balloons Z-315] ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით მიფრინავდა, რაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაშიც წარადგინა.
"დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV)", - აცხადებს ავიაციის სააგენტო.
უწყების ცნობით, საავიაციო შემთხვევას ამ ეტაპზე ისევ იკვლევენ, შესაბამისად, "სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები".