ფრანგი ტელერეპორტიორი ჟილ შაკიე კიდევ ერთი ჟურნალისტია, რომელიც სირიაში მოკლეს. ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მონაცემებით შარშან ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ყველაზე უფრო საშიში რეგიონი იყო ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის.
საფრანგეთმა ამ საქმის დაწვრილებით გამოძიება მოითხოვა. ჟილ შაკიე პირველი ევროპელი ჟურნალისტია, რომელიც სირიაში მოკლეს სახალხო გამოსვლების დაწყებიდან 10 თვის შემდეგ.
სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით, რომლებიც სირიაში გადასვლას არალეგალურად ცდილობენ, 44 წლის ჟილი სირიის ქალაქ ჰომსში ამ ქვეყნის მთავრობის ნებართვით გაემგზავრა. ის რაკეტის აფეთქების შედეგად დაიღუპა, როდესაც მთავრობის მხარდამჭერთა მიტინგს აშუქებდა.
შაკიეს სამხედრო კონფლიქტების გაშუქების დიდი გამოცდილება ჰქონდა. ის იმყოფებოდა ერაყში, ავღანეთში, კონგოსა და ბალკანეთის ომებში.
საფრანგეთის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის დირექტორის ტიერი ტრულიეს განცხადებით:“ ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო, რომელსაც უამრავი მეგობრები ჰყავდა თავის კოლეგებს შორის.“
ფრანგი ჟურნალისტი იმ უამრავ რეპორტიორთა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც არაბული გაზაფხულის გაშუქებას შეეწირნენ. 2011 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში 20 ჟურნალისტი დაიღუპა, 553 კი თავდასხმის ობიექტი გახდა.
როგორც რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ბიუროს ხელმძღვანელი სუზი დოლე აცხადებს:“ გასული წლის არაბული რევოლუციებისთვის დამახასიათებელი ფაქტორი იყო მმართველი რეჟიმების მიერ საინფორმაციო საშუალებებზე კონტროლის შენარჩუნება. ისინი ადგილობრივი მედიის ჩახშობას და უცხოელი ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევებას ცდილობდნენ.“
ქალბატონი დოლეს განცხადებით ჟილ შაკიე მეოთხე ჟურნალისტია, რომელიც სირიაში მოკლეს. საფრანგეთის მთავრობა ამ საქმის გულდასმით გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით:“ ჩვენ უცხოელ ჟურნალისტებს არ ვუკრძალავთ სირიაში ჩასვლას. მსოფლიოს ჭირდება ობიექტური ინფორმაციის მიღება ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. სირიაში წაუსვლელობა რეჟიმის წისქვილზე დაასხავს წყალს. უცხოელი ჟურნალისტების მასალები ერთადერთი სანდო წყაროა ამ ქვეყნაში სახალხო მღელვარების აქციების შესახებ.“
გასული წლის განმავლობაში არაბულ სამყაროში მომხდარი სახალხო რევოლუციების დროს ჟურნალისტები დაიღუპნენ იემენში, ლიბიაში, ეგვიპტესა და ტუნისში.