საქართველოში იწყება სამხედრო წვრთნები, რომელშიც 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, შეერთებული შტატების 4 ათასი ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.
შეერთებული შტატების არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები საქართველოს ხუთ ობიექტზე ჩატარდება და 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე გაგრძელდება.
“მებრძოლი სულის” გახსნის ცერემონია სენაკის ავიაბაზაზე ჩატარდა. 6 აგვისტოს, წვრთნების დასრულების ცერემონია ორფოლოს საწვრთნელ ობიექტზე გაიმართება. სამხედრო თამაშების სხვა ადგილებში შედის ვაზიანის საწვრთნელი ობიექტი და ვაზიანის სამხედრო აეროდრომი.
ეს, რიგით მეათე “მებრძოლი სული” წვრთნებია, რომელიც რეგიონული უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობისკენ და მონაწილე სამხედრო ძალების ერთობლივი მოქმედების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
წვრთნები საქართველოში პირველად 2011 წელს ჩატარდა და აშშ-ს და საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობით ყოველწლიურად იმართებოდა.
4000 ჯარისკაციდან, დაახლოებით 1600 საქართველოს თავდაცვის ძალებიდანაა და დაახლოებით 700 ჯარისკაცი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა.
წელს პირველად ტარდება გაერთიანებული მრავალეროვნული საჰაერო-სადესანტო ოპერაცია, რომელშიც საქართველო, ბრიტანეთი და პოლონეთი მონაწილეობენ.
ასევე პირველად, საგანგები დანიშნულების ძალები საქართველოდან, შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან, გაერთიანებულ ოპერაციებს ჩაატარებენ.
წვრთნებში ასევე მონაწილეობენ, გერმანია, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, თურქეთი, აზერბაიჯანი, ესპანეთი, უკრაინა, კანადა და იტალია.
Facebook Forum