შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდის ჩატარება „დიდი შეცდომა“ იქნება. საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რომ ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. სეულში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ სახელმწიფოდ არასდროს აღიარებს.
კერიმ განაცხადა, რომ პენტაგონი ცდილობს დაადგინოს აქვს თუ არა ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკურ რაკეტებზე ბირთვული ქობინების მოთავსების საშუალება. როგორც ცნობილია, მანამდე გაჟონილი სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ფხენიანს ასეთი შესაძლებლობა გააჩნია.