პარიზში სატირული გაზეთის - “შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ჯიჰადს პრესის თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შემლახველს უწოდებს.
პარიზში ბაზირებულმა ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სახელად “ჯიჰადი ჟურნალისტების წინააღმდეგ” თავს უყრის შეიარაღებული ისლამისტი დაჯგუფებების “ისლამური სახელმწიფოს”, ალ-ყაიდას, ბოკო ჰარამის და ალ-შაბაბის მიერ ჟურნალისტებზე ზეწოლის და მათი საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს.
ზუსტად 1 წლის წინ, ძმები შერიფ და საიდ კუაჩები პარიზში, “შარლი ებდოს” რედაქციაში შეიჭრნენ და გაზეთის 8 თანამშრომელი და კიდევ 4 ადამიანი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხიხსმგებლობა ალ-ყაიდას ერთ-ერთმა ფრთამ აიღო.
“როგორც “შარლი ებდოს” ტრაგედიამ გვაჩვენა, ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ, როცა ეს საფრთხეები გლობალურ ხასიათს ატარებს,” აცხადებს ორგანიზაციის - “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გენერალური მდივანი ქრისტოფ დელუარი.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: “შეუძლებელი იქნება ჟურსნალისტების ან სხვა ნებისმიერი ხალხის დაცვა, თუ მთავრობები სიძულვილის იდეოლოგიის წინააღმდეგ სათანადო ზომებს არ მიიღებენ. კაცობრიობის მომავლისთვის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.”
2015 წლის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებისას 69 ჟურნალისტი დაიღუპა. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად აქედან 28 შემთხვევაზე, ანუ 40 პროცენტზე, პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” ან ლ-ყაიდამ აიღეს. 2015 წელს ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანად სირია გამოცხადდა, დაღუპული ჟურნალისტების მიხედვით მეორე ადგილზეა პარიზი.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ყოველწლიურად გამოსცემს პრესის თავისუფლების ბარომეტრს, რომლის მიხედვითაც ამჟამად პატიმრობაში 159 ჟურნალისტი იმყოფება.
ორგანიზაციის ანგარიშში ასევე მოცემულია “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ჟურნალისტებისთვის შემუშავებული 11 წესი. ჩამონათვალში პირველი “სახალიფოსადმი ერთგულებაა”. ეს წესები ჟურნალისტებს ისლამური ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლ მედია საშუალებებში მუშაობას უკრძალავს. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ასევე აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა მასალების გამოქვეყნებამდე “ისლამური სახელმწიფოს” მედია ოფიცრებისგან თანხმობა უნდა მიიღონ.
ამ წესების დარღვევისთვის სასჯელი პატიმრობა, გატაცება ან სიკვდილით დასჯაა.
ოთხშაბათს “შარლი ებდო” ტრაგედიის წლისთავისთვის მიძღნილ სპეციალურ ნომერს ერთ მილიონიანი ტირაჟით გამოსცემს. გარეკანზე წვერიანი და შეიარაღებული ღმერთი იქნება გამოსახული, წარწერით “მკვლელი ჯერ ისევ თავისუფალია.”
ასეთი თამამი განცხადებების მიუხედავად, “შარლი ებდოს” ერთ-ერთი დირექტორი ამბობს, რომ ტერორისტებთან ომში თანამშრომლები თავს მარტო გრძნობენ.
“ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ სატირას სხვებიც მიმართავდნენ. არავის სურს ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს, რადგან ის სახიფათოა. შეიძლება ამის კეთებისთვის მოკვდე,” ამბობს ერიკ პორტო, გაზეთის ფინანსური დირექტორი.