ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პირველი დიპლომატი უკრაინის დახმარების პირობას დებს


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა კიევში ვიზიტისას იძულებული გახდა თავშესაფარში ჩასულიყო. იაპონიის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ნატოს მეშვეობით რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად მილიონობით დოლარს გადასცემს.

"რუსეთი აგრძელებს რაკეტებითა და დრონებით მუქარასა და თავდასხმებს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, ახალი წლის დღესაც. იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მშვიდობის დაბრუნება გახდეს შესაძლებელი", - განაცხადა კამიკავამ უკრაინის პირველ დიპლომატთან ერთად ბუნკერში გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ. ჟურნალისტებთან შეხვედრა მიწისქვეშა თავშესაფარში კიევში საჰაერო განგაშის სირენების ჩართვის შემდეგ გახდა საჭირო.

კიევში იაპონელი დიპლომატის ვიზიტის შესახებ მხოლოდ იმავე დღეს გამოცხადდა. მანამდე ცნობილი იყო, რომ ის პოლონეთს, ფინეთს, შვედეთს, ნიდერლანდებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადასა და გერმანიას ეწვეოდა.

კამიკავამ თქვა, რომ იაპონია ნატოს შესაბამისი ფონდებისთვის 37 მილიონ დოლარს გამოყოფს, რათა ის უკრაინამ დრონების დამფიქსირებელი სისტემების შესააძენად და დასახვეწად გამოიყენოს. მან ასევე განაცხადა, რომ ტოკიო დააფინანსებს გაზის 5 მობილური ტრიბუნის გენერატორისა და 7 ტრანსფორმატორის შეძენას. გასულ ზამთარს რუსეთი განსაკუთრებით უკრაინულ ენერგო-ინფრასტრუქტურას უტევდა. ენერგიის გათიშვა გამოიწვია 2 იანვრის მასშტაბურმა იერიშებმაც. ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში მოსკოვმა ასობით რაკეტა და დრონი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ, კიევსა და ხარკივში 5 სამოქალაქო პირი მოკლეს, 135-ზე მეტი კი - დაიჭრა.

კამიკავა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა, როომელმაც დიპლომატს ახალი წლის დღეს მომხდარი მიწისძვრის გამოც მიუსამძიმრა და პრემიერ ფუმიო კიშიდას "ურთიერთობების უფრო მაღალ რანგზე აყვანისთვის" მადლობა გადაუხადა.

იაპონიამ გასულ თვეში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს მიაწოდებს. ეს ომის მოწინააღმდეგე ქვეყანაში შეიარაღების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე არსებული რეგულაციების მნიშვნელოვანი გადახედვის შედეგია. მას კვლავ არ შეუძლია ომში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება, თუმცა ამერიკისთვის "პატრიოტების" გადაცემა ირიბი ნაბიჯია იმისთვის, რომ უკრაინამ ისინი ვაშინგტონისგან მიიღოს.

ტოკიო ასევე მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის ძალისხმევის დასაფინანსებლად. 19 თებერვალს იაპონია-უკრაინის საჯარო-კერძო სექტორის პარტნიორობის კონფერენციაც გაიმართება.

XS
SM
MD
LG