გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინელების განაცხადს იხილავენ, სადაც პალესტინის ადმინისტრაცია გაეროს წევრობას ითხოვს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა შეეცადა გაერკვია, თუ რა დამოკიდებულებები არსებობს ამ საკითხის მიმართ.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პალესტინელებს სხვა არჩევანი არ ქონდათ. კარნე როსი გაეროში ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატია. ამჟამად ის ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მუშაობს.
„პალესტინელები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არსებითი სამშვიდობო პროცესი არ მიმდინარეობს. ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ გადაედგათ ეს ნაბიჯი. ისინი ამბობენ, რომ ისრაელს მუდმივად სთხოვდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რათა განეხილათ ორი სახელმწიფოს შექმნის წინადადება 1967 წლის დროინდელ საზღვრებში, ასევე იერუსალიმის საკითხი. ისინი ამბობენ, რომ ისრაელი ამ საკითხებზე მოლაპარაკებას უარყოფდა,“ - აღნიშნავს როსი.
მისი თქმით, ამ საკითხზე ისრაელს და შეერთებულ შტატებს განსხვავებული ხედვა გააჩნიათ და მათი აზრით, პალესტინელთა განაცხადი გაეროს წევრობის შესახებ სამშვიდობო პროცესს აზიანებს და მხარეებს შორის ნდობას ამცირებს.
ჯონ ბოლტონი გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩია.
„მე არ ვფიქრობ, რომ პალესტინელთა ქმედება გაეროში გრძელვადიან პერსპექტივაში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, ხანგრძლივ მშვიდობაზე შეთანხმების წინაპირობა მათ შორის მოლაპარაკებების პროცესის შედეგად უნდა შეიქმნას. არავინ ფიქრობს, რომ ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები მარტივი იქნება. მაგრამ ეს სირთულე მცდელობით უნდა გამარტივდეს,“ - ამბობს ბოლტონი.
ანალიტიკოსების თქმით, მთავარი დაბრკოლების ახალი პალესტინური სახელმწიფოს გეოგრაფიული საზღვრები, იერუსალიმის სტატუსი, ებრაული დასახლებების შექმნა და პალესტინელი დევნილების პრობლემა წარმოადგენს.
ფავაზ გერგესი, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსია.
„ებრაული დასახლებების შექმნა გრძელდება. სწორედ ეს აშფოთებთ პალესტინელებს, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, შესაძლოა უკვე აღარ იყოს დარჩენილი ის ტერიტორიები მათთვის, რომელზეც ისინი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას გეგმავენ,“ - აცხადებს გერგესი.
უშიშროების საბჭოში პალესტინელთა განაცხადის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა რამდენიმე კვირა, ან რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. მანამდე „საერთაშორისო ოთხეული,“ რომელშიც შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი და რუსეთი შედიან, ცდილობს ისეთი გარემოს შექმნას, რაც ისრაელს და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების დაწყებას შეუწყობს ხელს.
ხალიდ ელგინდი პალესტინის მთავრობის ყოფილი მრჩეველია ისრაელთან მოლაპარაკების სფეროში. მისი თქმით, სამშვიდობო პროცესის დაწყებამდე მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ახალი ვითარება, რომელიც პალესტინაშია შექმნილი. კერძოდ, უთანხმოება იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორს შორის. როგორც ცნობილია, დასავლეთ სანაპიროს მაჰმუდ აბასის ადმინისტრაცია აკონტროლებს, ხოლო ღაზას სექტორს კი ჰამასი, რომელსაც შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. მისი თქმით, თუკი მოლაპარაკება დაიწყება, ამ რეალობის გათვალისწინების გარეშე ის წარმატებული ვერ იქნება.